2021 წელს, კათოლიკე ეკლესია აღდგომას 4 აპრილს აღნიშნავს. წესისამებრ, სააღდგომო ღამისთევის მსახურება შუაღამით უნდა ყოფილიყო, თუმცა მთავრობა კათოლიკეებისთვის გამონაკლისს არ უშვებს და კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
შესაბამისად, კათოლიკე ეკლესიის ყველა სამრევლოში ღამისთევის ლიტურგია არა შუაღამეს, არამედ 21:00 საათამდე შესრულდება.
როგორც საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო აღნიშნავს, საკითხის დარეგულირებისათვის, იგი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, რამდენიმე კვირის წინ, თავად მივიდა და დახმარება სთხოვა: „მსგავს საკითხებზე ჩვენ მივმართავთ სააგენტოს, რადგან ის არის ჩვენთვის პირველი წარმომადგენელი მინისტრთან, ამიტომ მე მივედი მათთან და ვთხოვე დახმარება. მითხრეს მოვაგვარებთო, მაგრამ პასუხი მივიღე ტელეფონით, რომ არ გვარდება“.
მისივე თქმით, სააგენტოსთან თხოვნა ჰქონდა იმის შესახებაც, რომ თუ ვერ ხერხდებოდა გამონაკლისის დაშვება დიდ ქალაქებში, შეზღუდვა რეგიონებში მაინც მოეხსნათ: „ვითხოვე, რომ თუ არ შეიძლება დედაქალაქში, იქნებ რეგიონებში მაინც დაეშვათ, ღამისთევის ლიტურგიის შუაღამით აღსრულება. მათ მიპასუხეს, რომ ამ ყველაფერს საკოორდინაციო საბჭო წყვეტს, რომლისგანაც ჩვენ პასუხი გვინდოდა 27 მარტამდე, შაბათამდე, რადგანაც კვირას (28 მარტი) უნდა გამოგვეცხადებინა სამრევლოებში, როგორ იქნებოდა სააღდგომო ლიტურგია. თუმცა პასუხი არ მოვიდა, დავრეკე პარასკევს (26 მარტი), მითხრეს, რომ ორშაბათს (29 მარტი) დამერეკა. ერთი ფაქტი, რაც იყო არასასიამოვნო, მითხრეს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა უნდა ვქნათ და მე ვუთხარი, რომ არ შემიძლია ძალადობით გავაკეთო რამე“, – განმარტავს ეპისკოპოსი.
4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულს საქართველოში მხოლოდ კათოლიკე და სომხური ეკლესიები აღნიშნავენ: „პროტესტანტული ეკლესია ზეიმობს 2 მაისს, ხოლო სომხურ ეკლესიას არ აქვს ღამისთევის წირვა. ამიტომ მხოლოდ ჩვენ, კათოლიკეებს გვქონდა პრობლემა ღამის წირვაზე. მკითხეს, რომელ საათზე აღავლენს წირვას პაპი ვატიკანში, ვუთხარი, რომ 18:00 საათზე, მაგრამ იქ, იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სხვა სიტუაციაა“.
ეპისკოპოსი ამატებს, რომ მთავრობა მესამე ტალღის მოლოდინშია, რის გამოც შეზღუდვების შემსუბუქება პრობლემური გახდა.
შეგახსენებთ, რომ "კომენდანტის საათი" საქართველოში 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. იგი ქრისტიანული უმცირესობებისათვის არ მოიხსნა, არც შობის დღესასწაულზე (25 დეკემბერი), თუმცა შეზღუდვა შემსუბუქდა მაშინ, როცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა შობა (6 იანვარს) და ასევე ახალ წელს (31 დეკემბერი). გარდა ამისა, შეზღუდვა ერთი დღით მოიხსნა 28 მარტს, საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დროს.
ასევე "კომენდანტის საათი" არ მოიხსნა 21 მარტს, მაშინ, როცა აზერბაიჯანულმა თემმა საქართველოში „ნოვრუზის“ დღესასწაული იზეიმა.
სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია, ნახეთ ლინკზე – სად რომელ საათზე აღევლინება ვნების სამდღეულის ლიტურგიები
თაკო ფეიქრიშვილი
Comments