ეძღვნება მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს ეპისკოპოსად კურთხევისა და მარადიულ ქალაქში ქართველი კათოლიკეების პირველი საიუბილეო მომლოცველობის 25-ე წლისთავს.
მორწმუნე ადამიანი იმედიანად გრძნობს თავს კათოლიკე ეკლესიის წიაღში, მიუხედავად იმ მრავალი სხვადასხვა წინააღმდეგობისა და გამოწვევისა, რასაც ყოველდღიურობა უგზავნის მას გამოსაცდელად.
მეოთხედი საუკუნის წინ საქართველოს ადგილობრივ კათოლიკე ეკლესიასა და მის მრევლს, თითქმის ერთდროულად, იმედის სამი მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ნიშანი მიეცა: პირველი - 1999 წლის ნოემბერში პაპი იოანე-პავლე II ესტუმრა საქართველოს; მეორე - სამოციქულო ადმინისტრატორი, მამა ჯუზეპე პაზოტო პაპმა ეპისკოპოსად გამოარჩია; მესამე - პირველად ისტორიაში, საიუბილეო წელს, საქართველოდან რომში გაემგზავრა კათოლიკე მომლოცველთა ჯგუფი.
იოანე-პავლე II-ის ვიზიტი იყო უდიდესი იმედი კონკრეტულად საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიის კათოლიკე თემისათვის, იმედი იმისა, რომ ადგილობრივ კათოლიკეებს, რომელთა რიცხვიც ორმოცდაათი ათასს აღწევდა, და ათწლეულების მანძილზე ჯერ საბჭოთა სახელმწიფოს, ასევე, საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი დომინანტი ეკლესიების მხრიდან შეზღუდვებს განიცდიდა, თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცემოდა, იყო იმედი, რომ პაპის ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდებოდა რესტიტუცია და ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაუბრუნებდა საბჭოთა რეჟიმის დროს ჩამორთმეულ საკულტო ნაგებობებს. ასევე, იყო იმედი თავად საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარებისა და მსოფლიოსათვის გაცნობისა. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ზოგს ალბათ საერთაშორისო ვალების ჩამოწერის, ახალი ტრანშების გამოყოფის იმედიც ჰქონდა, თუმცა ამ იმედის განხორციელებისათვის სახელმწიფოს კათოლიკე ეკლესიის პრობლემების მოსაგვარებლად ნაბიჯი არ გადაუდგამს.
1999 წელს, პირველად მსოფლიო ისტორიაში, რომის პაპი იმ რეგიონს ესტუმრა, სადაც მანამდე პონტიფექსებს ფეხი არ დაედგათ. საქართველოში იოანე-პავლე მეორის ვიზიტი იყო ისტორიული და დიდი იმედის მომცემი, როგორც ამ ვრცელი რეგიონის, ისე საქართველოს კათოლიკეებისათვის. და მართლაც, 25 წლის გადასახედიდან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსა და კავკასიის კათოლიკეთა უმთავრესი იმედი ადგილობრივი ეკლესიების აღორძინებისა გამართლდა და ჩვენ ამ იმედის მოწმენი ვართ.
საიუბილეო წელი - სრულიად გამორჩეული გახლდათ 2000 წლის საიუბილეო აღნიშვნა. ეს წელი არა მხოლოდ ახალი საუკუნის, არამედ ახალი ათასწლეულის, მილენიუმის, დადგომის თარიღს წარმოადგენს. ქრისტიანობის ქრონოლოგიას თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დაწყებისას ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ათასწლეულის ბოლოს კი ქრისტიანული ეკლესია ევროპაში გაბატონებული იყო. ქრისტიანები მეორედ მოსვლის მოლოდინში ძრწოლით ელოდნენ მე-1000 წლის დადგომას; მეორე ათასწლეულის ბოლოს კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ორ მილიარდზე მეტი ქრისტიანი, მათ შორის, მილიარდ სამასი მილიონი კათოლიკე, იმედით ელოდა მილენიუმის დადგომას და ამ წმინდა წელს რომში მომლოცველობასა და ცოდვების მიტევებას.
საიუბილეო წლის საზეიმო აღნიშვნა და რომში მომლოცველობა რომის პაპ ბონიფაციუს VIII-ეს მიერ დადგინდა 1300 წელს. პირველ მომლოცველთა შორის იმ ეპოქის მრავალი ცნობილი ადამიანი იყო, ჯოტო, ჩიმაბუე, დანტე ალიგიერი. საუკუნეთა განმავლობაში მილიონობით კათოლიკემ მოილოცა რომის ოთხი მთავარი ტაძარი. სამწუხაროდ, საქართველოდან მარადიულ ქალაქში მომლოცველობა განვლილი საუკუნეების განმავლობაში ვერასდროს განხორციელდა. მხოლოდ 2000 წელს, მილენიუმის საიუბილეო წელიწადს, ანუ განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან ჟამს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ძალისხმევით, საქართველოს სხვადასხვა სამრევლოდან ორმოდაათამდე კათოლიკემ, პირველად ისტორიაში, განახორციელა მომლოცველობა მარადიულ ქალაქში, პაპის მიერ აღვლენილ წირვასაც დაესწრო და, რაც მთავარია, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის უშუალო მონაწილეც შეიქმნა. ჩვენ ამ ახდენილი იმედის მოწმენი ვართ.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში იოანე-პავლე II-ის ვიზიტმა და მასთან დაკავშირებულმა მთავარმა იმედმა, ყოველ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ ნაწილში, რაც უშუალოდ წმიდა საყდარსა და პაპზე იყო დამოკიდებული, ადგილობრივი კათოლიკე თემის მოლოდინი გაამართლა. ამ ვიზიტის უმთავრესი შედეგი გახლდათ 9 ნოემბერს, საზეიმო წირვის დროს, იოანე-პავლე II-ის მიერ კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, მამა ჯუზეპე პაზოტოსათვის ეპისკოპოსის ხარისხის მინიჭება.
2000 წლის 6 იანვარს, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, უკვე საქართველოდან ჩასული კათოლიკე მომლოცველები უშუალო მოწმენი და მონაწილენი შევიქენით დიდი ისტორიული ფაქტისა, რომის პაპის მიერ კავკასიისა და საქართველოს ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის ეპისკოპოსად კურთხევისა. ეს იყო რომის პაპისა და წმიდა საყდრის ზრუნვისა და თანადგომის გამოხატვის ნათელი ნიშანი.
ამგვარად, ხუთსაუკუნე-ნახევრის იძულებითი ინტერვალის შემდგომ, საქართველოს კათოლიკეებს მოგვევლინა ჩვენი ეპისკოპოსი, რომლის რეზიდენციაც ახლად აღდგენილი და ნაკურთხი თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარი შეიქმნა. ეს იყო ადგილობრივ კათოლიკეთა საუკუნოვანი იმედის აღსრულება და ჩვენ ამ იმედის აღსრულების მოწმენი ვართ!
რა ისტორიულ დატვირთვას ატარებდა საქართველოს კათოლიკეთათვის სამოციქულო ადმინისტრატორის, მამა ჯუზეპე პაზოტოს ეპისკოპოსად კურთხევა? აუცილებელი იყო ეპისკოპოსის მწყემსმთავრობა ადგილობრივი ეკლესიის სათავეში, ეკლესიისა, რომელიც, საბჭოთა 70-წლიანი ტყვეობისაგან (ეს 70 წელიც ერთგვარად სიმბოლურია და ავინიონის ტყვეობასთან იწვევს ალუზიას) ახლად თავდახსნილი, ხელახალ ფორმაციას განიცდიდა, რადგან მას, როგორც ისტორიულად არსებულ, მაგრამ მაინც კონფესიურ უმცირესობას, ლეგიტიმური დამკვიდრება და აღორძინება სჭირდებოდა. განვლილი 25 წლის განმავლობაში ეპისკოპოსმა ეს შეძლო და დიდი წარმატებითაც. დღეს ჩვენ ამ იმედის აღსრულების მოწმენი ვართ!
ნუგზარ ბარდაველიძე
ჟურნალი "საბა"/ იანვარი, 2025
Comments