ხიზაბავრელი კათოლიკე მღვდელი იოსებ ხუციშვილი, იგივე ხუციანოვი 1800 წელს დაიბადა. 31 წლის ასაკში მღვდლად ეკურთხა და მსახურებისთვისაც საკუთარ სოფელში, ხიზაბავრაში გაამწესეს.

მის შესახებ ბევრი ცნობა არ იძებნება. მამა იოსების შესახებ ცნობებს თავი ერთად მოუყარა და 2023 წელს მცირე მონოგრაფიად გამოსცა ისტორიკოსმა ნატო ყრუაშვილმა. როგორც იგი წერს:
„ივანე გვარამაძე მამა იოსების ხიზაბავრაში მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას გვაწვდის: „ძველ ნანგრევ კოშკის ადგილას ააშენა ეკლესია 1844 წელს და უვლიდა ერს რიგიანად“. იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა სოფელ უდეში, არალში, ახალციხეში, საჭიროებისამებრ რამდენჯერმე მოუხდა ხიზაბავრაში დაბრუნება. ივანე გვარამაძის თქმით, „მან არ დააკლო თავისი ჩვეული მეცადინეობა თუ ეკლესიებში და თუ მრევლში. ამის გამო ამორჩეულ იქნა ჩვენის ეპარქიის ეპისკოპოსისგან ორჯერ თუ სამჯერ ჩვენის სასულიერო ს.კ მმართველობის პატივცემულ წევრად“.
იოსებ ხუციშვილი იყო მღვდელი, რომელსაც „მესხ ჰუტენბერგს“ უწოდებდნენ, რადგან მან სტამბა გამოიგონა, თანაც ისე, რომ თვითნასწავლი იყო და საბეჭდი სტამბა არასდროს ენახა. 1800–იან წლებში ეს სტამბა ერთადერთი ქართული სტამბა იყო, აქ დაბეჭდილი წიგნების უმთავრეს დანიშნულებას კი სამცხე–ჯავახეთის ქართველი მოსახლეობის განათლება, მათში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება–გაძლიერება წარმოადგენდა. ყველზე ურთულეს რუსიფიკატორული პოლიტიკის პერიოდში, იქ დაბეჭდილმა წიგნებმა უდიდესი საგანმანათლებლო მისია შეასრულა წიგნს მოკლებულ სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობისათვის.
მამა იოსებს საკუთარი სტამბა ხიზაბავრაში, 1836 წელს, დამოუკიდებლად დაუარსებია.
მოგვიანებით, კონსტანტინე გვარამაძე მასზე წერდა: „ამ ორმოცი–ორმოცდაათი წლის წინეთ ხეზე ამოსჭრა ქართული ანბანი და თავის ნაწერებსა და ლოცვებს უწყო ბეჭდვა. მეტად შესანიშნავი ნაბეჭდია. რა გინდა თვალნაკლული და ბეცი ადამიანი იყოს, ამ ნაბეჭდს უსათვალოდაც წაიკითხავს. სტამბა სახლში ჰქონდა და მსხვილადაა ნაბეჭდი“.
კონსტანტინე ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ მღვდელს თავლით არ ჰქონდა ნანახი სტამბა და ისე შექმნა, თავის წარმოსახვით: „მან, ასოები გააკეთა ქართული, რომელსაც არ ენახა სტამბა და დაბეჭდა ქართული ლოცვის წიგნები, რომელსაც თან ჩაურთო თავის მიერ გაკეთებულ ხის კლიშეებზე ქრისტე ღვთისმშობლის სურათები ფერადებათ. ამისთვის მას ვუწოდებთ სამესხეთო ჰუტენბერგსა“.
კონსტანტინეს მამა, კათოლიკე მღვდელი ივანე გვარამაძე კი მამა იოსებ ხუციშვილს ასე იხსენებდა: „თავისთავად გამოიგონა ქართული პრესის კალაპოტი და ერთხანად ჰბეჭდავდა წიგნებს, ვიდრე არ დაეშლებოდა მთავრობისგანო“. თუმცა სანამ მთავრობამ დაუშალა, იქამდე შეძლო და დაბეჭდა ის წიგნები, რომლებიც განვითარებაში დაეხმარებოდა თავადაც და სხვებსაც – წიგნები სასულიერო და საერო ჟანრის.
მის სტამბაში დაბეჭდილ პირველ წიგნს საკმაოდ მოცულობითი სათაური აქვს – "პარტეზი სულიერი, რომელსაც შინა შეიკრიბებიან მრავალნი მხურვალე ლოცვანი დაბეჭდილი წელსა უფლისასა 1836, მაისის 7. პირმშო". ამით ირკვევა, როდის დაიბეჭდა პირველი წიგნი. სხვათა შორის, ამ წიგნის ბოლოში, მღვდლის საავტორო ლექსიც კი აქვს დატანილი, რომელიც ასე ჟღერს:
ჩემს ძალზედ მეტი საქმე, დიაკვნობაში ავსახე,
სადნობელი მადნისაგან წერვის ასონი ჩავსახე,
საბეჭდავი არ მენახა, ორი საქმე გამოვნახე,
კურსი ვჰკარი ჩამოვასხი, ქაღალდზედა ასო ვსახე,
წამკითხველსა გიადვილებს, ამ წიგნის თარიღი ნახე,
ჩინი ასო ხელთ დაიპყარ, ყარი მის ახლოს მონახე,
ოცდაათი ლასით შეჰკარ, ექვსიც მასთან გამონახე,
სრული თარიღი მუნ გამცნოს, მეხუთე თვის შვიდი ნახე,
აღვასრულე ქრისტეს ძალით, ზემ ხსენებულ თარიღისა,
სასჯელი ბევრი გავწიე, გვირგვინად მივეცი ერსა,
სახელი დავსდევ პარტეზი, ქართულად ბაღი თარგმნესა,
მომიხსენიეთ მეც ძმანო, თქვენი ლოცვა წინ მხვდესა“.
ასე, ამ რამდენიმე სტრიქონში აღწერა საკუთარი საქმიანობა მამა იოსებ ხუციშვილმა. ამ ლექსიდან გამომდინარე, მეცნიერი ილია მაისურაძე წერდა: „ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მართლაც საქმე გვაქვს მოხალისე, თვითნასწავლ ხელოსანთან, ისეთ მესტამბესთან, რომელსაც სტამბა არასდროს ენახა და მაინც წიგნის ბეჭდვა მიზნად ჰქონდა დასახული“.
საინტერესოა, რომ იგი არა მხოლოდ ტექსტის ფურცელზე გადატანით იყო დაინტერესებული, არამედ, ცდილობდა მისი წიგნები ილუსტრირებული, ვიზუალურად ლამაზიც ყოფილიყო. სწორედ ასე საქმიანობაში ეხმარებოდა მას საკუთარი და, რომელსაც თერეზინა ერქვა. მას შემდეგ, რაც მამა იოსები ტექსტს დაბეჭდავდა, თერე მიუჯდებოდა თავისუფლად დატოვებულ ფურცლებსა და აშიებს და მოხატავდა.
და–ძმის ერთგვარად საგანმანათლებლო საქმიანობა ამით არ დასრულებულა. წიგნების ბეჭდვის გარდა, მღვდელმსახურს საკუთარ სახლში გახსნილი ჰქონდა ორი კათოლიკური სასწავლებელი: „სავაჟებო“ და „საქალებო“. „საქალებო“ სასწავლებელს, ე.ი. გოგონების განათლებას უძღვებოდა თერეზინა, ვაჟებისას კი თავად. ამ სასწავლებლებში და–ძმა სახელმძღვანელოებად იყენებდნენ თავიანთ სტამბაში დაბეჭდილ წიგნებსაც. ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის მიხედვით, თერეზინა, გოგონებს ძირითადად წერა–კითხვას, ლოცვებსა და ქალის ხელსაქმეს ასწავლიდა. მისი საოჯახო სკოლის მიზანი მომავალი ცხოვრებისათვის გოგონების მომზადება იყო.
რაც შეეხება თავად მამა იოსების განათლებას, მან პირველადი განათლება ოჯახში, დედისგან მიიღო, შემდეგ კი ახალციხეში სწავლობდა არქიმანდრიტ პავლე შაყულიანის, იგივე ჭილიმუზაშვილის სკოლაში, სადაც თავი გამოუჩენია კალიგრაფიასა და მხატვრობაში.
მღვდელ ხუციშვილზე საინტერესო მასალას ვხვდებით ილია მაისურაძის ჩანაწერებში, რომელსაც 1944 წელს ახალციხეში მამა იოსების მომსწრე მოხუცებთან უსაუბრია: "[მამა იოსები] იყო მაღალ–მაღალი და ხმელი, ლაპარაკობდა გაჭიანურებულად, არაჩვეულებრივი შრომისმოყვარე და გამრჯე იყო. არც ერთ წუთს უსაქმოდ არ გაჩერდებოდა. ბავშვებს ასწავლიდა წერა–კითხვას. დადიოდა ოჯახებში და მცხოვრებლებს უკეთებდა მოშლილ საათებს, საკერავ მანქანებს, ლამფებსა და მისთანებს. ყველანაირი ხელობა თავისით ჰქონდა შესწავლილი, თეორიული განათლება არ მიუღია, თარგმნიდა წიგნებს, წერდა ლექსებს".
აქედან ირკვევა, რომ მღვდელი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა და მას კარგად უნდა სცოდნოდა უცხო ენები. კონკრეტულად სამცხე–ჯავახეთის ხელნაწერთა ცენტრში დაცული მასალების მაგალითზე, ირკვევა, რომ იგი საფუძვლიანად ფლობდა სომხურ ენას.
მის სტამბაში დაბეჭდილი ერთ–ერთი წიგნის სათაური: „მოთხრობანი სულთა განსაწმენდელისა: დაბეჭდილი წელსა უფლისაა 1838 მარტს ხელით ხუციანთ იოსებისა ხიზაბავრაში“ გვაფიქრებინებს, რომ მან სტამბა თავდაპირველად დააარსა სოფელ ხიზაბავრაში და იქვე ფუნქციონირებდა 1836–1838 წლებში, შემდეგ კი ახალციხეში გადაიტანა. გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მას საკუთარი ლექსების კრებულიც დაუბეჭდავს.
1838 წლიდან, მას შედეგ, რაც მღვდელი იოსები ახალციხეში წმიდა ჯვრის, იგივე დღევანდელ სავარდის კათოლიკურ ტაძარში გადაიყვანეს მსახურებისთვის, მას სტამბაც ახალციხეში გადაუტანია. იქაც მისი სასტამბო მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მამა ივანე გვარამაძე წერდა: „იოსებ ხუციანოვმა ერთხანად ჰბეჭდა, ლოცვის წიგნები, ვიდრე დაეშლებოდა მთავრობისგანო“.
დიდხანს არ იყო ცნობილი, რამდენი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა მამა იოსებ ხუციშვილის სტამბა, ბოლოს კი ეს ინფორმაცია გააცხადა გიორგი მაისურაძის მიერ ახლადმოკვლეულმა დოკუმენტმა, რომელიც 1846 წლით თარიღდება. ამ საბუთის მეშვეობით, ჩანს, რომ მღვდელმსახურს სასტამბო საქმიანობა მთავრობამ შემდეგი განაჩენით აკრძალა – პოლიციაში ორკვირიანი პატიმრობა (რაც შემდეგ ამოიღეს) და მისი წიგნების, ასოების, დაზგის განადგურება. ანუ მამა იოსების სტამბა 1846 წელს განადგურდა. ამასთანავე, ოფიციალურად აეკრძალა წიგნების ბეჭდვა. მკაცრად გააფრთხილეს, რომ აღარ შეექმნა ახალი სტამბა და კვლავ არ გაეგრძელებინა წიგნების ბეჭდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პატიმრობა და გადასახლება ემუქრებოდა. ეს რა თქმა უნდა იმიტომ, რომ რუსი მოხელეებისათვის მიუღებელი იყო ქართულ ენაზე წიგნების ბეჭდვა და გავრცელება.
მღვდელმსახურ ხუციშვილის სტამბაში დაბეჭდილი წიგნებიდან ორმა ივანე გვარამაძის წყალობით მოაღწია ჩვენამდე: „მოთხრობანი სულთა განსაწმენდელისა“, რომელიც გამოცემულია 1838 წელს და შემკულია ილუსტრაციით და „პარტეზი სულიერი, რომელსაც შინა შეიკრიბებიან მრავალნი მხურვალე ლოცვანი, დაბეჭდილი წელსა უფლისასა 1836 მაისის 7“. ამასთან დაკავშირებით კონსტანტინე გვარამაძე წერდა: „მისი ნაბეჭდი გვაქვს ორი სხვადასხვა ზომის ლოცვის წიგნი“. ორივე წიგნი სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში ინახება.
ამრიგად, მამა იოსების სტამბა ფუნქციონირებდა 1836–1846 წლებში. ათი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეული სხვადასხვა ხასიათის წიგნი იქნა დაბეჭდილი და გავრცელებული ქართველ კათოლიკეთა შორის.

როგორც მეცნიერი შოთა ლომსაძე წერს: „იოსებ ხუციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი სტამბა–ხანის მოწყობილობასა და წიგნებს ყურადღება მიაქცია ივ. გვარამაძემ. თუმცა ივანე გვარამაძის გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებით 1918–1919 წლებში, როცა მესხეთში მძიმე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ამ სტამბა–ხანის ნაწილები სადღაც დაიკარგა“.
იმას, რომ მამა იოსებ ხუციშვილის მიერ დაარსებული სტამბა იმ პერიოდის საქართველოში ერთადერთი ქართული სტამბა იყო, ისტორიკოსი დავით კოჟორიძეც ადასტურებს: „სტამბა, მართალია, ოსმალთა დიდი ხნის ბატონობისაგან გათავისუფლებული მესხეთ–ჯავახეთის ქართველი მოსახლეობის გათვითცნობიერების მიზნით იყო დაარსებული და პირველ ხანებში საყოველთაო აღიარებაც არ მოუპოვებია, მაგრამ საყურადღებოა, რადგან იმდროინდელ საქართველოში ერთადერთ ქართულ სტამბას წარმოადგენდაო“.
მართლაც, „თბილისის უწყებათა ქართული ნაწილის“ გაუქმების შემდეგ , საქართველოში ქართულად, სტამბური წესით არაფერი იბეჭდებოდა და მამა იოსების სტამბა, ერთადერთ ქართულ სტამბას წარმოადგენდა. თუმცა იმ დროს, ეს ამბავი ქართული საზოგადოებისათვის უცნობი იყო და შესაბამისად, ვერც აღიარება მოიპოვა.
მღვდლის ნიჭისა და სასტამბო საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ, მაშინ, როცა 1890 წლის 19 თებერვალს ღრმად მოხუცებული იოსებ ხუციშვილი გარდაიცვალა.
გაზეთ "ივერიაში" კი ასეთი ცნობა დაიწერა: "ვინ მოიფიქრებდა, რომ საქართველოს მიყრუებულ ადგილებში თურმე ჰუტენბერგები ჩნდებიან. წელს თებერვლის უკანასკნელ რიცხვებში ახალციხეში გარდაიცვალა ერთი ამ გვარი ჰუტენბერგი"...
1890 წლის 21 თებერვალს, მამა იოსების დასაფლავებაზე მამა ივანე გვარამაძემ ასეთი სიტყვა თქვა:
“პატივცემულნო მამანო და ძმანო! დღეს ჩვენ შეკრებილ ვართ ამ წმინდა ეკლესიაში, დიდის მწუხარებით ვგლოვობთ ერთს ჩვენს დანაკლისსა, რომელიც არის აქავ მდებარე სხეული უფლის მიერ განსვენებულს მამა იოსებ მღვდელს ხუციანოვისა” […]
“ახლა რამ უნდა გვანუგეშოს და გაგვამხნეოს ჩვენ? სხვა არაფერმან თუ არა მხოლოდ მისმან სამაგალითო კეთილმოღვაწეობამ, რომელიც დასტოვა ჩვენთვის მარად სახსოვრად და მისაბაძვლად მთელს ჩვენს სიცოცხლეში”.
1939 წელს კი კონსტანტინე გვარამაძე წერდა: „ხუციანოვი მღვდელი იოსებ მსახურობდა დიდხანს ახალციხის ჯვრის ეკლესიაში და იქვეა დასაფლავებული გალავანში. თავის საფლავი იოსებმა ორიოდე წლის წინედ თვითონ თავისი ხელით ამოთხარა სიკვდილის სიახლოვე იგრძნო თუ არა. მისი საფლავის ქვაზე ჩასმული მარმარილო ბავშვებს გაუნადგურებიათ და ნაწერები აღარ აქვს. საჭიროა დავაწერინოთ იმ ქვაზე მაინც ვინაობა, რომ არ დაიკარგოს საფლავი ცნობილი მესხეთის გუტენბერგისა“.
მოგვიანებით კი შოთა ლომსაძე მიუთითებდა: „იოსებ ხუციშვილის საფლავი დღეს დაკარგულად ითვლება. მისი მიკვლევა და დადგენა კი სრულიად იოლი საქმეა. იგი დასაფლავებულია ახალციხის კათოლიკეთა ჯვრის მონასტრის სამხრეთ –აღმოსავლეთით კედელთან".
მამა იოსებ ხუციშვილის საფლავი მოძიებულ იქნა მისი თანასოფლელის მიხეილ ველიჯანაშვილი თაოსნობით და 1976 წელს „მესხი ჰუტენბერგის“ ნეშტი გადასვენებულ იქნა მშობლიურ სოფელში – ხიზაბავრაში.
გაოყენებული ლიტერატურა:
– ხიზაბავრა – ნ. ყრუაშვილი
– იოსებ ხუციშვილი - ნ. ყრუაშვილი
თაკო ფეიქრიშვილი
Comments