2023 წლის 11 თებერვალს, არლის სამრევლოს წევრებმა, ვიკარ მამა ბექა ჩილინგარაშვილთან და ვალის სამრევლოს წინამძღვარ მამა მიხეილ სურმავასთან ერთად, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე მოინახულეს.
...ბავშვობაში, ჩემს ოჯახში ხშირად მესმოდა ამბავი, ჩემი არცთუ შორეული წინაპრისა, რომელიც სტამბოლში სასწავლებლად გააგზავნეს, უკან კი ვერ დაბრუნდა. ეს კაცი ჩემი დიდი პაპის ძმა იყო – სიმონ ფეიქრიშვილი. ამბავი, რომელსაც ოჯახში ჰყვებიან, ვფიქრობ, ბევრი დაუზუსტებელი ფაქტებითაა სავსე, თუმცა ეს მის საბოლოო სახეს არ ცვლის.
მოკლედ, სიმონი 6 და–ძმიდან ყველაზე უმცროსი იყო. მამამისს უნდოდა ნასწავლი გამოსულიყო, ამიტომ სტამბოლში, ქართველ კათოლიკეთა სავანეში გააგზავნა. მაშინ 12 წლის იყო. სავანეში სწავლობდა, თუმცა სტამბოლიდან საფრანგეთის გზას დაადგა. ერთი ვერსიით, ის საფრანგეთში სხვა მოსწავლეებთან ან სემინარიელებთან ერთად წავიდა, მეორე ვერსიით კი, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველ მთავრობას (ნოე ჟორდანიას მეთაურობით) სტამბოლიდან საფრანგეთში გაჰყვა... შესაძლოა, იყოს სხვა ვერსიებიც, რადგან იმდროინდელი ამბები ხომ ხშირად იყო დაუზუსტებელი ან ვინმეს წარმოსახვებით გაჯერებული... როგორც უნდა იყოს, სიმონი მღვდელი არ გამხდარა, წლების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნების სურვილმა სძლია. ძმებს სთხოვა ქვეყანაში შემოსვლისთვის ბოლშევიკური მთავრობისგან მისთვის საშვი აეღოთ. ამ საქმის მოსაგვარებლად ჩემი დიდი პაპა, სიმონის ძმა თომა წავიდა... ჰყვებიან, რომ მაშინდელმა მთავრობამ თომას საშვი არ მისცა: „შენი ძმა 12 წლის იყო სტამბოლში რომ წავიდა, ახლა დიდი კაცი იქნება, შენ მას სახეზე ვერ იცნობ და ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ქვეყანაში მის ნაცვლად ნოე ჟორდანია არ შემოვაო? ახლა წადი, მაგ საქმეს თავი დაანებე და შენს ცხრა შვილს მიხედეო“... ბოლშევიკურ „უფროსობასთან“ თომა ვერაფერს გახდა. სიმონი კი, ოდესმე საქართველოში დაბრუნების იმედით, საფრანგეთში დარჩა... ალბათ, ამ ამბავმა განაპირობა ის, რომ ბევრი წლის შემდეგ მომინდა უფრო მეტი მცოდნოდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სასწავლებელზე.
აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც აბატმა პეტრე ხარისჭირაშვილმა დიდი შრომისა და მონდომების ფასად სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა სავანე გამართა, ჩემი და მეზობელი სოფლების თითქმის ყველა ოჯახიდან ერთ შვილს მაინც აგზავნიდნენ იქ სასწავლებლად... ვარდიძე, ტატალაშვილი, ბათმანაშვილი, ადგულაძე, ჩილინგარაშვილი და კიდევ ბევრი – ჩემი სოფლის კათოლიკე მღვდლები არიან და ჩვენთვის დღემდე ეს ფაქტი ძალიან საამაყოა.
სწორედ ასე იქცა სტამბოლში კათოლიკე ეკლესია ჩემი, ჩემი მეგობრის, მეზობლის, ახლობლის, წინაპრების მყუდრო სავანედ. მიდიოდნენ, სწავლობდნენ, მღვდლები ხდებოდნენ, მერე კი მალულად, მაგრამ მაინც ეხმარებოდნენ საქართველოში დარჩენილებს.. ეს დახმარება ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება იყო, ეს დახმარება კათოლიკე ეკლესიის ფეხზე დგომის სურვილი და სიბნელიდან სინათლის გზებით სიარული იყო... ასე გავიცანი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე და მას შემდეგ ოცნებად მქონდა მისი ნახვა. მაინტერესებდა როგორი იყო ადგილი, სადაც ყველა დროის ყველაზე განათლებული, პატრიოტი, მორწმუნე, შრომისმოყვარე და სამშობლოს სიყვარულისთვის დევნილი ადამიანები იზრდებოდნენ. როგორი იყო ადგილი, სადაც ადამიანები მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდნენ, წერდნენ, კითხულობდნენ, იკვლევდნენ, ბეჭდავდნენ და თავიანთ ქვეყანას იცავდნენ. როგორი იყო ადგილი, სადაც კათოლიკე მღვდლები მუსლიმ თანამემამულეებს ეპატიჟებოდნენ საკუთარ სასწავლებელში, მათთვის საღამოებს მართავდნენ და ტოლერანტობის ყველაზე დიდ მაგალითს აჩვენებდნენ.
... როგორც კი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის ნახვის შესაძლებლობა გამოჩნდა, მივხვდი, რომ უბრალოდ არ შემეძლო უარის თქმა. რამდენიმეხნიანი მზადების შემდეგ, ათ ადამიანთან ერთად სტამბოლში წავედი... მე თავში სულ სიმონის ამბავი მიტრიალებდა, ჩემს მეგობრებს თავიანთი წინაპრებისა... მიუხედავად ამისა, მაინც ზუსტად ვიცოდით, რომ მათ შესახებ ამ ვიზიტით ვერაფერს გავიგებდით. იმითაც კმაყოფილები ვიყავით, რომ წასვლას ვაპირებდით იმ ადგილზე, სადაც ჩვენს წარმოდგენებში შავ ანაფორაში ჩაცმული პირველი მოძღვარი პეტრე ხარისჭირაშვილი დააბიჯებდა, სადაც შალვა ვარდიძე, მიხეილ თამარაშვილი, ივანე გვარამაძე, პიო ბალიძე, შიო ბათმანაშვილი და ბევრი, ბევრი მოძღვარი აღავლენდა წირვას, ცხოვრობდა, მუშაობდა და ნამდვილ საგანძურს ქმნიდა, არა მხოლოდ კათოლიკეების, არამედ მთელი საქართველოსთვის...
სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში არსებული ტაძარი ლურდის ღვთისმშობლის სახელობისაა. 11 თებერვალს კი მისი დღესასწაულია. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ტაძარში, ჩვენი წინაპრებისთვის ლოცვა და დღესასწაულის საკადრისად აღნიშვნა იყო. ეზოს ნაცრისფერი ჭიშკარი გავაღეთ და კიბის რამდენიმე საფეხური ჩავიარეთ... მგონია, რომ ყველას ერთდროულად დაგვიარა ტანში ჟრუანტელმა... სასიამოვნომაც, საამაყომაც და სევდიანმაც... მწვანე ეზოს ნაწილი გავიარეთ და ტაძრის კარს მივადექით. მინდოდა თვალები დამეხუჭა და შავანაფორიანები დამენახა, ან რომელიმე მათგანის აჩქარებული ნაბიჯის ხმა გამეგო იატაკზე...
მიუხედავად წლებისა, თითქოს მაინც იყო შემორჩენილი რაღაც, რაც მათ იქ არსებობას მაგრძნობინებდა... ყავისფერი ხის კარები, საკურთხეველთან ნაცრისფერი მოაჯირი, მოჩუქურთმებული ზარი და რა თქმა უნდა, ლურდის ღვთისმშობელი, რომელიც ახლაც ისევე მიყურებდა კლდოვანი გამოქვაბულიდან, როგორც 1900–იან ფოტოებში მქონდა ნანახი. დიდხანს ვიარეთ ტაძარში... რამდენჯერმე გამოვაღე უფუნქციოდ დარჩენილი ვიწრო სააღმსარებლოს მუქი ყავისფერი კარი; თვალი შევავლე 1892 წელს შეკერილ დროშას ღვთისმშობლის გამოსახულებით; მეორე სართულიდან გადმოვხედე ტაძარს და რაღაც მეუცნაურა – საკურთხეველთან ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ხატი... არადა ძველ ფოტოებში აქ წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებლის ხატი მახსოვდა, ქართული წარწერით: „წმინდაო ნინო, ივერიის მოციქულო, ევედრე ჩვენთვის!“ ... ცოტა გული დამწყდა, ამ სავანეში ადამიანები წლების მანძილზე ცდილობდნენ ეროვნული სული, ქართული ენა არ დაეკარგათ, არც თავად და არც სტამბოლში მცხოვრებ ქართველ მუსლიმებს...
პირველი ემოციების შემდეგ, „სავარდი“ დავიწყეთ. აი, ისე, როგორც ჩვენი ბაბოები ლოცულობდნენ საქართველოში. ლურდის ღვთისმშობლის წინ, ბევრი თხოვნითა და ბევრი „გიხაროდენით“...
შემდეგ კი, ამ ტაძრის მოძღვრების ნამდვილმა შთამომავალმა, ქართველმა კათოლიკე მღვდელმა სადღესასწაულო წირვა დაიწყო. ქადაგებისას პეტრე ხარისჭირაშვილზე ილაპარაკა, მომეჩვენა, რომ იმდენად ბედნიერი იყო, ცრემლებამდე შეეძლო მისი ამბების მოყოლა... წირვაზე ზაზაძეების ოჯახის წევრები შემოგვიერთდნენ: სიმონ ზაზაძის მეუღლე და შვილი, ნატალია ზაზაძე, რომლებმაც ლიტურგიის შემდეგ სავანის ბიბლიოთეკა გაგვიღეს და ნახვის უფლება მოგვცეს...
უამრავი წიგნი, ბევრ ენაზე და ბევრი ჟანრის... სასწავლო, მხატვრული, სამეცნიერო, სამართლებრივი... არ ვიცოდით რა უნდა გვენახა, რას დავკვირვებოდით... და უფრო მეტად მაშინ დავიბენით, როცა საცავში შესვლის უფლებაც მოგვცეს და ის მასალა გვანახეს, ჯერ კიდევ ყუთებიდან რომ ელოდება დღის სინათლეს... ამ ამბავმა ისე გაგვახარა, თაროებს შორის გაფართოებული თვალებით დავდიოდით...
– აქ სურათებია!
– წერილები ვნახე!
– აქ ხელნაწერებია!
ვათვალიერებდით ჩვენთვის ძვირფას მასალებს და მინდოდა ყველაფერი ერთდროულად დამემახსოვრებინა. მინდოდა ყველა ფურცელი ამეღო და წამეკითხა, მინდოდა ყველა ყუთი გამეხსნა და იქამდე მექექა, სანამ ყველაფერს თავში არ შევინახავდი, მაგრამ შეუძლებელი იყო...
– სიამოვნებით წამოვიდოდი მოხალისედ, თუნდაც დასალაგებლად! – ვთქვი მთელი გულწრფელობით...
– მე, დღესვე დავრჩებოდი, ოღონდ ნება დამრთონ, – მომესმა გვერდიდან ხმა.
... და მართლაც, თუ საჭირო ვიქნებოდით, აქ ჩვენ ყველა ფურცლის ნაგლეჯს გავუფრთხილდებოდით, იმიტომ, რომ უმცირესი დეტალიც კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო... თუმცა ის, ვინც აქ მუშაობდა, აშკარად იცოდა თავის საქმე და ალბათ არანაკლებ და უფრო პროფესიონალურად უფრთხილდებოდა ყველა დეტალს.
...სავანეს ყავისფრადშეღებილმა ხის კარმა კიდევ ერთხელ მიგვიღო და ამჯერად მონასტერი დაგვათვალიერებინა... საუკუნეზე მეტია ამ მონასტერში არავის უცხოვრია...
დრომ ადამიანები წაგვართვა, თუმცა მონასტრის ოთახებში, ხის თაროებს ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი ამ ადამიანების ხელნაწერები... ვინ იცის, რომელმა მათგანმა დაწერა... ვინ იცის, ვინ იწვა ამ ძველ რკინის საწოლზე, ვინ იცის, ვისი იყო ეს ძველი დივანი, ვინ რეკავდა დერეფანში ჩამოკიდებულ, უკვე ჟანგმორეულს ზარს...
ნაცრისფერ, ცარიელ, ცივ დერეფანში დავაბიჯებდი და ვფიქრობდი: იქნებ გვიყურებთ ზეციდან? ნეტა, თქვენ რას ფიქრობთ ახლა? როგორი შთამომავლები ვართ ჩვენ, როგორი კათოლიკეები? ჰო, ალბათ ბევრად ნაკლები ვიცით, ბევრად ნაკლებს ვშრომობთ, არ ვიკვლევთ, განათლებითაც ვერ დავიკვეხნით, გამბედაობაც აღარ შეგვრჩა, მარტო თქვენს „გმირობებზე“ ვსაუბრობთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გეძებთ, გვეამაყებით და მჯერა, რომ გვემახსოვრებით, იქამდე, სანამ ერთი ქართველი კათოლიკე მაინც იარსებებს...
თაკო ფეიქრიშვილი
Commentaires