top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კარდინალი, რომელიც 38 ენასა და 50 დიალექტს ფლობდა

ვატიკანის ბიბლიოთეკის მცველი, ჯუზეპე კასპერ მეცოფანტი (1774-1849) იყო იტალიელი კარდინალი, რომელიც ენების ცოდნის გასაოცარი ნიჭით მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა . ის ძალიან კარგად ლაპარაკობდა მინიმუმ 30 ენაზე, ხოლო ბევრ სხვა ენაზე საბაზისო ცოდნა ჰქონდა.


უცხო სიტყვათა აკადემიური ლექსიკონის თანახმად, სიტყვა პოლიგლოტი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ბევრ უცხო ენას ფლობს. მაგრამ კონკრეტულად რამდენი ენა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ პოლიგლოტად ჩაითვალოს?

 

თანამედროვე საზოგადოებაში ორი–სამი ენის ცოდნა ნორმად ითვლება. ზოგიერთ სახელმწიფოში რამდენიმე ოფიციალური ენაა, მაგალითად, შვეიცარიაში ოთხი ენაა ოფიციალური და ბევრი შვეიცარიელი ოთხივე ენას ფლობს.

 

ისტორიიდან ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად საუბრობდნენ და წერდნენ ათზე მეტ ენაზე, თუმცა ასეთი ადამიანები საკმაოდ ცოტა იყო. ზე-პოლიგლოტები კი საუბრობენ გაცილებით მეტ ენაზე, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

 

ყველაზე ცნობილი ზე-პოლიგლოტი, რომლის შესაძლებლობებიც დოკუმენტირებულია, ცხოვრობდა XIX საუკუნეში. იგი იყო ვატიკანის ბიბლიოთეკის მცველი, კარდინალი ჯუზეპე კასპერ მეცოფანტი.

 

კარდინალის შესახებ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დადიოდა ლეგენდები, რომ იგი ძირითადი ევროპული ენების გარდა ფლობდა ესტონურს, ლატვიურს, ქართულს, სომხურს, ალბანურს, ქურთულს, თურქულს, სპარსულსა და კიდევ სხვა ბევრ ენას. ითვლება, რომ იგი თარგმნიდა 114 ენიდან და რამდენიმე ათეულობით დიალექტიდან. დღემდე მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად რამდენ ენას ფლობდა კარდინალი, ანუ რამდენ ენაზე შეეძლო მეტყველება, წერა-კითხვა, თარგმნა ზეპირსიტყვიერად და წერილობით, თუმცა დაზუსტებით ცნობილია ის, რომ სასულიერო პირმა მთელი ცხოვრება სამშობლოში, იტალიაში გაატარა და არასდროს უმოგზაურია მის საზღვრებს გარეთ.

 

ჯერ კიდევ სკოლაში, ჯუზეპემ შეისწავლა ლათინური, ძველი ბერძნული, ესპანური და გერმანული, ხოლო სკოლის მასწავლებლებისგან, რომლებიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მისიონერები იყვნენ,  ინდიელთა ტომების რამდენიმე ენა შეისწავლა.

 

მეზოფანტი კარგად ითვისებდა სხვა საგნებსაც და ამის გამო, სკოლა დროზე ადრე დაასრულა, თუმცა მისი მღვდლად ხელდასხმა ასაკის გამო მაშინვე ვერ მოხერხდა. ხელდასხმის საიდუმლოს მოლოდინის პერიოდში მან შეისწავლა აღმოსავლური და ახლოაღმოსავლური ენები. ნაპოლეონის ომის დროს, იგი მსახურობდა ჰოსპიტალში, როგორც კაპელანი. აქ მან დაჭრილებისა და სნეულებისგან კიდევ რამდენიმე ენა აითვისა. იგი მრავალი წელი იყო ვატიკანის არქივის მთავარი მცველი, სადაც კიდევ გაიფართოვა ლინგვისტური ცოდნის არეალი.

 

ჯუზეპეს მამა იყო დურგალი და სურდა, რომ შვილი მის პროფესიას გაჰყოლოდა. მართალია, ამ ხელობით ვერ გამდიდრდებოდა ადამიანი, თუმცა ოჯახის გამოკვებას ყოველთვის შეძლებდა. იმ დროს, იტალიაში დურგლები ხშირად ღია ცის ქვეშ მუშაობდნენ. პატარა ჯუზეპეს დანადგარი ერთი ხანდაზმული მღვდლის სკოლის ფანჯრებთან ახლოს იდგა, სადაც ბავშვები სწავლობდნენ ძველ ბერძნულსა და ლათინურს. ჯუზეპე ისმენდა და იმახსოვრებდა ყველაფერს, რაც სკოლის ფანჯრებიდან გარეთ ისმოდა. მან ძალიან ბერი შეისწავლა გარედან, რის შესახებაც მღვდელს მიუვიდა ინფორმაცია, მან კი ეს ნიჭიერი ბავშვი თავის სკოლაში ჩარიცხა.

 

მღვდელმსახურის ნიჭზე კიდევ ერთი ისტორიაა ცნობილი, რომელიც ნებისმიერს აოცებს, ვინც ისმენს. ერთხელ, უკვე როგორც მღვდელმსახური, მეზოფანტი დაუძახეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, რათა მიეღო ორი ბოროტმოქმედი სიკვდილმისჯილის აღსარება. აღმოჩნდა, რომ სიკვდილმისჯილები უცხო ენაზე საუბრობდნენ, რომელიც მან არ იცოდა. მღვდელმა გაარკვია რა ენაზე საუბრობდნენ ისინი, ერთ ღამეში შეისწავლა ის ენა ისე, რომ მეორე დღეს უპრობლემოდ მიიღო მათი აღსარება.

 

კარდინალ ჯუზეპე მეცოფანტის ცხოვრება დაკავშირებული იყო წიგნებთან.  1803 წელს იგი  ბოლონიაში ბიბლიოთეკარის დამხმარედ დაინიშნა, ხოლო 30 წლის შემდეგ, 1833 წელს ვატიკანის ბიბლიოთეკის მთავარი მცველი გახდა და აღნიშნული თანამდებობა სიკვდილამდე ეკავა. რა თქმა უნდა, მეცოფანტის ხელი მიუწვდებოდა უამრავ წიგნზე და გამუდმებით კითხულობდა, ეს კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ მან შეძლო აეთვისებინა ბევრი უცხო ენა.

 

ჯორჯ ბაირონი კარდინალზე წერდა: “იგი არის ლინგვისტური სასწაული, მას უნდა ეცხოვრა ბაბილონის პანდემიის დროს, იგი იქნებოდა უნივერსალური თარჯიმანი ყველა ენაზე. მე იგი შევამოწმე ყველა იმ ენაზე, რომლებსაც მე თვითონ ვფლობ და იმ ენებზე, რომლებზეც თუნდაც ერთი სიტყვა ვიცი“.


შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page