5 ნოემბერს, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების კავკასიაში მიმლოცველობა დასრულდა. შემაჯამებელი წმ. წირვა თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში აღევლინა.
ფატიმას ღვთისმშობლის მიმლოცველობა კავკასიაში 30 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს თითქმის ყველა კათოლიკურ სამრევლოში ქანდაკება ზუსტად ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა. 14 ოქტომბერს საზეიმო წმ. წირვის შემდეგ ღვთისმშობლის ქანდაკებამ საქართველო დატოვა და აზერბაიჯანში გაემგზავრა. აზერბაიჯანის შემდეგ კი, მას სომხეთმა უმასპინძლა.
სამივე ქვეყნის მონახულების შემდეგ, ღვთისმშობლის ქანდაკება კვლავ საქართველოში გადმოაბრძანეს და მიმლოცველობა სომხური წესის კათოლიკეთა სამრევლოებში გაგრძელდა. საბოლოოდ კი, 3 ოქტომბერს ლათინური წესის კათოლიკეებთან დაბრუნდა. მომლოცველობა გაიმართა კახეთის ორ სოფელში, სანავარდოსა და ხიზაბავრაში. 4 და 5 ნოემბერს ქანდაკება დაბრძანებული იყო თბილისის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, 5 ნოემბერს იგი საზეიმო წმ. წირვის შემდეგ, კათოლიკეებმა პორტუგალიაში გააცილეს.
წმ. წირვა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავინა. საზეიმო ლიტურგიაზე იმყოფებოდა ვატიკანის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და მისი მრჩეველი და მონსინიორ ჯუზეპე ლატერცა, ასევე ფატიმას საწმიდარის რექტორი, პორტუგალიელი მღვდელი კარლოს კაბეკინასი, აზერბაიჯანის კათოლიკეთა პრეფექტურის ეპისკოპოსი ვლადიმირ ფეკეტა და საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები.
წმ. წირვის შემდეგ საკათედრო ტაძრიდან (გია აბესაძის N4) მსვლელობა თბილისის თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა. სადაც ფატიმის ღვთისმშობელი მანქანაში დააბრძანეს და ნუნციატურაში (სადესპანო) გაემგზავრა.
„ღვთისმშობლის მისიაა გაგვაერთიანოს და მოგვიტანოს მშვიდობა“ , – განმარტავდნენ სასულიერო პირები მომლოცველობისას.
თითქმის ერთთვიანი მომლოცველობის შემდეგ, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკება 7 ნოემბერს საქართველოს და კავკასიასაც დატოვებს.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments