2021 წლის 11 აპრილს, ივლიტის კათოლიკე საკრებულოს დღესასწაულზე, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ივლიტის ტაძარი მოინახულა. ეკლესია სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან, 90–იანი წლებიდან კი იგი სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა.
ტაძარს გადახდილი აქვს სახურავი, რადგან თებერვალში, დიდთოვლობის გამო ჩაინგრა. ეპისკოპოსი იქ არსებული სიტუაციით დაინტერესდა. მას ადგილზე დახვდა ტაძრის მართლმადიდებელი წინამძღვარი იოანე გელაშვილი.
როგორც იგი განმარტავს, ეკლესიის სახურავის შეკეთება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა და მართლმადიდებელი მხარისათვის ცნობილი არ არის, როდის დაიწყებს სააგენტო ეკლესიის გადახურვას: „ჩვენ მხოლოდ გვთხოვეს გაწმენდითი სამუშაოები ჩაგვეტარებინა და გავაკეთეთ, ძველი სახურავი მოვხსენით, ახლა რას იზამენ არ ვიცი“, – ამბობს მღვდელი იოანე გელაშვილი.
ტაძარში, წლების განმავლობაში კათოლიკე მრევლი იკრიბებოდა და კათოლიკური ღვთისმსახურება აღევლინებოდა. იგი 1991 წელს გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას, მას შემდეგ კი კათოლიკეებს მხოლოდ ერთი, მარჯვენა კედელი მიაკუთვნეს, სადაც მათ ხატები განათავსეს. აქ აიკრძალა კათოლიკური ლიტურგიის აღვლენა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში წყალი ჩადის და იტბორება, კათოლიკე მრევლს ხატების გამოტანის ეშინია, რადგან ფიქრობენ, რომ სახურავის მშენებლობისა და რესტავრაციის შემდეგ, მართლმადიდბელი მხარე მათ ხატების კვლავ ეკლესიაში დაბრუნებას აუკრძალავს და ამით იმ ერთ კედელსაც დაკარგავენ, რომელზეც მათი ხატებია განთავსებულია.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ მათ ამისი გამოცდილებაც აქვთ, რადგან „1999 წელს აქ ერთ ღამეში მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი“.
ივლიტის ტაძრის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილით მიმართა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, თუმცა მას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. იგი წერილში სააგენტოს თხოვდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გათვალისწინებული ყოფილიყო კათოლიკე ეკლესიის ინტერესები, როგორც ამ ტაძრის ისტორიული მეპატრონისა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. ამჟამად, იგი იმ ექვს სადავო ტაძრს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკელსიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს.
იმის გამო, რომ ტაძარში ღვთისმსახურების აღვლენა კათოლიკე სასულიერო პირებს აუკრძალეს, კათოლიკე მრევლი ლიტურგიას სამლოცველო სახლში აღავლენს.
აქვე აღევლინა დღეს, 2021 წლის 11 აპრილს ივლიტის საკრებულოს დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად აღდგომის მეორე კვირას, ახალკვირას, იესოს ღვთიური გულმოწყალების კვირადღეს აღინიშნება.
თაკო ფეიქრიშვილი
–––––––––––––––––––––––––––
Catholic.ge - მასალის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები
Comments