top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კაპუცინელმა ბერებმა მფარველი წმინდანის მოხსენიების დღე აღნიშნეს

4 ოქტომბერს, ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის, წმ. ფრანცისკე ასიზელის მოხსენიების დღეა. თარიღი განსაკუთრებით აღნიშნეს ახალციხეში, კაპუცინ ძმათა მონასტერში, სადაც ამჟამად ორი მღვდელმსახური ცხოვრობს. კაპუცინები სწორედ ფრანცისკელთა ორდენის განშტოებას წარმოადგენენ ამიტომ მათთვისაც მფარველი წმინდანი წმ. ფრანცისკეა.



მფარველი წმინდანის მოხსენიების დღეს, ახალციხის სამლოცველო სახლში წმ. წირვა აღევლინა, რომელზეც იმყოფებოდნენ ორი ადგილობრივი და ორი პოლონეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული კაპუცინი ბერი, ასევე ვალის სამრევლოდან მამა მიხეილ სურმავა და ხიზაბავრის მოძღვარი მამა მერაბ ტატალაშვილი.


წმ. წირვა მამა ტომაშ ვრონსკიმ აღავლინა, რომელიც 168 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2013 წელს ერთ–ერთი პირველი კაპუცინი ბერი იყო, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. ქადაგებისას იგი წმ. ფრანცისკე ასიზელის მოქცევის ამბავს შეეხო და აღნიშნა, რომ ქარიზმა, რომელსაც ფრანცისკელთა ორდენის ბერები ატარებენ, საქართველოში ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ არსებობდა.


„წმინდა ფრანცისკემ ახალგაზრდობა გართობაში, ფულის ფლანგვასა და საკუთარი ახირებების შესრულებაში გაატარა. მისი ცხოვრების წესი არ გამოირჩეოდა იმდროინდელი მდიდართა შვილების ცხოვრებისაგან. ვფიქრობ, რომ დღესაც ასიზელ ფრანცისკეს უამრავი მიმბაძველი ეყოლებოდა: კარგი მანქანა, მოდური ჩაცმულობა, ქეიფი, გართობა და დროის ტარება, თუმცა მისმა ცხოვრების წესმა სრული ცვლილება განიცადა. იყო რამდენიმე მიზეზი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახარების სიტყვები, რომლის მოსმენის შემდეგ, მისი გონება და გული სრულიად შეიცვალა.


მამა ტომაშ ვრონსკი

ერთ დღეს, როდესაც ასიზთან ახლოს, პატარა სამლოცველოში – „პორწიუნკულაში“ კითხულობდნენ სახარებას, იმის შესახებ თუ როგორ გაგზავნა უფალმა მოციქულები, რათა მისი მოძღვრება ექადაგათ, ფრანცისკე უსმენდა, მაგრამ სახარების ზუსტ აზრს ვერ იგებდა. წმ. წირვის დასრულების შემდეგ, მივიდა მღვდელთან და სთხოვა მისთვის განემარტა სახარების აზრი, მღვდელმა განუმარტა ყველა დეტალი, როცა ფრანცისკემ მოისმინა, რომ ქრისტეს მოციქულები არ უნდა ატარებდნენ ქისას, აბგას, ფულსა და ხელჯოხს, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს, არამედ მათ უნდა აუწყონ ღვთის სასუფეველი და მონანიებისკენ მოუწოდონ ადამიანებს, იმდენად გაუხარდა ამ სიტყვებისა, რომ ხმამაღლა წამოიძახა: „ეს ისაა! ისაა, რაც მსურს! ისაა, რასაც მივცემ მთელი გულით! მინდა ამის შესრულება!“. სახარების ამ მონაკვეთს ჰქონდა ძირითადი მნიშვნელობა ფრანცისკე ასიზელისა და ჯოვანი ბერნანდონეს მოქცევაში. ამ სიტყვებმა იმდენად შეძრა მისი გული, რომ ჩვენი ორდენის დასაწყისს ჩაეყარა საფუძველი, ამ ოდენის წესის ფუნდამენტი გახდა. ფრანცისკესთვის სახარების სიტყვები, ქრისტეს სიტყვების მსგავსი იყო, რომლებსაც პირდაპირი გაგებით იგებდა. მას ცხოვრებაში უნდოდა ამ სიტყვების შესრულება. უფლის თითოეული სიტყვა მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. თუკი რაიმე ფურცელს იპოვიდა, სადაც წმინდა ტექსტი იყო დაწერილი, მის ძმებს სთხოვდა მოეგროვებინათ ფურცლები, შეეკრათ და მოეთავსებინათ საპატიო და საჭირო ადგილზე, რომ სადმე ქუჩაში არ ეფრიალა.


ჩვენთვის ეს ძვირფასი მითითებაა. როდესაც ღვთის მსახურებისას სახარების სიტყვებს ვუსმენთ, ზოგჯერ რთულია იმის გამეორება რაზე იყო სახარება. ჩვენი გონება სხვა მოსაზრებებითაა დაკავებული და ღვთის სიტყვას მეორე ყურიდან გარეთ ვუშვებთ, მაგრამ როდესაც გაქვს იმის ცნობიერება, რომ ამ სიტყვას ძალა აქვს, რომ შეუძლია აქ და ახლა შეცვალოს შენი ცხოვრება, რომ შეუძლია შენი განკურნება, განთავისუფლება შიშისა და სულიერი ავადმყოფობისაგან და აგრეთვე სხეულის სენისაგან, ამის შემდგომ ყურადღებით მოუსმენ და არ დართავენ ნებას, რომ ამ სიტყვამ შენს მიღმა, სადღაც ფანჯარასთან ჩაიფრიალოს.


ფრანცისკე ამ სიტყვაზე დაყრდნობით მიებაძა ქრისტეს. იმდენად მისი მსგავსი იყო, რომ მიენიჭა მადლი, მის სხეულზე მსგავსად ქრისტეს სხეულისა, გაჩნდა ჭრილობები, როგორიც ჰქონდა ჩვენს მაცხოვარს: ხელებზე, ფეხებსა და ნეკნზე. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მას „მეორე ქრისტე“ ვუწოდოთ. მაგრამ აგრეთვე უფალს სურს, რომ ყველა ჩვენგანი მისი მსგავსი იყოს. არ არის აუცილებელი მსგავსი ფორმით, ისე, როგორც ფრანცისკე ან მამა პიო, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ისე გვიყვარდეს როგორც მას უყვარდა, არ განვსაჯოთ სხვები, რომ ყველა ადამიანში შეგვეძლოს ძმისა და დის დანახვა. შეგვეძლოს ხალხში შემოქმედის დანახვა და აგრეთვე მისი ულამაზესი ქმნილების დანახვა – ესაა ფრანცისკანული ქარიზმა, თვისება, რომელიც კაპუცინების აქ ყოფნით ვლინდება საქართველოშიც.


მან აქ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ მოაღწია, ახლა კი ხელმეორედ უკვე 10 წელია, რაც დაბრუნდა და დღეს აქ არიან მამა მარეკი და მამა იაცეკი, პირველი იყო მამა ფილიპო და კიდევ ერთი ერთი [იგულისხმა საკუთარ თავი c.g.] ამის შემდეგ შევძლებთ ღვთის დიდებას ყველაფრისათვის, რაც ჩვენს ცხოვრებაში გვხვდება მსგავსად წმინდა ფრანცისკესი“, – ისაუბრა ქადაგებისას მამა ტომაშ ვრონსკიმ.

მამა მარეკ პჟეჩევსკი

ლიტურგიის დასასრულს, კაპუცინმა ბერმა, მამა მარეკ პჟეჩევსკიმ ახალციხის სამრევლოს მუდმივი მზრუნველობისათვის მადლობა გადაუხადა:

„ჩვენ კაპუცინელებს არ გვყავს მხოლოდ ერთი მფარველი წმ. ფრანცისკე, არამედ თქვენც ასევე ხართ ჩვენი მფარველები. მადლობა ჩვენთან ერთად ლოცვისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც თქვენგან ყოველდღიურად ვიღებთ. ბოდიში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მგალობელთა გუნდს, რომელიც საუკეთესოა საქართველოში. ყოველი ლიტურგიისა და დღესასწაულისათვის დიდი ვალდებულებით ემზადებით და ამ ლიტურგიას გალობით ძალიან ლამაზად აღვავლენთ, მაგრამ თქვენ არ ხართ აქ მხოლოდ ეკლესიაში გალობებისათვის. ბევრი თქვენგანი გვეხმარება ბევრ რამეში. ქართულის სწავლაში, ქადაგების ტექსტების შემოწმებაში, მანქანების შეკეთებასა თუ საბურავების გამოცვლაში და ა.შ. ეს და სხვა დახმარება ჩვენთვის უბრალოდ, ფასდაუდებელია. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი სიკეთისთვის“, – მიმართა მრევლს მამა მარეკმა.


დღესვე ფრანცისკე ასიზელის მოხსენიების დღეს, კაპუცინ ბერებთან ერთად აღნიშნა მღვდლად კურთხევის 15 წლის იუბილე მამა მიხეილ სურმავამ, რომელიც რამდენიმე დღეში ვალიდან მის ახალ სამრევლოში, წმ. პეტრეს და წმ. პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში, თბილისში გააგრძელებს მუშაობას.


მამა მიხეილ სურმავა

––

2023 წლის მარტში, კაპუცინთა ორდენის საქართველოში დაბრუნებიდან ათი წელი გავიდა. 168 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2013 წელს ორი კაპუცინი ბერი: პოლონელი მამა ტომაშ ვრონსკი და იტალიელი მამა ფილიპო ალიანი საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ ცხოვრება ახალციხეში დაიწყეს, სადაც დაარსდა კაპუცინ ძმათა მონასტერი, ყოველკვირეულად კი წირვას რაბათში, წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში სწირავდნენ. მალე ბერებს იტალიიდან კიდევ ერთი ძმა, მამა ატილიო ერდასი შეუერთდა.


პირველი კაპუცინების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ისინი ორდენის სხვა წევრებმა ჩაანაცვლეს. ამ ათი წლის განმავლობაში მონასტერში შემდეგი ბერები ცხოვრობდნენ: მამა ფაბიო სკვიცატო (იტალია), მამა ალექ ვაიციახოვიჩი (ბელარუსი), მამა პეტრე გუდალევსკი (პოლონეთი), მამა პეტრე სტრელკო (პოლონეთი).


2022 წლიდან მონასტერში ორი ბერია: მამა მარეკ პჟეჩევსკი და მამა იაცეკ სემენიაკი, ორივე პოლონეთიდან. ბერები კვლავ ახალციხეში, კაპუცინ ძმათა მონასტერში ცხოვრობენ, ამავდროულად წირვებს აღავლენენ წმ. სავარდის სახელობის ტაძარში, რაბათში და ივლიტაში.


თაკო ფეიქრიშვილი



Comments


bottom of page