6 დეკემბერს, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ინიციატივით, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვარშვის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის კავკასიოლოგიური კვლვების მიმართულების ხელმძღვანელი დავით ყოლბაია ავრცელებს.
მისი თქმთ, მემორიალური დაფა განთავსებულია იმ შენობაზე (ul. Stefana Okrzei 22, ყოფილი ბრუკოვის ქუჩა), სადაც 1933-1942 წლებში არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ცხოვრობდა. დაფაზე დატანილია ქართულ და პოლონურ ენებზე შესრულებული წარწერა შემდეგი შინაარსით: „ამ სახლში 1933-1942 წლებში ცხოვრობდა წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (1899-1942), ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, მოწამეობრივად აღესრულა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 6.XII.1942, წმინდანად შერაცხული 19.IX.1995“.
გახსნის ცერემონიალზე მემორიალური დაფა აკურთხა მღვდელმა დოროთეოს სავიცკიმ. რომლის დროსაც მგალობელთა გუნდმა „კატაპეტასმა“ პოლონელი ბარიტონის ლუკაშ ჰაიდუჩენიას ხელმძღვანელობით შეასრულა ქართული საგალობლები.
საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ვარშავის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გრიგოლ ფერაძე ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად 1995 წელსშერაცხა .
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
გრიგოლ ფერაძე ეკუმენიზმის მომხრე იყო: „მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჯერ ჩვენს სემინარიაში ვსწავლობდი – თბილისში, მერე ჩვენმა პატრიარქმა გამომაგზავნა ბერლინში ევანგელისტებთან (ჰარნაკი, დაისმანი და სხვ.) თეოლოგიური განათლებისათვის, მერე გავიცანი კათოლიკური მსოფლმხედველობა ბოლანდისტებთან ბრიუსელში და ლიუვენში და ბოლოს ანგლიკანური ეკლესია ოქსფორდში და ინგლისის სხვა მხარეებში. ყველგან სიყვარული ვპოვე, – იეზუიტებთანაც. „შეიძლება იმიტომ, რომ ბოლანდისტები კარგი იეზუიტები არიან“, როგორც ამას ოქსფორდელი მამა ჰედერი ამბობს ხოლმე. არც ერთ მხარეს არ უცდია, ჩემს ეკლესიას ჩამოვშორებოდი. მე ყველგან პირველ რიგში ვცდილობდი მენახა და მესწავლა ის, რაც ჩემი ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა“, - წარმოსთვქვა მან ლოზანის კონფერენციაზე.
Comments