ვატიკანის ბაზილიკაში პაპი ფრანცისკე, 40 კარდინალის, 25 ეპისკოპოსისა და 200 მღვდლის თანამონაწილეობით სააღდგომო სერობის ღვთისმსახურებას წარუძღვა. საზეიმო ლიტურგიაზე რომის ეპისკოპოსმა მონათლა და მირონცხების საიდუმლო აღავლინა 8 ზრდასრული კატექუმენისთვის იტალიიდან, ალბანეთიდან, ნიგერიიდან, აშშ-დან და ვენესუელიდან.
წმინდა მამამ ქადაგებაში ისაუბრა საზეიმო ღვთისმსახურების სახარებაზე (მათე. 28.1-10). „პირველი დღის განთიადზე მწუხარე ქალები გაემართებიან იესოს სამარხისაკენ. მათი გულები დანაღვლიანებულია საყვარელი მასწავლებლის სიკვდილის გამო. როდესაც მათ იხილეს ცარიელი სამარხი, მათ გულებში გაჩნდა “პასექი”, რაც ნიშნავს “გადასვლას”. ისინი სიხარულით გაეშურნენ სახლისკენ და მოწაფეებს აუწყეს მომხდარი, რომ იესო აღდგა და დანიშნულების ახალი ადგილია “გალილეა”. იქ აქვთ დანიშნული შეხვედრის ადგილი აღმდგართან. მოწაფეების ხელახალი დაბადება, მათი გულების აღდგომა გალილეაზე გადის“,– თქვა პაპმა.
„სახარებაში ნათქვამია, რომ ქალები “მივიდნენ” სამარხის სანახავად (მათ.28.1.); მათ იფიქრეს, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა. ხანდახან, ჩვენც გვეჩვენება, რომ იესოსთან შეხვედრა შორეული მომავლის პერსპექტივაშია, ახლანდელ დროში კი სასოწარკვეთილების, დარდის, უნდობლობისა და მკვდარი იმედის დაბეჭდილი სამარხია. თუ შეგვიპყრობს ტკივილი, გვძლევს წუხილი და დაღლილობა, გვამცირებს ცოდვა და უსამართლობა, გვაბრაზებს წარუმატებლობა ანდა გვაწვალებს მოუსვენრობა, მაშინ შევიგრძნობთ დაღლილობის მწარე გემოს და ვხედავთ, თუ როგორ ქრება გულში იმედი. ხანდახან, ბოროტი ძალების, კონფლიქტების, განხეთქილებების, ანგარიშსწორების ლოგიკისა და საზოგადოებაში გულგრილობის წინაშე უძლურებასა და იმედგაცრუებას ვგრძნობთ; უძლურად და იმედგაცრუებულად ვგრძნობთ თავს კორუფციისა და ომის ყინულოვანი ქარების წინაშე. ახლობლების სიკვდილი იოლად გვაგდებს სასოწარკვეთაში; როცა ჩვენში შრება იმედის წყარო და ჩვენი გზა სრულდება საფლავების წინ, მაშინ, ჩვენ გახევებულები და დაუძლურებულები ვსვამთ უპასუხო კითხვებს და ვტირით.
თუმცა აღდგომის ცისკარზე ქალები სხვანაირად იქცევიან: “ისინი სწრაფად გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და დიდი სიხარულით,გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის”. (მათ.28.8) “ქრისტე აღდგა!” ანგელოზის უწყება სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებასა და ისტორიას (მათ.28.6). იესო ეძახის მოწაფეებს გალილეაში, რათა იქ შეხვდნენ მას (მათ.28.7). “გალილეაში წასვლა” - უპირველეს ყოვლისა ნიშნავს გახვიდე, ზემო თვალიდან და გაეშურო მხარეში, სადაც წარმართები სახლობენ (მათე.4. 15). ეს ნიშნავს, რომ უშიშრად გამოხვიდე სამალავიდან და წახვიდე მისიაზე, წახვიდე მომავალთან შესახვედრად. მეორეს მხრივ კი,ეს ნიშნავს, რომ დაუბრუნდე პირველწყაროს, რადგან, ყველაფერი ხომ გალილეაში დაიწყო; უფალი იქ შეხვდა პირველად მოწაფეებს და მოუხმო თავისკენ. ამიტომაც “გალილეაში წასვლა” - ნიშნავს, დაუბრუნდე მადლის სათავეს, ხელახლა აღმოაჩინო მომავლის ხსოვნა, რომელიც წარმოშობს იმედს.
უფლის აღდგომა მოგვიწოდებს ვიაროთ წინ, უკუვაგდოთ მარცხის ლოდი, რომლის ქვეშაც ხშირად ვმალავთ იმედს. ქრისტე აღდგა და შეცვალა ისტორიის მიმართულება. სწორედ, ამიტომ უნდა განვიცადოთ ხელახლა მომენტი უფალთან პირველი შეხვედრისა, როცა განვიცადეთ მისი სიყვარული და ვიგრძენით ნათელი შეხედულება საკუთარ თავზე, რეალობაზე, ცხოვრების საიდუმლოზე. იმედისათვის აუცილებელია ხსოვნის კვება. მხოლოდ ასე შევძლებთ დავიბრუნოთ პირველი სიყვარული, ცოცხალ და ნამდვილ იესოსთან შეხვედრის განცვიფრება და სიხარული; მხოლოდ ამის წყალობით შევძლებთ წინსვლას“- აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.
„აუცილებელია გავიხსენოთ და გამოვაცოცხლოთ ჩვენში “საკუთარი გალილეა”, აღვადგინოთ მისი კონტექსტი, დრო და ადგილი, ხელახლა განვიცადოთ ემოციები და შეგრძნებები, გავიხსენოთ სურნელიდა ფერები. აუცილებელია გავიხსენოთ სულიწმინდის შთაგონებით აგიზგიზებული ლოცვების განსაკუთრებული და ნათელი მომენტები, გავიხსენოთ მომლოცველობა, მიტევება აღსარების საიდუმლოს შემდეგ... ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს წარსულში გულზე მტვერ დადებული და სევდიან ქვად, რომელიც ფარავს იმედს. დღეს, აღმდგარი ქრისტე გვიხმობს დავბრუნდეთ გალილეაში, რათა აღვასრულოთ პასექი და გადავაგოროთ იმედგაცრუებისა და უნდობლობის ლოდი. უფალი, რომელმაც უწყის ცოდვისა და შიშის საფლავის ქვების გადაგორება, სურს გაანათლოს ჩვენი წმინდა ხსოვნა, ჩვენი ყველაზე ლამაზი მოგონებები, რათა გააცოცხლოს ჩვენი პირველი შეხვედრა მასთან.
დაე, ყველა დაუბრუნდეს საკუთარ გალილეას, სადაც პირველად შევხვდით უფალს და აღვდგეთ ახალი ცხოვრებისათვის“, - თქვა ქადაგების დასასრულს წმინდა მამამ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments