წმიდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წევრების პაპმა ფრანცისკემ „იმედის დიპლომატიისაკენ“ მოუწოდა, რომელიც სიმართლეზე, პატიებაზე, თავისუფლებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული.
2025 წლის 9 იანვარს, საიუბილეო წლის დასაწყისში, ტრადიციულად, ვატიკანში პაპი ფრანცისკე წმინდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა.
პაპის მიმართვა დიპლომატებისადმი, აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის მდივანმა, მღვდელმსახურმა ფილიპო ჩამპანელიმ წაიკითხა. ტექსტი შეეხო საიუბილეო წლის მნიშვნელობას კათოლიკე ეკლესიისათვის და რომ „იგი არის გამოწვევა, რათა ყველამ შეძლოს აღმოაჩინოს ის, რაც სინამდვილეში მნიშვნელოვანია“.
პაპმა მადლობა გადაუხადა იტალიის ხელისუფლებას, რომში დაწყებული სამზადისისთვის, რათა ღირსებულად მიიღონ მილიონობით მომლოცველი, რომლებიც 2025 წელს „მარადიულ ქალაქს“ მოილოცავენ.
„წლის დასაწყისშივე, ჩვენს დედამიწას ანადგურებს უამრავი შეიარაღებული კონფლიქტი, ტერორისტული აქტები, საზოგადოებრივი დაძაბულობა და ახლადშექმნილი ბარიერები, რომლებიც ადამიანებს შორის ურთიერთობებს ხლეჩენ“.
პაპმა ადამიანებს მოუწოდა მოიშორონ დაპირისპირების ლოგიკა და დაიწყონ შეხვედრები (დიალოგი), „რათა მომავალმა არ მოგვისწროს უიმედობაში დარჩენილებს, არამედ გვქონდეს წინსვლა იმედისაკენ. ვიყოთ მომავალი მსოფლიოს ერთგულად მაშენებლები, როგორც ცალკეული ინდივიდები, ასევე საზოგადოებებში“.
აუდიენციაზე, პაპმა ფრანცისკემ ასევე ისაუბრა საკუთარ ხედვაზე "იმედის დიპლომატიის“ შესახებ, რომელიც მისი თქმით, „ომის სქელ ღრუბლებს გაფანტავს მშვიდობის განახლებული ქარებით“.
„თითოეულ ადამიანს დაბადებიდანვე აქვს თანდაყოლილი სიმართლის ქმნის სურვილი და ასევე წყურვილი მოისმინოს კეთილი უწება, რომელიც პასუხობს ადამიანების მოთხოვნილებებს, რომ ვინმემ ტანჯვისაგან გვიხსნას.
ამავე დროს, ჩვენი სამყაროს პრაქტიკულად არც ერთი კუთხე არ დარჩენილა ხელუხლებელი ფართო კულტურული ტრანსფორმაციისგან, რასაც მოჰყვა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, რომელთა შესაბამისობა კომერციულ ინტერესებთან სულ უფრო აშკარა ხდება. სწორედ ეს წარმოშობს კონსუმერიზმში ფესვგადგმულ კულტურას.
ამის საპასუხოდ, „იმედის დიპლომატია“ უნდა გახდეს „სიმართლის დიპლომატია“, რომელიც დააკავშირებს რეალობას, სიმართლესა და ცოდნას, რათა ხალხმა რეალობაზე დაფუძნებული საერთო ენა გამონახოს“.
პაპმა აღნიშნა, რომ ენას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დიპლომატიურ ურთიერთობებში და წუხილი გამოხატა, როგორც ტერმინების მნიშვნელობის ცვლილებების გამო, ასევე ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების შინაარსის ცალმხრივად ინტერპრეტაციის მცდელობისთვის.
„ეს წარმოადგენს ჭეშმარიტი იდეოლოგიური კოლონიზაციის ფორმას, რომელიც ცდილობს, ყურადღებით შემუშავებული პროგრამის მიხედვით, აღმოფხვრას ხალხთა ტრადიციები, ისტორია და რელიგიური კავშირები“, - თქვა პაპმა და დაგმო აბორტის უფლების დაკანონების მცდელობები.
პაპმა სტუმრებს ასევე მოუწოდა “დიპლომატიური მიმტევებლობისკენ”, რომელსაც შეუძლია ურთიერთობების გამოსწორების, ნგრევის, სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ იპოვოს გზები და მსხვერპლზე იზრუნოს.
მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას წერტილი დაუსვან ომებს უკრაინასა და ღაზას სექტორში. ხაზი გაუსვა დიდ დანაკარგს, რომლებიც მშვიდობიან, უდანაშაულო მოსახლეობებს ამ კონფლიქტებმა მოუტანა.
„ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ომები იკვებება სულ უფრო დახვეწილი და უფრო დამანგრეველი იარაღის მუდმივი გავრცელებით, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ომი ყოველთვის მარცხია“.
პაპმა ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ხანგრძლივ კონფლიქტებზე მაინმარში, სუდანში, საჰალიზე, აფრიკის განაპირა მხარეში, მოზამბიკში და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონებში.
მან დაგმო ანტისემიტიზმის მზარდი გამოვლინებები და ქრისტიანთა დევნა.
„შეუძლებელია დაივანოს ნამდვილმა მშვიდობამ რელიგიური თავისუფლების გარეშე, რომელიც გულისხმობს ადამიანის სინდისის პატივისცემას და საკუთარი რწმენის/რელიგიური კუთვნილების საჯაროდ აღიარებას“.
პაპმა გამოთქვა იმედი სირიის მომავალზე და აღნიშნა, რომ თითოეული სირიელი, მათ შორის ქრისტიანები, უნდა მონაწილეობდნენ საკუთარი სამშობლოს საერთო სიკეთეებში.
პაპმა ფრანცისკემ დიპლომატებს ასევე მოუწოდა“თავისუფლების დიპლომატიისაკენ”, რომელიც დაასრულებს ისეთ ბოროტებას, როგორებიცაა ადამიანებით ვაჭრობა, ნარკომანია და სხვა, თანამედროვე მონობის ფორმები.
მან ქვეყნებს სთხოვა იზრუნონ ტრეფიკინგის მსხვერპლ ადამიანებზე, უკეთესი ცხოვრების ძიებისათვის იძულებით მიგრანტებზე, რათა აღმოფხვრან მოსახლეობის იძულებითი გადაადგილების ძირეული მიზეზები.
“იმედის დიპლომატია” ასევე არის "სამართლიანობის დიპლომატია", მშვიდობა სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია“.
პაპმა ხაზი გაუსვა საიუბილეო წლის მოწოდებას, სოციალური თუ საგადასახადო ვალების ჩამოწერის შესახებ.
„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, ყველა ერში. რადგან ის დღეს ვერ პოულობს გამართლებას იმ ინსტრუმენტებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ სამართლიანობის აღდგენა“, - თქვა წმიდა მამამ.
დასასრულს, პაპმა გაიხსენა კაცობრიობის „ვალი“ ჩვენი საერთო სახლის წინაშე, რომელზეც ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ფინანსური რესურსების გაზიარების ძალისხმევით, კლიმატის ცვლილების შედეგების შესამცირებლად.
იგი ასევე შეეხო ტიბეტში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, სადაც მსხვერპლი და ზარალი დიდია.
“დაე, აყვავდეს იმედი ყოველი ადამიანის გულში, რათა მშვიდობის დამყარების სურვილი განხორციელდეს”, – მიმართა პაპმა წმინდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატებს, საიუბილეო წლის დასაწყისში.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments