top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ერთადერთი კათოლიკე მღვდელი, რომელსაც საქართველოში საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარს, მამა გაბრიელე ბრაგანტინის 2023 წლის მაისში ქუთაისის თვითმმართველობამ საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქის წოდება მიანიჭა. რას ნიშნავს ეს წოდება მისთვის და როგორ იხსენებს ქუთაისთან ურთიერთობის წლებს მამა გაბრიელე ბრაგანტინი, წაიკითხეთ სტატიაში.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს წინამძღვარი 1995 წელს გახდა. მაშინ საქართველოში სულ ოთხი თვის ჩამოსული იყო და ბევრი რამ ეუცნაურებოდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ცდილობდა აქაურ რეალობას მორგებოდა და ბევრი შემოთავაზებების მიუხედავადაც, აქაურობა სხვა ადგილზე არასდროს გაუცვლია.


ალბათ ამის გამოა, რომ მისი სიყვარული ქუთაისის მიმართ და თავდაუზოგავი შრომა, თანამედროვე საზოგადოებაში კათოლიკე ეკლესიის თავის დამკვიდრებისთვის, ქუთაისის თვითმმართველობამ დააფასა და საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა. თავად მღვდელმსახური ამბობს, რომ ყველაფერი, რაც აქამდე უკეთებია, მხოლოდ მისი დამსახურება არ არის და ყოველთვის აძლიერებდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იდგნენ.


“თუ რამეა დასაფასებელი ის მხოლოდ მე არ გამიკეთებია, ჩვენ [მრევლთან] ერთად გავაკეთეთ. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა: ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები ჩემს გვერდით იყვნენ და მე მათ გვერდით ვიყავი... და ასე ვიქნებით მომავალშიც... თუ სხვადასხვა მიმართულებითა და საშუალებით ბევრი რამ გავაკეთეთ, ეს იმიტომ, რომ ხალხი იყო ერთად და ეს ასეა აქ ქუთაისში, ზოგადად საქართველოში, იტალიაში, ამერიკაში... ეს არის კათოლიკე ეკლესიის მიზანიც, ვინაიდან „კათოლიკე“ ნიშნავს საყოველთაოს, ურთიერთობას, ძმობას, ეს არის ჩემი აზრით ერთ–ერთი მიზეზი ამ სტატუსისა. თუ აღიარებულია ჩემი საპატიო მოქალაქეობა, სინამდვილეში ეს ჩემთვის არის პატივისცემის გამოხატვა კათოლიკე ეკლესიის მიმართ, ანუ მრევლის მიმართ, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ ლიტურგიასა და ლოცვისათვის იკრიბებოდა, არამედ საქმისთვისაც“, – განმარტა მამა გაბრიელემ Catholic.ge-სთან ინტერვიუში.


მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში იყო გარკვეული პრობლემებიც, თუმცა მცირე ექსცესები არ არღვევდა საერთო სურათს, რომ კათოლიკე საზოგადოება იყო აქტიური და პატივცემული ქუთაისში – „შეიძლება ამისი განმაპირობებელი იყოს ზოგადი ურთიერთობები. ჩვენ, როგორც ერთი ეკლესია ქუთაისში, აქტიურები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ, მაინც ყოველთვის მაქსიმალურად ვაკეთებდით და ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. მაგალითად, ვეძებდით ურთიერთობის გზებს; მხოლოდ გარედან არ ვუყურებდით არსებულ სოციალურ თუ სხვადასხვა სახის პრობლემებს; ვერთვებოდით ქალაქის ცხოვრებაში; ვცდილობდით, რომ სამართლიანად, სწორი გზით მოგვეგვარებინა, როცა რაიმე პრობლემა ჩნდებოდა; მივმართავდით უწყებებს, ვამოწმებდით, ვცდილობდით გაგვეგო რა ხდებოდა. როდესაც რაიმე ღონისძიება იყო ან რაიმე შეხვედრა ტარდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით... ასე, ნელ–ნელა საზოგადოების ინტერესიც გაიზარდა ჩვენი საქმიანობის მიმართ“.


მღვდელმსახური იმ პერიოდს იხსენებს, როცა ქუთაისში ახალი ჩამოსული იყო და ქალაქში კათოლიკე მისიონერის, ქრისტეფორე კასტელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამბობს, რომ ახლადჩამოსული მღვდლები თეატრის დარბაზში დაპატიჟეს და მქუხარე ტაშიც დაახვედრეს.


„ყოველთვის კარგი მიღება გვქონდა ქუთაისში და არა მხოლოდ ჩვენი მრევლის მხრიდან... თანადგომა ყოველთვის იყო. რა თქმა უნდა, იყო პატარა პრობლემებიც, როგორც ნებისმიერ ოჯახში, თუმცა არ დამავიწყდება ღონისძიება, რომელიც 1995 წელს ჩატარდა ქუთაისის თეატრში. ეს იყო თეატრალური წარმოდგენა ერთ–ერთი თეატინელი მამის, ქრისტეფორე კასტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. (კასტელი იყო გორში, გურიაში, სამეგრელოში და ხანდახან ჩამოდიოდა ქუთაისში...) მახსოვს, რომ თეატრი სავსე იყო, ჩვენ არ გვესმოდა ქართული კარგად, მაგრამ გვეხმარებოდნენ. სავსე დარბაზში ბოლოს სცენაზე გვიხმეს და თქვეს, აქ არიან ახალი მისიონერები, რომლებიც აგრძელებენ იმ მისიონერების მოღვაწეობასო. იყო დიდი ტაში და თბილი მიღება, ყვავილები... ეს იყო დიდი მოულოდნელობა ჩვენთვის, არ ველოდით. შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, მაგალითად ტაძრის ირგვლივ, მაინც არასდროს მოსულა ჩვენთან ხალხი პროტესტის ნიშნად ან საკამათოდ, არ ყოფილა მიტინგები ან რამე მსგავსი... თუმცა ზოგჯერ, როცა შევდიოდით მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო პრობლემა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ აზიანებს საერთო სურათს“...


30 წლის შემდეგ, მამა გაბრიელე მიიჩნევს, რომ ქუთაისი არის ადგილი, სადაც მსახურება ნამდვილად უნდოდა. სწორედ ამის გამო, უარი თქვა არაერთ შემოთავაზებაზე ვატიკანიდან, იტალიიდან, საკუთარი კონგრეგაციიდან... მისივე თქმით, ქუთაისში ცხოვრება და აქაურებთან ურთიერთობა არ გასჭირვებია და აქაურობას ალღო მალევე აუღო. დასტურად კი კურიოზული ფაქტებიც ახსენდება:


„ქუთაისში სტაბილურად 1995 წლის თებერვლიდან ჩამოვედით. მანამდე დაახლოებით თვეში ერთხელ ან დღესასწაულებზე ჩამოვდიოდით, მაგალითად 8 დეკემბერს, ან 25 დეკემბერს, აგრეთვე ნათლისღების დღესასწაულზე. ერთ–ერთი ასეთი ჩამოსვლის დროს, დავიწყეთ ბინის ძებნა, რომ გვექირავებინა და თბილისიდან გადმოვსულიყავით. 1995 წელი იყო. ვნახეთ ბინა და წინასწარ გადავუხადეთ ფულიც – 100 დოლარი. დათქმულ დღეს ჩამოვედით „კარიტასის“ „კამაზით“, რადგანაც თბილისში ვიყიდეთ 100 ცალი სკამი და წამოვიღეთ ქუთაისში. როცა ჩვენს ნაქირავებ ბინაში მივედით, გაქირავებული დაგვხვდა, სხვა ცხოვრობდა და დავრჩით ღია ცის ქვეშ 100 კამით. ძალიან გაგვიკვირდა... საბედნიეროდ მრევლიდან გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც დაგვპატიჟა თავისთან სახლში... 3–4 დღის შემდეგ კი ახალი ბინა ვიქირავეთ, ბარათაშვილის ქუჩაზე და იქ იყო ჩვენი პირველი საცხოვრებელი“, – იხსენებს მამა გაბრიელე.


იტალიიდან ჩამოსული მისიონერს, განსხვავებულ გარემოსთან შეგუება მოუწია. ამბობს, რომ 1995 წელს, როცა ქუთაისში წირვების აღვლენა დაიწყო, მრევლი საკმაოდ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხარების კათოლიკური ტაძარი უკვე ჩამორთმეული იყო და ლიტურგიას ჩამსხვრეულმინიან დარბაზში ატარებდნენ, ხალხი მაინც მიდიოდა:

„მახსოვს 1994 წლის 25 დეკემბერი. თოვდა, საშინელი სიცივე იყო, ქუთაისის მეორე სკოლის დარბაზში ვატარებდით ლიტურგიას და შენობას მინები არ ჰქონდა. მაგრამ სავსე იყო ის დარბაზი, ალბათ 200 ადამიანი იქნებოდა. წირვა აღვავლინეთ და იტალიიდან ჩამოტანილი პატარა ყრმა იესო გავატარეთ მრევლში. მახსოვს, რომ ზოგიერთის სახეზე ცრემლები დავინახე, ტიროდნენ... მერე, როდესაც ბინა ვიქირავეთ, იქ დავიწყეთ წირვების აღვლენა კვირაობით, კატეხიზაციები, პირველი ზიარება, პირველი ნათლობა აღდგომის ღამეს აღვავლინეთ, მერე დავიწყეთ სიარული ახალშენში. ცოტა უფრო გვიან, 1995 წლის მარტში კი ბათუმში წავედით და გზაზე ალბათ 40–ჯერ გაგვაჩერეს... ეს ჩვენში ძალიან დიდ გაოცებას იწვევდა“.


კითხვაზე, რა არის თქვენთვის ქუთაისი ამბობს: „ქუთაისი ჩემთვის არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც რაღაცას ვაკეთებ... ადრე ვამბობდი, რომ იტალია პირველი სამშობლოა, ვერონა – პირველი ქალაქი და ახლა კი, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო პირველი სამშობლოა და ქუთაისი პირველი ქალაქი. დიახ, ასე ხდება, წლები ცვლის ბევრ რამეს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ... როდესაც აქ დავიწყე მსახურება, ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი მსახურების ადგილი და ჯერ–ჯერობით აქა ვარ!“...


თაკო ფეიქრიშვილი


Kommentarer


bottom of page