პირველმა ადამიანმა სამოთხეში დაარღვია პირველი მარხვა, როდესაც უგულებელყო ღვთის თხოვნა, რომ არ ეჭამა კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხის ნაყოფი (დაბ. 2,17), რადგან მას მოელოდა სიკვდილი, მაგრამ სანამ ღმერთი ადამს სიკვდილზე ეტყვის, მას დაუსრულებელი სიცოცხლის ხის ნაყოფს სთავაზობს (დაბ. 2,9).

პირველი მარხვა ადამიანისთვის მინიჭებული თავისუფალი ნების შესანიშნავი ,,პრეზენტაციაა“, როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, გადარჩენასა და დაღუპვას შორის, ღმერთთან ყოფნასა და უღმერთოდ ყოფნას შორის, სამწუხაროდ, იგი შეგნებულად არჩევანს სიკვდილზე აკეთებს.
ამრიგად, ადამი, როგორც დაცემული მესია, აღმოჩნდება მატერიალური სამოთხისა და სიცოცხლის მიღმა, ერთ დროს ყველაფრის პატრონი, სამყაროს პირველი მეფე და მღვდელი, ქმნილებათა გვირგვინი და თავისი მეუღლის საყვარელი ქმარი, ყველაფერს კარგავს, გაღატაკებულს მხოლოდ ერთი რამ აბადია უხვად, პირველი ცოდვის უსიცოცხლო ნაყოფი - ეგოიზმი.
ეგოიზმი არის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი ცოდვა, პარაზიტი, რომლითაც ავადდება ამპარტავანი ადამიანი, ერთადერთი ,,ინფექცია“, რომელიც არ გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, მაგრამ თავისი შედეგით აზიანებს ყველასა და ყველაფერს, რაც მის გარშემოა. ამრიგად, მარხვა სამოთხეში დარჩენის, ღმერთთან ცოცხალი და პიროვნული ურთიერთობის გაგრძელების ერთადერთი გზაა, გზა, რომლიდანაც გადაუხვია ძველმა ადამმა, და გზა, რომელზეც დაგვაბრუნა ახალმა ადამმა.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, სამოთხისაგან განსხვავებით, დახუნძლულია მრავალი ვნებითა და საცდურით, მრავალი აკრძალული ხის ნაყოფითა და განსაცდელით, მაგრამ მისთვის, პირვანდელი ადამიანისაგან განსხვავებით, შვების მომგვრელია იმ თავშესაფრის არსებობა, რომელსაც ეკლესია ჰქვია. სწორედ ეკლესია სთავაზობს და გამუდმებით შეახსენებს ადამიანს ჭეშმარიტი მარხვის მნიშვნელობას, ესე ეგი, პარაზიტის დამარცხების ერთადერთ წამალს, სამოთხეში დაბრუნების უმოკლეს გზას - მარხვას! მარხვა, უპირველესად, არის ღვთის მცნებების საკუთარ თავში დამარხვა, მცდელობა საკუთარი გულის ყველაზე ურწყული კუნჭულების განოყიერებისა, მარხვა არის კეთილი თესლი, რომლის ფესვები ყველა სარეველა ბალახზე ძლიერია და რომლის ნაყოფსაც ვერ ეკარება ვერცერთი პარაზიტი.
მსურს, რეფლექსიად შემოგთავაზოთ მაცხოვრის სიტყვები: ,,და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური“ (მათე 6, 16).
მღვდელ-მონაზონი ირენეოს შენგელია
ჟურნალი "საბა"/ 2025, მარტი
Comments