კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის ერთ–ერთ სადავო ტაძარს, რომელიც ივლიტაში მდებარეობს, უკვე ოთხი თვეა სახურავი გადახდილი აქვს. აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღემდე არ დაწყებულა.
ტაძარში მხოლოდ კათოლიკე ეკლესიის რამდენიმე ხატია დარჩენილი, მართლმაიდდებელმა მრევლმა თავის საკუთრებაში არსებული ხატები გაიტანა.
უამინდობის დროს, უსახურაოდ დარჩენილ ეკლესიაში წყალი ჩადის და იტბორება, თუმცა კათოლიკე მრევლს ხატების ტაძრიდან გამოტანის ეშინია, რადგან ეჭვი აქვთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი ხატებს უკან არ შეატანინებს და საკუთარ ეკლესიაში იმ ერთ კედელსაც დაკარგავენ, რომელიც ახლა კათოლიკეებს ეკუთვნით.
როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, უსახურაოდ დარჩენილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტაძარზე, სახურავის ადგილას ბალახი ამოვიდა. მათივე ინფორმაციით, ძეგლთა დაცვის სააგენტოში, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტს არ უპასუხეს როდის დაიწყება ტაძრის სახურავის აღდგენითი სამუშაოები.
ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მართლმადიდებელ წინამძღვრის, იოანე გელაშვილი სააგენტოსთან ამბობს, რომ ამჟამად ტაძრის კარი დაკეტილია და მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღვთისმსახურება არ ტარდება. ტაძრიდან გატანილია მართლმადიდებლური ხატებიც.
„შიგნით წყალი ჩადის. ქვები გაბზარულია. გარშემო ხალხის მიმოსვლისთვის საშიშია. წელს მოესწრება თუ არა ტაძრის აღდგენა არ ვიცი. ჩვენ ყველაფერი გამოვიტანეთ. მხოლოდ ჭაღია დარჩენილი. ტაძარში კათოლიკებსაც აქვთ კუთხე, მათი ხატები შენობაში ისევ რჩება“,– ამბობს იგი.
კათოლიკე ეკელსიის კანცელარიის გამგე, მღვდელი აკაკი ჭელიძე ამბობს, რომ არც კათოლიკე სასულიერო პირები და არც მრევლი, ივლიტის ეკლესიიდან ხატების გამოტანას ჯერჯერობით არ აპირებენ, რადგან შიშობენ, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემათ.
„ტაძრიდან ხატების გამოტანა ჩვენს მორწმუნეებს არ სურთ, რადგან შიშობენ, რომ უკან აღარ შეატანინებენ. მოსახლეობამ ახალციხის კათოლიკური ტაძრის წინამძღვართან ერთად, მიმართა მამა იოანეს, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რის საფუძველზეც, ეკლესიის რეაბილიტაცის შემდეგ, ხატების უკან შეტანის უფლებას მისცემდნენ, მაგრამ მან ამგვარ წინადადებას თავი აარიდა. რა თქმა უნდა, როცა ტაძრის აღდგენა დაიწყება, უნდა გათავისუფლდეს კედელი, თუმცა უნდა იყოს გარანტიები, რომ ხატების დაბრუნებას შევძლებთ“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.
მისივე თქმით, შენობის რეაბილიტაციის დროს პროცესებში როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური მხარე უნდა ჩაერთოს: „ 2000–იანების დასაწყისში ტაძარში ბეტონის იატაკი დაიგო და მის ქვეშ მოყვა ყველა ის საფლავი, რომელიც ეკლესიაში იყო. მსგავსი სახის ვანდალიზმი სამწუხაროდ არ გაგვიკვირდება, ამიტომ ჩვენი აღდგენის პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტყუილი შიშებია“,– აღნიშნა მან.
ივლიტის ტაძრის წინამძღვრის, იოანე გელაშვილის თქმით, კათოლიკე მხარესთან შეხვედრა, ტაძრის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ უკვე შედგა.
„კათოლიკური აღდგომის მეორე კვირას მოვიდნენ, გავუხსენი ტაძარი და დაათვალიერეს რაც იქ ხდებოდა (როგორი იყო დაზიანება). ჩამოვარდნილი ხატები წაიღეს. თქვეს, რომ დანარჩენებს მერე მივხედავთო. როცა კი გვეტყვიან, წაღება უნდათ თუ მოტანა, ჩვენ გავუღებთ კარს და მიხედონ თავიანთ ხატებს. უარს არაფერზე არ ვეუბნებით. ჯერჯერობით ამის შესახებ არ მიფიქრია (მისცემს თუ არა უფლებას კათოლიკურ მხარეს ხატების ტაძარში დაბრუნების საშუალებას), ჯერ გავიდეთ ბოლოში, როგორ გაკეთდება (ტაძარი), რა იქნება“,– ამბობს იგი.
მისივე თქმით, 24 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იმყოფებოდა, რა დროსაც, ხელმძღვანელ პირებთან, ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
„სააგენტოში ხელმძღვანელობას დაველაპარაკე და გავარკვიე რა ხდება ტაძართან დაკავშირებით. მათ მითხრეს, რომ ახლო მომავალში ტენდერი უნდა გამოცხადდეს პროექტისთვის. სააგენტო ამზადებს პროექტს და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით, მათი გადასაწყვეტია (როგორ მოხდება რეაბილიტაცია). ჩვენ აბსოლიტურად არაფერი კავშირი არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ( როგორ უნდა მოხდეს ტაძრის აღდგენა და ვინ ჩაატარებს სამუშაოებს)“,– თქვა მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას.
აკაკი ჭელიძის განცხადებით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან პასუხი ვერ მიიღეს.
„ჩვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ტაძარს აქამდეც აღვადგენდით, თუმცა ამაზე არ მიგვიწვდება ხელი. ეპისკოპოსმა ჯუზეპემ, ტაძრის სახურავის დაზიანების შემდეგ, ორჯერ მისწერა წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, თუმცა პასუხი არც ერთხელ არ მიგვიღია. პირველ რიგში, ის პროექტი, რომელიც ტაძრის აღდგენისთვის შედგება უნდა ვიცნობდეთ და ვეთანხმებოდეთ. ეს არის ჩვენი უფლება და მრევლის სურვილი. ტაძარი უნდა აღდგეს პირვანდელი სახით. ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიკავშირდება ის სახელმწიფო ორგანოები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ტაძრის აღდგენა და უსაფრთხოება. მორწმუნეები ვართ და არ შეგვიძლია, რომ პოზიტიური მოლოდინები არ გვქონდეს“,– ამბობს იგი.
ივლიტაში ეკლესიის სახურავი, დიდთოვლობის გამო, მიმდინარე წლის 16 თებერვალს ჩამოინგრა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი, ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია. ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. ამჟამად, იგი იმ ექვს სადავო ტაძრს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკელსიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს.
1991 წლიდან ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს კი, აქ მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი.
ამ დრომდე, ეკლესიაში წირვა–ლოცვას მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ.
წყარო – "სამხრეთის კარიბჭე"
ამავე თემაზე:
Comments