2025 წლის 11 თებერვალს, სტამბოლში, ქართველ კათოლიკეთა სავანეში ქართულ ენაზე აღევლინა ნათლობის, მირონცხებისა და პირველი ზიარების საიდუმლოებები. სავანის არსებობაში ეს ისტორიული ფაქტი იყო, რადგან ბოლო 65 წლის მანძილზე აქ ქართულ ენაზე ქრისტიანული ინიციაციის საიდუმლოებანი არ აღსრულებულა.

სტამბოლში არსებული ქართველ კათოლიკეთა სავანე, რომელიც 1861 წელს, ქართველმა კათოლიკე მღვდელმა, მამა პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა და სულ მალე, არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეის ცენტრად იქცა, დღემდე მნიშვნელოვან კერად რჩება ქართველი კათოლიკეებისათვის. აქ მესხეთიდან უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო კარგი განათლება და შემდეგ აქტიურად ჩაერთო საერო თუ სასულიერო საქმიანობაში.
1961 წლის შემდეგ, სტამბოლის ქართველთა სავანეში და აქ არსებულ ტაძარში, რომელიც ლურდის ღვთისმშობლის სახელობისაა, ქართველი მღვდლები აღარ სწირავენ. ამ ეტაპზე სავანე თურქეთის კათოლიკე ეკლესიის დაქვემდებარებაშია და წმ. წირვებიც თურქულ ენაზე აღევლინება. თუმცა ყოველ წელს, 11 თებერვალს, მაშინ როცა ლურდის ღვთისმშობლის მოხსენიებაა, საქართველოდან კათოლიკე მღვდლები და მრევლი სტუმრობს სავანეს და სადღესასწაულო წირვასაც ქართულ ენაზე აღავლენენ.
2025 წლის 11 თებერვლის დღესასწაულისათვის, საქართველოდან 18 ადამიანი სტამბოლში გაემგზავრა, მათ შორის სამი მღვდელმსახური: ხიზაბავრისა და ვარგავის სამრევლოების ადმინისტრატორი მამა ბექა ჩილინგარაშვილი, არლისა და უდის სამრევლოების წინამძღვარი მამა დარიუშ კომადოვსკი და თბილისის წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძრის ვიკარი მამა მიხეილ სურმავა.
თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი წელი გამორჩეული აღმოჩნდა იმით, რომ 65 წლის შემდეგ, ქართველი, ქართულ ენაზე, ქართველთა სავანეში, პირველად მოინათლა, მირონი იცხო და პირველი ზიარებაც მიიღო. ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიგეგმა:

31 წლის გიორგი ბათმანაშვილი კათოლიკედ მონათვლის გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიიღო – „ადრეც მინდოდა მონათვლა, მაგრამ ბევრჯერ გადავდე, პირადი საქმეების გამო, ასე გადიოდა წლები... შემდეგ მამა ბექა ჩილინგარაშვილთან ვსაუბრობდი ამ საკითხზე, მითხრა რომ თებერვალში სტამბოლში აპირებდნენ წამოსვლას და ვიკითხე თუ იყო შესაძლებელი აქ მოვნათლულიყავი“.
ხიზაბავრისა და ვარგავის ადმინისტრატორი, მამა ბექა ჩილინგარაშვილი უკვე მესამე წელია, როგორც მღვდელი სტამბოლის ქართველთა სავანეში 11 თებერვალს წირვას აღავლენს. ამბობს, რომ გიორგის გადაწყვეტილება მისთვის განსაკუთრებული მადლი აღმოჩნდა:
„რამდენიმე თვის წინ, როცა გიორგიმ მონათვლა გადაწყვიტა, სურდა, რომ თურქეთში მონათლულიყო, მაგრამ იმ პერიოდში შეუძლებელი იყო ჩემი თურქეთში წასვლა. გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე თვით გადაგვედო. პირადად მე, ვთვლი, რომ ღვთის ჩანაფიქრი, მისი განგებულება იყო, რომ ასე აეწყო ყველაფერი. გადაიდო პროცესი რამდენიმე თვით და ზუსტად დღესასწაულზე აღვავლინეთ ნათლობა“.
როგორც გიორგი ამბობს, სავანეში მონათვლას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ ამ ტაძარში მოღვაწეობდა მისი ერთ–ერთი წინაპარი, მამა ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი, რომელიც სტამბოლის ქართველ მამათა სავანეში 1896 წელს, თერთმეტი წლის ასაკში გაემგზავრა.1911 წლის 25 სექტემბერს კი, ამავე სავანეში ქართული რიტით მღვდლად ეკურთხა.
„აქ მოღვაწეობდა ჩემი წინაპარი შიო ბათმანაშვილი. ამ მუსლიმურ ქვეყანაში ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ სავანე, რომელსაც უძღვებოდნენ და მთელს ცოდნასა და ენერგიას დებდნენ სასულიერო და საერო საქმეში. ვფიქრობ, როგორც ჩემთვის, ასევე ყველასთვის, ვინც ამ დღესასწაულზე სტამბოლში ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. აღფრთოვანებულები, ემოციით სავსე ვართ და აქ კიდევ აუცილებლად დავბრუნდებით“, – მოუყვა გიორგი catholic.ge-ს სტამბოლიდან.
ნათლობისა, მირონცხებისა და პირველი ზიარების საიდუმლოებების ქართველ კათოლიკეთა სავანეთში აღვლენა ემოციური აღმოჩნდა მამა ბექა ჩილინგარაშვილისთვისაც:
„როგორც მღვდელს, რა თქმა უნდა, რამდენიმე ნათლობა მაქვს აღვლენილი, მაგრამ ეს ნათლობა იყო განსაკუთრებული. ჩემთან ერთად მყოფმა ერთ–ერთმა მღვდელმა მითხრა, რომ როდესაც ამ საიდუმლოს აღვასრულებდი და ლოცვებს ვკითხულობდი, ხმა მიკანკალებდა, რადგან ძალიან განვიცდიდი, ისე, თითქოს ჩემთვის პირველი წმიდა წირვა ან პირველი ქადაგება ყოფილიყო... ვიდექი იქ, სადაც ჩემმა წინაპრებმა დაიწყეს თავიანთი სულიერი გზის პირველი ნაბიჯები და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, როგორც სულიერი, ისე ეროვნული კუთხით. ამიტომ, როცა რაღაცა ფორმით მათ მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებ, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ეს მომენტი ჩემი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება და ეს სიხარული მუდამ დარჩება ჩემში“, – ამბობს მამა ბექა ჩილინგარაშვილი და იხსენებს, რომ ქართველ კათოლიკეთა სავანეს პირველად, ძალიან მოულოდნელად, 11 წლის წინ ეწვია:

„პირველად ამ სავანეში 11 წლის წინ მოვხვდი, მაშინ პრე–სემინარიაში ანუ სემინარიის მოსამზადებელ კურსზე ვიყავი და ქუთაისში ვსწავლობდი. ერთ დღეს, როცა ბათუმში მივდიოდი მამა გაბრიელე ბრაგანტინთან ერთად, მან მითხრა, რომ რამდენიმე დღის ტანსაცმელი წამეღო, რადგან ბათუმიდან თურქეთში მივდიოდით. მაშინ წავედი, როგორც ტურისტი და ბევრი არაფერი ვიცოდი სავანესა და ჩვენს წინაპრებზე, მაგრამ როდესაც სავანის ტერიტორიაზე შევდგი ფეხი, თავი პატარა საქართველოში ვიგრძენი. შემდეგ უკვე როცა ვეცნობოდი სავანის შესახებ ინფორმაციას, ვნახე, რომ ზუსტად „პატარა საქართველოდ“ იყო მოხსენიებული ეს ტერიტორია, თუმცა მე ამის წაკითხვამდე ვიგრძენი სულიერად ეს ყველაფერი“, – იხსენებს მღვდელმსახური.
სავანეში მისი პირველი ლოცვა და თხოვნაც სულიერ გზას დაუკავშირა:
„განსაკუთრებით მაშინ, როცა ხარისჭირაშვილი საფლავზე დავადგი ფეხი, ჩემთვის სულიერი აღმატების მომენტი იყო და პირველი თხოვნაც ღვთისმშობლის ქანდაკების წინ ასეთი იყო: დამხმარებოდა სულიერი მოწოდების გზაზე და ეჩვენებინა იყო თუ არა ეს გზა სწორი. ახლა უკვე სამი წელია მღვდელი ვარ და სტამბოლში ჩავდივარ მადლიერებით. აღარ ვითხოვ არაფერს, უბრალოდ მადლობას ვიხდი ჩემი ცხოვრებისათვის... ეს უფრო ღრმა, სულიერი მდგომარეობაა ჩემთვის... წმ. წირვის დროს, ვიცი, რომ იქ მარტო არ ვარ... მწამს, რომ იმ დროს, ყველა მღვდლისა თუ მონაზვნის სული, რომლებიც აქ მსახურებდნენ, დაგვყურებენ და ხარობენ“.
ქართველ კათოლიკეთა სავანეში ბოლოს ქართველი, რამდენიმე წლის წინ მოინათლა, თუმცა ნათლობა თურქულ ენაზე აღევლინა. ეს ქართველი ლუკა ზაზაძე იყო, სავანის გადამრჩენელი ოჯახის, პავლე ზაზაძის შვილთაშვილი, სიმონ ზაზაძის შვილიშვილი და პოლ ზაზაძის ვაჟი. დღეს თუ სავანის ტერიტორიაზე შენარჩუნებულია ტაძარი, ქართული ხელნაწერები და ბევრი, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი დოკუმენტი, სწორედ ზაზაძეების ოჯახის დამსახურებაა. ეს ოჯახი საქართველოდან სავანეში ჩასულ სტუმრებს ყოველწლიურად მასპინძლობს და იქ არსებულ ბიბლიოთეკას ათვალიერებინებს.

„მადლობელი ვართ ნატალია ზაზაძის (სიმონ ზაზაძის შვილი) რომ გვიმასპინძლა.
დაგვათვალიერებინა ბიბლიოთეკა, ვნახეთ წინაპრების ჩანაწერები და აქ დაცული წიგნები. ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო იქ ყოფნა, რადგან თითქმის ყველა ჩვენგანის ერთი წინაპარი მაინც აქ მოღვაწეობდა. ჩვენთან ერთად იყო შალვა ვარდიძის პირდაპირი შთამომავალი საბა ვარდიძე“, – ამბობს გიორგი ბათმანაშვილი.
გიორგი ბათმანაშვილის სახით, ამიერიდან კათოლიკე ეკლესიას კიდევ ერთი შვილი შეემატა, მამა ბექა ჩილინგარაშვილი კი იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი სხვა ადამიანებისთვის მისაბაძი გახდება:
„იმედი მაქვს რომ ეს იქნება სტიმული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ნათლობის, მირონცხების, ჯვრისწერის საიდუმლოებები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ აღასრულებს ამ საიდუმლოებებს, მთავარია, რომ აღევლინოს და ასევე მთავარია, რომ ვუბრუნდებოდეთ და პატივს მივაგეთ იმ ადგილებს, რომლებიც ჩვენი, სამხრეთ საქართველოს სულიერი და ფიზიკური ხსნის ცენტრი იყო“.

თაკო ფეიქრიშვილი
Comments