top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის' ახალციხის ფილიალი გაიხსნა



ქალაქ ახალციხეში, კამილიელთა ორდენმა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. იგი შშმ პირთა და ფსიქო–ფიზიკური რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს. შენობა თანამედროვე ტექნოლოგიითა აღჭურვილი.


2022 წლის 25 მაისს, წმ. კამილოს დღესასწაულზე, ახალციხეში „კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფილიალი გაიხსნა. შენობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში შენდებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და რეგიონის მცხოვრებლებს ფსიქო–ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით მოემსახურება.


ცენტრის ოფიციალურად გახსნის ცერემონიაზე კამილიელთა ორდენის წარმომადგენლები, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, წმიდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი, მონს. ჯუზეპე ლატერცა, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, სტუმრები პოლონეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იმყოფებოდნენ.


„ცენტრის გახსნა ნიშნავს, რომ წინ გადაიდგა ნაბიჯი მომავლისთვის და ამის გამო, ბედნიერები ვართ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ბედნიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ თბილისში, ჩვენ რეგიონში ვართ და ეს არის ნიშანი, რომელიც გვეუბნება, რომ აქ არის საქართველო, არა მხოლოდ დედაქალაქში. ეს ცენტრი მნიშვნელოვანია ყველასთვის. ბევრი ორგანიზაცია დაეხმარა ამ ცენტრს, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებით ძლიერდებიან, შემდეგში ეხმარებიან სხვებს“ , – განმარტა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.




კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ახალციხის ფილიალის დაარსების იდეა ამ ქალაქში წმინდა ნინოს კონგრეგაციის დების მოღვაწეობას უკავშირდება. სამი მონაზონი ახალციხეში 2010 წელს ჩამოვიდა და მათ დაიწყეს შშმ პირებთან მუშაობა, სახლებში.

მას შემდეგ სერვისის მიღებისათვის მონაზვნებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი აკითხავდა. 2013 წელს კი მალტის ორდენის ბერლინის წარმომადგენლობამ, კამილიელთა ორდენთან ერთად ურთიერთპარტნიორობის პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა 18 წელს ზემოთ ასაკის შშმ პირთა დღის ცენტრის დაფინანსებას. ორგანიზაციამ დაიწყო შშმ პირთა დღის ცენტრის ფუნქციონირება. იგი საზოგადოებაში ცნობილია „ტალიტა კუმის“ სახელით.


„ამის შემდეგ ეტაპობრივად ემატებოდა შშმ პირები ახალციხიდან და მიმდებარე სოფლებიდან. ამჟამად, ჩვენ ვახდენთ მათ ტრანსპორტირებას, ადგილზე გადიან თერაპიულ ჩარევას, იღებენ სხვადასხვა სერვისებს, რაც მათ სჭირდებათ რეაბილიტაციური თვალსაზრისით. ეს შეიძლება იყოს არტ–თერაპია, მუსიკა თერაპია, სპეც–პედაგოგიკა და სხვა. 2018 წელს ჩვენ ვიყავით პირველი ორგანიზაცია, რომელმაც რეგიონში „ბავშვთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა“ შემოიტანა. დღეს უკვე 20 ბენეფიციარია, რომელიც სარგებლობს“, – ამბობს კამილიელთა სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კობა კაბოსნიძე.


ახალი დღის ცენტრის გახსნა და მისი აღჭურვა საქართველოში მოღვაზე კამილიელთა ორდენის დიდი მონდომებით მოხერხდა.



„ტალიტა კუმში“ ბენეფიციარების გაზრდის გამო, დღის წესრიგში ახალი შენობის აშენება დადგა. იგი გერმანული ფონდის „Renovabis“–ის დააფინანსებით აშენდა.


„2 წელის განმავლობაში მიმდინარეობდა ცენტრის მშენებლობა. დღეს უკვე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია; ჩვენ გვაქვს კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ისინი თბილისის ოფისში გადიან სწავლებას.


ჩვენი მიზანია, რომ როგორც სახელმწიფო პროგრამა დავნერგეთ რეგიონში, ასევე საერთო პროგრამა დავნერგოთ შშმ პირთა დღის ცენტრებში, რომ ჰქონდეთ აქაურ მოსახლეობას საშუალება ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით.


თბილისიდან ექიმების ვიზიტებს რაც შეეხება ახალციხეში, ეს ჩვენი გეგმის ერთ–ერთი მთავარი მიზანია, რომ ჩვენ რამდენიმე წლის მერე მივიღოთ ადგილობრივი მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები“, – ამბობს კობა კაბოსნიძე.


ამ ეტაპზე, ცენტრი მუშაობას ორი მიმართულებით გააგრძელებს. რჩება შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამა და ასევე ცენტრი ღია იქნება ყველა მსურველისათვის, რომელსაც ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება:


„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რაიმე სახის პრობლემა შეიძლება წარმოეშვას ფსიქო–ფიზიკური რეაბილიტაციის მიმართულებით და საჭიროებს ამ სერვისებს, მას შეუძლია მიმართოს ჩვენს სპეციალისტებს. ასევე ხშირად იქნება ექიმების ვიზიტები თბილისიდან. მათ ექნებათ ადგილზე დიაგნოსტირების საშუალება და ადგილზევე ჩაიტარებენ საჭირო სერვისებს“, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეუძლია დღის განმავლობაში დაახლოებით 150 პაციენტიც მიიღოს.


რაც შეეხება მომსახურების საფასურს, „ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ფორმატის მიდგომა უნდა გვქონდეს ფინანსური თვალსაზრისით“, – ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, სარგებლობს თუ არა პაციენტი სახელმწიფო ვაუჩერით. ასევე შეღავათებს დააწესებს ადგილობრივი თვითმმართველობა. მოსახლეობას შეეძლება მათ ფინანსური უზრუნველყოფისთვის მიმართოს.





თაკო ფეიქრშვილი

რობი ზარიძე



コメント


bottom of page