top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კიდობანი, რომელშიც ტრადიციის თანახმად მოგვების რელიკვიები ინახება

‘მოგვების კიდობანი’ შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის შედევრია და გერმანიაში, კიოლნის საკათედრო ტაძარში, მთავარი საკურთხევლის უკანა ნაწილშია განთავსებული.



1190-1225 წლებში დამზადებული კიდობნის ავტორად ოქრომჭედელ ნიკოლა დე ვერდენსა და მის მოწაფეებს თვლიან. ასევე ცნობილია, რომ იგი იმპერატორ ოტო IV - ის შეკვეთით დამზადდა. ეს კიდობანი შეიქმნა იმისთვის, რომ მასში განთავსებულიყო სამი მოგვის რელიკვიები, რომლებიც იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას ბრძანებით, მილანის ტაძრიდან გამოიტანეს და 1164 წლის 23 ივლისს, კიოლნის მთავარეპისკოპოსისა და საიმპერატორო არქიკანცლერის რაინოლდ ფონ დასელის გადაწყვეტილებით, კიოლნში გადააბრძანეს.

 

სიწმინდეებმა მაშინვე მიიპყრო მრავალი მომლოცველის ყურადღება და მე-12 საუკუნის ბოლოს, იმპერატორმა ოტო IV-მ დაავალა ნიკოლა დე ვერდენს, აეშენებინა მონუმენტური კიდობანი მათ განსათავსებლად, რათა ღირსეულად გამოეტანათ რელიკვიები საზოგადოების წინაშე.

 

კიდობანი შესრულებულია მუხის ხისგან, აქვს ბაზილიკის ფორმა, მოპირკეთებულია ვერცხლით და მოოქროვილი სპილენძის ფირფიტით, შემკულია ძვირფასი ქვებითა და მინანქრით.

 

კიდობნის სიმაღლე 153 სანტიმეტრია, სიგანე  – 110 სანტიმეტრი, ხოლო სიგრძე – 200 სანტიმეტრი, იწონის დაახლოებით 500 კილოგრამს.

 

მის ზედაპირს 72 სხვადასხვა სახის ფიგურა ამშვენებს. მათ შორისაა  წინასწარმეტყველების, მოციქულების, მეფეების გამოსახულებები და ბიბლიური სცენები, რომლებიც ქრისტიანულ ისტორიებს გამოხატავს ძველი და ახალი აღთქმებიდან უკანასკნელ სამსჯავრომდე.


კიდობნის წინა მხარეს გამორჩეულად ჩანს ტახტზე მჯდარი, ზეცად აღყვანილი ღვთისმშობელი ყრმით ხელში, მის აქეთ-იქით დგანან აღფრთოვანებული მოგვები და იმპერატორი ოტო IV. მარჯვენა მხარეს გამოსახულია ნათლისღება მდინარე იორდანეში, ხოლო ზედა ნაწილში დომინირებს ქრისტე მსაჯული, რომელიც გარშემორტყმულია ანგელოზებით, ასევე ამშვენებს სცენები გამოცხადების წიგნიდან. ეს ნაწილი ოქროთია შესრულებული და ეკლესიას საჩუქრად გადასცა თავად იმპერატორმა ოტო IV - მ.

 

ტრადიციის მიხედვით, კიდობანში ინახება არა მხოლოდ სამი მოგვის რელიკვიები, არამედ წმიდა ნაბორასა ფელიქს აფრიკელისა ნეშტიც.

 

საუკუნეების განმავლობაში, ეს სილამაზე უამრავ მომლოცველს იზიდავდა თავისკენ, რაც ხელს უწყობდა კიოლნის საკათედრო ტაძრის პოპულარიზაციას, როგორც ღვთისმოსაობისა და მომლოცველობის ადგილს.

 

1948 წლიდან კიდობანი საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და დაცულია მინის კარკასით, რაც მომლოცველებს აძლევს საშუალებას დატკბნენ მისი მშვენიერებით და პატივი მიაგონ წმიდა რელიკვიებს.

 

 შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page