8–9 ივნისს, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე – "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში".
ეს არის რიგით მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი. იგი ტარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დარბაზში, ასევე ონლაინ პლატფორმა ZOOM -ის მეშვეობით.
სიმპოზიუმი ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს.
სიმპოზიუმი საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და წმინდა საყდრის დესპანმა, ჟოზე აველინო ბეტანკურმა გახსნეს.
გთავაზობთ ვატიკანის ელჩის სიტყვას:
"ძვირფასო მეუფე ჯუზეპე პაზოტო, ბატონო რექტორო, პროფესორო ვაჟა ვარდიძე, ძვირფასო პროფესორ-მასწავლებლებო, სტუდენტებო და მეგობრებო,
მოხარული ვარ მონაწილეობა მივიღო დიდი ხელოვანის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო სიმფოზიუმში თემაზე „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“.
ამ სიმფოზიუმის მანძილზე საშუალება გვექნება მოვუსმინოთ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების პრესტიჟული უნივერსიტეტების სწავლულებს. წარმოჩნდება არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პიროვნება საქართველოს კათოლიკური ცხოვრების ისტორიიდან, გაშუქდება ის გარემო, რომელშიც მოღვაწეობდნენ დიდ ქართველი კათოლიკეები, როგორიცაა, კერძოდ, ზაქარია ფალიაშვილი.
სიმპოზიუმის განმავლობაში ვიზეიმებთ მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს. ორიოდე კვირის წინ პატივი მქონდა დავსწრებოდი პრეზენტაციას წიგნისა „მესა - ლათინური ლიტურგია“. გასულ კვირადღეს კი დავესწარი ფალიშვილის მიერ მართლმადიდებლური ლიტურგიისთვის შექმნილი ნაწარმოებების კონცერტს. მოსმენილმა ბგერებმა, ჰარმონიებმა და საკომპოზიტორო ტექნიკამ ფალიაშვილის ეპოქის არაერთი სახელგანთქმული კომპოზიტორი გამახსენა. და მაინც, იგრძნობოდა ფალიაშვილისეული განსაკუთრებული ხელწერა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი ჰანგები, ჰაერში მოლივლივე საკმეველივით რომ აღამაღლებენ მსმენელის სულს.
ფალიაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია - აქ ვხვდებით როგორც სალაღობო, ასევე შთამაგონებელ ჰანგებს, ისტორიულ და ეპიკურ ქმნილებებს, ლიტურგიულ და სასულიერო მუსიკას, ქართულ პატრიოტულ ნაწარმოებებს. მისი ქმნილებები ესაუბრება მსმენელებს, აერთიანებს, შთააგონებს და მოუწოდებს მათ. ფალიაშვილის შემოქმედება ხიდად გაიდო საქართველოს კუთხეებს, მორწმუნე ხალხს, საქართველოსა და მსოფლიოს შორის.
ზაქარია ფალიაშვილი უდიდესი ქართველი შემოქმედია. მისი პიროვნება კვლავაც შესასწავლი და აღმოსაჩენია. მადლობას გიხდით სიმფოზიუმის მოწყობისთვის, თქვენი წვლილისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის.
დიდი მადლობა".
catholic.ge
Comments