10-13 სექტემბერს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“.
ამ რამდენიმეწლიანი, ფართო კვლევითი პროექტის სახელწოდებაა: „XVII-XIX საუკუნეების ევროპული რელიგიური მისიების წყაროთა ინტერპრეტაციისათვის. საქართველო ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან“,რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
კონფერენციის გახსნისას, ჯგუფის კვლევათა შედეგები და გეგმები მსმენელებს წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვა გადასცა კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორს საქართველოში, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს. მან საგანგებოდ აღნიშნა ის საქმიანობა, რასაც კათოლიკე მისიონერები ეწეოდნენ ქართული საჯარო ცხოვრებისა და განათლება-მედიცინის გასავითარებლად სხვადასხვა დროს.
კონფერენციის მუშაობას, ასევე, მიესალმნენ: ეპისკოპოსის ვიკარიუსი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი; მამა აკაკი ჭელიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი; მამა გიორგი წეროძე; მთავარეპისკოპოსი, პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი; პროფესორები: თამარ გრძელიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი წმიდა საყდართან; არჩილ მეტრეველი, რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი; მერაბ ღაღანიძე.
შემდგომ, მკვლევრებმა - სხვადასხვა უნივერსიტეტიდან თუ კვლევითი დაწესებულებიდან - წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებშიც განხილული იყო წმიდა საყდრის ურთიერთობა საქართველოსთან XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში ან საქართველოში ამ დროს მოღვაწე კათოლიკეთა – ქართველებისა თუ უცხოელების – ცხოვრება და საქმიანობა:
დავით თინიკაშვილმა იმსჯელა ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებ კათოლიკური სარწმუნოების მიმართ;
მერაბ ღაღანიძემ გააშუქა სულხან-საბა ორბელიანის ურთიერთობა პაპთან, განსაკუთრებით, მისი რომში ყოფნისას;
მანანა ჯავახიშვილმა წარმოაჩინა მონტობანის ქართველ კათოლიკეთა მონასტერი;
თეა თათენაშვილი შეეხო სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის ისტორიას;
ნუგზარ პაპუაშვილმა აღწერა კათოლიკე აღსაზრდელის, პეტრე კიკნაძის, ხანმოკლე ცხოვრება და მისი უკანასკნელი დღეები ბენედიქტელთა მონასტერში, გერმანიაში;
თამარ ცოფურაშვილმა და ანა ლომიძემ განიხილეს ანტონ პირველის ფილოსოფიური შემოქმედების კათოლიკური წყაროები; ლია ქაროსანიძემ გამოთქვა თავისი თვალსაზრისი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, ქართულ-იტალიური ლექსიკონის, წყაროების შესახებ;
ანა ჭკუასელმა მიმოიხილა კათოლიკურ მისიათა ლექსიკოგრაფიული მემკვიდრეობა;
მაია დამენიამ წარმოადგინა კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა (აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილე ამ ორმა ახალგაზრდა მკვლევარმა ცოტა ხნის წინათ დაიცვა სადოქტორო ნაშრომები კათოლიკური მისიების შესახებ საქართველოში).
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ნინო დობორჯგინიძემ მოხსენებით XVII-XIX საუკუნეთა კათოლიკური მისიების წყაროთა ინტერპრეტაციის შესახებ.
პროექტი 2021 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ფოტოები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მასალა – ჟურნალი "საბა"/ 2024, ოქტომბერი
Comments