top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვის ეშინია გამჭვირვალობის?


გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაწყებული, სიტყვა გამჭვირვალობა მოულოდნელად გახდა ძალზე პოპულარული, შევიდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმეტესი ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკურ დებატებში, რათა აღენიშნა ,,სიცხადე“, ,,გახსნილობა“ და ,,მონაწილეობა“ სოციალური ცხოვრების დაგეგმვისა და მართვის პროცესში. ამიტომაც ყველა მთავრობა, რომელსაც სურდა ყოფილიყო დემოკრატიული და არა ოლიგარქიული, დაჟინებით მოითხოვდა გამჭვირვალობას; გამჭვირვალე მინის შენობები კი ლამის მის სიმბოლოდ იქცა.

 

გორბაჩოვმა, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდა 1985 წელს, სიტყვა „გლასნოსტი“, „პერესტროიკასთან“ ერთად, თავისი რეფორმული პროგრამის საფუძვლად აქცია, და მრავალ სიტყვას შორის, როგორიცაა: საქართველო, ევროპა, სამშობლო, ერთობა, არა რუსული კანონი...


ეს სიტყვა ისევ დომინირებს ამ კვირებში (ან გასულ კვირებში) თბილისში გამართულ დემონსტრაციებზე, გამოსვლებსა და დებატებში: არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, როგორც ჩანს, სჭირდება ახალი კანონი, რომელიც მომდინარეობს შორეული რეალობიდან და ეხება არასრულად გამჭვირვალე ქვეყნებს;


მოდით, დავფიქრდეთ მიზეზებზე, რის გამოც ამ რაიონებში მიმდინარეობს ომები, კლავენ ადამიანებს, ანადგურებენ ქალაქებს, იპარავენ ბავშვებს „ხელახალი აღზრდის“ მიზნით... 


და ეს ყველაფერი რის გამო ხდება? გამჭვირვალობას სთხოვენ საზოგადოების მნიშვნელოვან სექტორს, მაგრამ რეალურად არის კი გამჭვირვალე ის მიზეზი, თუ რატომაც უნდა მიიღონ ეს კანონი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგ? და თუ შემდეგ გადავხედავთ ქართული საზოგადოების ამ ნაწილს, გაგვაკვირვებს ის ფაქტი, რომ მის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ახალგაზრდები და სტუდენტები: ამ საზოგადოების აწმყო და პერსპექტიული მომავალი; მაგრამ ეს როდი ანაღვლებს მათ, რომელთაც ამ კანონის გატანა ნებისმიერ ფასად სურთ; როდის შედგება შეხვედრა განსახილველად? დასამალი რომ არაფერი ყოფილიყო, დებატები სხვა შედეგებს მოიტანდა; შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ კანონის მიღების მიზეზები არის არა იმდენად ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რაც სინამდვილეში უკვე შემოწმებულია, არამედ სულ სხვა რეალობის დამალვის სურვილი: მაგალითად, არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში უნდა შედგეს, ძველი კავშირები, რომელიც აუცილებლად უნდა გამყარდეს, ან ქართული საზოგადოების ყველაზე რეალური პრობლემები, რომლებზედაც საუბარი და ფიქრი არ გვინდა; თუნდაც ცხოვრების გაძვირება, ემიგრაცია, ჯანდაცვა, ახალგაზრდობა... მოუწოდებენ, რომ დაიცვან  ოჯახის სიწმინდე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან წამოსული გარყვნილი იდეოლოგიებისაგან; მაგრამ, ოჯახის სიწმინდის დაცვა რომ ნამდვილად  გულიდან მოდიოდეს, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ ღირსეულ ხელფასზე, რეალურ სამუშაოზე საკუთარ ქვეყანაში, წყვილისა და ოჯახის ცხოვრებაზე, განქორწინებაზე, აბორტზე, სუროგაციაზე, ნარკოტიკებზე, კაზინოებზე, რასთანაც შეხება უწევს მრავალ ოჯახს...


მათ, რომლებიც სხვებს მოუწოდებენ გამჭვირვალობისაკენ, არ უნდა ეშინოდეთ, რომ თავად იყვნენ გამჭვირვალენი თავიანთი შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშში, ისეთი კანონების შედგენისას, რაც ნაკლებად ეფუძნება გამოცდილებას, თუნდაც პარტიების, საავადმყოფოების, ბანკების, კომპანიების, მშენებლობის... და რატომაც არა, რელიგიური ინსტიტუტების; გამჭვირვალობას არანაკლებ სჭირდება, რომ თავად ,,გახდეს“ გამჭვირვალე, მკაფიო, დამაჯერებელი, თანმიმდევრული...


ალბათ ამ მიზეზით ამტკიცებდა ფროიდი, რომელიც ნიცშეს მოსაზრებას ითვალისწინებდა, რომ გამჭვირვალობა, აბსოლუტური გაგებით, მიუღწეველი ღირებულება იყო. იესომ ნიკოდემესთან საუბარში განაცხადა: მხოლოდ „ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის“ (იოან. 3, 21), ხოლო პლატონმა ორ ათასწლეულზე მეტი ხნის წინ  აღნიშნა: „შეგვიძლია ვაპატიოთ ბავშვს, როცა მას სიბნელის ეშინია, მაგრამ ცხოვრების ნამდვილი ტრაგედიაა, როცა ადამიანს ეშინია სინათლის“.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

 ჟურნალი "საბა"/ 2024, ივნისი

Comments


bottom of page