21 იანვარს, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძრის ორგანისტს ლევ ოსიპოვსა და გუნდის ხელმძღვანელს, მარინა ოცხელს მადლიერების ნიშნად, პაპ ფრანცისკესგან სპეციალური ჯილდო გადაეცათ.
ლევ ოსიპოვი 40 წელია ორგანისტია, მარინა ოცხელი კი, საკათედრო ტაძრის გუნდს 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. დამსახურებულ მუსიკოსებს ლათინურ ენაზე შედგენილი სამადლობელო სიგელები და სპეციალური მედლები, წმინდა წირვის დასასრულს, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა გადასცეს.
„ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შორის იყო ორი პიროვნება, რომლებიც ემსახურებოდნენ ლიტურგიებს ჩვენს ეკლესიაში. მათგან ერთია – ლოვა, რომელიც უკვე 40 წელია ყოველ დღე უკრავს ორგანზე. არა მხოლოდ აქ [საკათედრო ტაძარში, არამედ] თავდაპირველად პეტრე–პავლეს ეკლესიაშიც... ეს მელოდია არის ლოცვა ჩვენთან და ჩვენთვის. ეს არ ხდებოდა მხოლოდ კვირა დღეს, როგორც საკვირაო ლოცვა, არამედ ეს იყო ყოველ დღე და ახლაც იგი ყოველ დღე აქ არის, ახარებს ჩვენს ლოცვასა და ჩვენს ლიტურგიას. ამიტომ გვინდოდა გვეთქვა ‘მადლობა’, არა მარტო როგორც საკრებულოს, არამედ როგორც ეკლესიას. ამბობენ, როცა ეპისკოპოსი ამბობს მადლობას, ამას ამბობს მთელი ეკლესიის სახელით...
მეორე არის ქალბატონი მარინა. თქვენ კარგად იცით, რომ რამდენიმე წელი იგი იყო გუნდის დირექტორი და იმ პერიოდში, გუნდში იყო ბევრი გოგონა, ლამაზი გალობები სრულდებოდა და ეს იყო მისი მსახურების ნაყოფი, ამიტომ ჩვენ მას უნდა ვუთხრათ ‘მადლობა’.
ამის გამო, ჩვენ პაპისგან ვითხოვეთ განსაკუთრებული კურთხევა“, – განმარტა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.
სიგელები, რომლებიც მუსიკოსებმა პაპისგან მიიღეს ლათინურ ენაზეა შედგენილი:
“მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე, გულით უთვლის დალოცვას [ლევ ოსიპოვს, მარინა ოცხელს] მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძრის [ორგანისტად, გუნდის ხელმძღვანელად] მსახურებისათვის, მადლიერების ნიშნად.
ის [პაპი] არწმუნებს მას და მის ახლობლებს, რომ გაიხსენებს თავის ლოცვებში სიხარულისა და მშვიდობის საწინდრად ჩვენს უფალ იესო ქრისტეში“, – წერია სიგელზე.
ლევ ოსიპოვმა ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში ორგანისტად მუშაობა 1990 წელს დაიწყო.
„არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი სასწაული მოხდებოდა. დიდი მადლობა, პაპ ფრანცისკეს, მეუფე ჯუზეპეს, მამა ზურაბს, მთელს ეკლესიას...“ – აღნიშნა ლევ ოსიპოვმა.
რაც შეეხება მარინა ოცხელს, მას მთლიანობაში მუსიკალურ სფეროში მუშაობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 21 წელი კი საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი იყო. ბოლო წლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მარინა ოცხელი საკათედრო ტაძრის გუნდს ვეღარ ხელმძღვანელობს.
„ყველას უდიდესი მადლობა, ასეთი მაღალი ჯილდოსათვის. უპირველესად მეუფეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ საქმეში. ძალიან მოულოდნელი იყო და რასაკვირველია არაჩვეულებრივი მომენტია. ნამდვილად არ ველოდი“, – აღნიშნა მარინა ოცხელმა.
მუსიკოსებს მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა: „მთელი სამრევლოს სახელით მეც გილოცავთ ამ ლამაზ, განსაკუთრებულ ჯილდოს. დღევანდელ ცერემონიას უნდა დასწრებოდა ვატიკანის ელჩის მრჩეველი, მამა ალექსანდრ რაჰინია, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ვერ მოახერხა მოსვლა. მიიღეთ მილოცვა მისგანაც“.
ცნობისთვის, თბილისის საკათედრო ტაძარში 2023 წლის 25 დეკემბერს ახალი, გერმანიიდან ჩამოტანილი ორგანი აკურთხეს და იგი მგალობელთა ხმებთან ერთად, ყოველ კვირას ჟღერს.
თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე
Comments