აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებული 2024 წლის პაპის წელიწდეული (Annuario Pontificio) მონაცემებით, მსოფლიოში კათოლიკეთა რიცხვი 2021 წლიდან 2022 წლამდე 1.0%-ით გაიზარდა.
ცვლილების მაჩვენებელი განსხვავებულია კონტინენტიდან კონტინენტზე: ფაქტობრივად, თუკი აფრიკაში 3%-იანი ზრდა აღინიშნება, სამაგიეროდ, ევროპაში სტაბილური მდგომარეობაა (2021-2022 წლებში კათოლიკეთა რაოდენობა 286 მლნ-მდე გაიზარდა). უთუოდ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლევანდელ აღდგომას საფრანგეთში 7135 ზრდასრული და 5000-ზე მეტი მოზარდი მოინათლა (თუ არ ჩავთვლით დაწყებით კლასებს). შუალედური მდგომარეობაა ამერიკასა და აზიაში (შესაბამისად, +0.9% და +0.6%). ოკეანეთში ვითარება დიდად არ შეცვლილა, თუმცა მხოლოდ სიდნეიში წლევანდელ აღდგომას 266 მოზარდი მოინათლა. ეპისკოპოსთა რიცხვი იზრდება აფრიკასა და აზიაში, სტაბილურია ამერიკასა და ოკეანეთში, ევროპაში კი კლება შეინიშნება. მცირდება მღვდლებისა და სამღვდელო მოწოდების მსურველთა რიცხვი, მაგრამ არა აფრიკასა და აზიაში. მოწოდებების კრიზისი, რომელიც 2008 წლიდან შეინიშნება ევროპაში, არ სრულდება: 2021-2022 წლებში სემინარისტების რაოდენობა 6%-ით შემცირდა. 2022 წლისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მეტი სემინარისტი აფრიკის კონტინენტზე ფიქსირდება. ასევე კლებულობს მონაზონთა რაოდენობაც, სამაგიეროდ, მათი რიცხვი იზრდება აფრიკაში. პერმანენტულ დიაკონთა რიცხვი კი ყველა კონტინენტზე იზრდება. ამავე პერიოდში დაფუძნებულ იქნა 9 ახალი საეპისკოპოსო კათედრა და 1 სამოციქულო ადმინისტრაცია; 2 საეპისკოპოსო მიტროპოლიტური კათედრა და 1 სამოციქულო ვიკარიატი საეპისკოპოსო კათედრასთან.
წლევანდელ საფრანგეთის საეპისკოპოსო კონფერენციაზე, კატრინ შევალიემ, კატექეზებისა და კათაკმეველთა ეროვნული სამსახურის დირექტორმა, წარმოადგინა ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები იმ კათაკმეველთა შესახებ, რომლებიც აღდგომის ცისკარზე მოინათლებოდნენ. ეს იყო საუკეთესო შედეგი ოცი წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ეს კვლევა დაიწყო. გასული წლის მსგავსად, საფრანგეთის ეპარქიებმა (სულ 104) მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს. 2023 წელს +28%-დან +30% -მდე. ახლად მონათლული მოზარდებიდან დაახლოებით ერთი მესამედი 18-დან 25 წლამდე ასაკისაა, ხოლო დაახლოებით ერთი მესამედი სოფლად მცხოვრებია. ყველაზე დიდი ზრდით (+50%) გამოირჩევა სამი საეკლესიო პროვინცია: ბეზანსონი, დიჟონი და კლერმონი. ყველაზე მაღალი ზრდა, 200%-ზე მეტი, დაფიქსირდა სენ-კლოდის ეპარქიაში და ბეზანსონში (27 კათაკმეველი, გასულ წელს მათი რიცხვი შეადგენდა რვას).
მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულ კათაკმეველთა უმრავლესობა ქრისტიანული ტრადიციის ოჯახებიდანაა, მათი რიცხვი გამუდმებით მცირდება (2024 წელს 61%, გასულ წელთან შედარებით, 8%-ით შემცირდა). ამავდროულად, იზრდება მათი რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ ,,ურწმუნო ოჯახების“ წარმომადგენლები არიან, ისინი საერთო რაოდენობის მეოთხედს შეადგენენ. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟან-ივ ლეპინმა, ერთ-ერთმა ,,ნეოფიტმა“, ვერსალის ეპარქიიდან, რომელიც გასულ წელს მოინათლა, თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა: ,,ჩემ მიერ განვლილი კათაკმევლის გზა შედეგია შეხვედრებისა: მღვდლებთან, რომლებიც მისმენდნენ და მხიარულ და დინამიკურ სამრევლოსთან. მათი წყალობით აღმოვაჩინე ღია, მიმღები და უკიდურესად მრავალფეროვანი ეკლესია! იყო ქრისტიანი და ,,კათოლიკე“ (საყოველთაო), ნიშნავს გამოსცადო ეს სიკეთე ანუ ზრუნვა, გულისხმიერება და სიყვარული, რომელიც უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე სიმდიდრე, ძალაუფლება და დიდება“.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა" / 2024, მაისი
Comments