top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო პაპის გარდაცვალებაზე



საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას წერილით ეხმაურება:


"ძვირფასო ძმებო და დებო, გუშინ, აღდგომის დღესასწაულზე ვუყურებდი წმიდა მამას, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა წმ. პეტრეს მოედანზე, რომში, და მოვისმინე მოკლე მისალმება მიმართული იქ მყოფი ხალხისა და მსოფლიოსადმი: გილოცავთ აღდგომას! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი სიტყვები ჩვენდამი! დიახ, უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მან ყველას უთხრა, იყო: გილოცავთ აღდგომას! მან დაგვიტოვა არსებითი, გვისურვა შეგვეღწია სიხარულისა და დღესასწაულის საიდუმლოში, გვისურვა გვქონოდა უნარი შევცვლილიყავით, გადავსულიყავით სიბნელიდან სინათლეში, სიკვდილიდან სიცოცხლეში!


ჩვენ აღდგომის დღესასწაულიდან ნათელ, ბრწყინვალე კვირაში გადავედით. მან კი დილით შეაბიჯა ბრწყინვალე და ნათელ მარადისობაში, დღეში, რომელსაც აღარ აქვს დასასრული, მიღებული ღვთის სიყვარულით.


არ დაგიმალავთ, როგორც კი შევიტყვე, ცრემლი ვერ შევიკავე...


და ჩემს ფიქრებში ამოტივტივდა მისი ვიზიტი ჩვენს ეკლესიაში და ქართველ ხალხთან 2016 წელს, სიტყვები - "ძვირფასო და პატარა სამწყსო", წმიდა წირვის დროს რომ გვითხრა სტადიონზე, ის ოჯახური გარემო, რომელიც აქ კათედრალში ყველა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად განვიცადეთ, პატრიარქ ილია მეორესთან ძმური ამბორი...


და აქ შევჩერდები... დანარჩენს თქვენს მოგონებებს ვუტოვებ.


მე ხშირად ვფიქრობდი პაპ ფრანცისკეზე, როგორც ღვთის მიერ მოვლენილზე, რათა დახმარებოდა მთელ კათოლიკე ეკლესიას გაეხედა შორს, მიღმა. მიღმა ყურება ყოველთვის რთულია, ჩვეულებრივ, ხალხი ირჩევს უფრო ადვილ, უფრო ზედაპირულ გზას, რომელიც არის უსაფრთხოდ სიარული, თავდაცვაზე ფიქრი, დაკონსერვება, უკვე მიღებული და ტრადიციად ქცეული არჩევანის გამეორება. შორს ყურება მოითხოვს სიმამაცეს, რისკს, ღვთის სიახლის დანახვას. მიღმა წასვლა ნიშნავს სულს მისცე მუშაობის საშუალება და შეხვიდე წინასწარმეტყველების ქარიზმაში (იხილეთ მისი ენციკლიკები).


პაპი ფრანცისკე ბევრ კრიტიკას იღებდა იმათგან, ვისაც უჭირს უფრო შორს გახედვა და წასვლა. კრიტიკა მისი ქცევის გამო, სიღარიბის არჩევანის გამო, მისი რეფორმების გამო, მისი მარტივი და პირდაპირი ენის გამო და მისი იმპროვიზაციების გამო, რომლებიც გულწრფელობის ნიშანია, მისი სურვილის გამო, რომ მშვიდობა ყოველთვის პირველ ადგილზე ყოფილიყო. მისი ზოგიერთი ჟესტი თუ განცხადება პროვოკაციული გახდა, მაგრამ ყველაფერი სახარებისადმი ერთგულებით იყო ნაკარნახევი. და ასე შევიდა ის უამრავი ადამიანის გულში, განსაკუთრებით დავიწყებული ადამიანების, რომლებსაც საზოგადოება უკეთურებად მიიჩნევს, უარყოფილების, რომლებიც მის ბავშვურ ღიმილში ხედავდნენ მიმზიდველ უმანკოებას, ძალას, რომელსაც დაცვა შეუძლია, მოწყალე ღმერთის, მამის მოწმობას. ის შეიყვარეს კათოლიკეებმა და არაკათოლიკეებმა, ქრისტიანებმა და არაქრისტიანებმა! ვიღაცამ დაწერა: პაპი ფრანცისკეს შემდეგ ეკლესია აღარ იქნება იგივე. ალბათ მართალია!


ერთმა ახალგაზრდა ლუთერელმა მწყემსმა დღეს მომწერა: მთელი გულით თქვენთან ვარ მწუხარებაში. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ის იხილავს იმას, რაც სწამდა!


ძვირფასო პაპო ფრანცისკე, გმადლობთ ყველაფრისთვის. მადლობა იმისთვის, რომ გააღე მრავალი კარი, თუმცა იმდენად სათუთი იყავი, რომ დაგვანახე სიახლეები მათი თავზე მოხვევის გარეშე... შენ დათესე ბევრი და სიმამაცით და იყავი თავმდაბალი ეპისკოპოსი, რომელიც გახდა იმ ხსნის ისტორიის მსახური, რომელსაც ღმერთი კვლავაც განაგრძობს.


ძვირფასო ძმებო და დებო, ილოცეთ ახლა მისი სულისთვის, სიყვარულით მიაცილეთ იგი მოწყალე უფლის წინაშე. ყოველმა მღვდელმა, გაიხსენოს იგი ყოველდღიური წმ. წირვის აღსრულებისას, სანამ გაცნობებთ წმ. წირვისა და ოფიციალური ხსენების თარიღს აქ კათედრალში.


თბილისი, 2025 წლის 21 აპრილი


+ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი

Comentarios


bottom of page