top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იმედი და ბიბლია: მნიშვნელოვანი განმარტება – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სამწყსო წერილი

ნაწილი III

„მე არასდროს მიფიქრია ბევრი იმედზე. სამი თეოლოგიური სათნოებიდან – რწმენა, იმედი და სიყვარული – ის ყოველთვის მეჩვენებოდა ყველაზე შეუხებლად და აბსტრაქტულად. განა ქრისტიანი არ არის ადამიანი, რომელსაც იმედი აქვს? დიახ, კარგი. და რისი იმედი გვაქვს? სუბიექტია თუ ობიექტი, რომელიც განსაზღვრავს ქრისტიანულ იმედს?“ (ფაბრიციო კარლეტი, ჟურნალისტი)


CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024
CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024

ჩვენ, ჩვეულებრივ, ამ სიტყვის გასაგებად, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქრისტიანული რწმენისთვის, ვიწყებთ იმედის ობიექტიდან, საგნიდან. როდესაც ვსაუბრობთ იმედზე, ვგულისხმობთ მოვლენას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს და იმედი გვაქვს, რომ მოხდება; ან ვფიქრობთ რაღაც ნივთზე ან პიროვნებაზე, რომლის ფლობა ან რომელთან შეხვედრაც გვსურს. ბიბლიისთვის ეს ასე არ არის. ბიბლიური იმედის გაგების ცენტრში არ არის იმედის ობიექტი, არამედ იმედის ქონის მოქმედება. ბიბლია იწყება ზმნით, არა არსებითი სახელით. ის, რაც აინტერესებს წმიდა წერილს, არ არის იმედის ობიექტი, არამედ მოქმედება, რომელსაც ასრულებს მორწმუნე იმედში თავისი არსებობის ცხოვრებისას. მაშ რატომ ვამბობ: „მე იმედი მაქვს?“


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება. მართლაც, ბიბლიისთვის იმედის ობიექტი, როდესაც ის შედის რწმენისა და ღმერთთან ურთიერთობის ჰორიზონტში, არ არის რეალობა, რომელიც შეიძლება არ განხორციელდეს. განხორციელება გარანტირებულია; ადამიანის პოზიცია ღვთის მოქმედების წინაშე არის გაურკვეველი. მორწმუნე ადამიანისათვის ნამდვილი საკითხი არის ის, რომ მან იცოდეს თავისი არსებობის ცხოვრება იმედში და არა ის, რომ იმედის საგანი შეიძლება ან არ შეიძლება განხორციელდეს. მართლაც, იმედი ხორციელდება ღვთის მიერ დაპირებული რეალობების მიმართ. ამიტომაც არის იმედი ასე ფუნდამენტური წერილისთვის. მართლაც, ბიბლიურ ადამიანს სჯერა ისტორიის, რომელიც გამსჭვალულია ღვთის დაპირებით, რომელიც, სწორედ იმიტომ, რომ დაფუძნებულია უფლის სიტყვაზე, მის აღთქმაზე, არ შეიძლება იმედგაცრუებული იყოს. ღმერთი ამბობს: „მე ვდარაჯობ ჩემს სიტყვას მის განსახორციელებლად“ (შდრ. იერ 1,11–12). ამ დარწმუნებულობაში, რომ ღმერთი ფხიზლობს, დგას ჩვენი იმედის საფუძველი.


მნიშვნელოვანია, რომ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ხაზგასმულია, რომ წარმართები იყვნენ „უიმედოდ“ (ეფ 2,12), რადგან „უცხონი იყვნენ აღთქმის დაპირებებისთვის“, არაფერი იცოდნენ ღმერთსა და ადამიანს შორის აღთქმის შესახებ... იმედი შესაძლებელია, რადგან ის დაფუძნებულია ღვთის დაპირებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემი, რადგან ამ გზით იმედი ხდება რწმენის დამახასიათებელი და გამოურიცხავი ნიშანი.


იმედი არის სამი თეოლოგიური სათნოებიდან ერთ–ერთი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე თესალონიკელთა პირველ ეპისტოლეში. თითოეულისათვის ის ამატებს იმას, რასაც მოითხოვს ჩვენგან: რწმენა მოითხოვს გონების მუდმივ მუშაობას, რომ გავიგოთ ეს სიტყვა, რომელიც ჩვენზე მეტია, სიყვარული გვიბიძგებს თავი მივცეთ ბოლომდე სხვებისთვის სიყვარულით. ბოლოს, იმედის მახასიათებელი არის სიმტკიცე, რომელსაც მოითხოვს. მიუხედავად გარემოებებისა, რომელიც შეიძლება მტკივნეული იყოს, არ ვტოვებ იმედს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი განაგრძობს ჩემზე ზრუნვას, რომ მე მის ხელთა ვარ.


წმიდა პავლეს, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში შეუძლია უწოდოს მამებისა და იესოს ღმერთს „იმედის ღმერთი“ (რომ 15,3) რადგან იმედის ღმერთი არის განხორციელებული დაპირებების ღმერთი. იმედი არ არის რწმენა, რომ ხვალ უკეთესი იქნება, არამედ რომ ღმერთი არასდროს გვიღალატებს. წმინდა ხუთშაბათის საღამოს არავის შეეძლო ეთქვა იესოსათვის, რომ უკეთესი იქნებოდა მეორე დღეს, პარასკევს...მაგრამ მან თვითონ იცოდა, რომ მამა არასდროს მიატოვებდა. მართლაც, ეს არის მისი ერთ–ერთი ბოლო მოქმედება ჯვარზე, თავისი სულის მისთვის მინდობა, სრული ნდობით.


პირველი ნაწილი – ‘იმედით მოგზაურნი’


მეორე ნაწილი – ოპტიმიზმი და იმედი

 

 

コメント


bottom of page