უფლის ნათლისღების ადგილზე, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ალ–მაგტასში კათოლიკური ტაძარი აკურთხეს. კურთხევის ლიტურგია წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ აღავლინა.
ტაძრის საკურთხებლად წმიდა მიწაზე კარდინალი პაროლინი 10 იანვარს იმყოფებოდა: „ეს, არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლიათ საკუთარ ნათლობასთან დაუბრუნდეს და ხელახლა აღმოაჩინოს ქრისტიანული მოწოდება, არამედ ესაა ადგილიც, საიდანაც შეუძლია განახლებული გამოვიდეს და წმიდა მიწაზე მშვიდობის მოწოდება დაიწყოს“, – თქვა კარდინალმა პიეტრო პარილინიმ ეკლესიის კურთხევისას, სადაც იგი იმყოფებოდა, როგორც პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელი.
წმიდა მიწაზე ამ ტაძრის კურთხევა საიუბილეო წელს მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მომლოცველებისთვის ერთ-ერთ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი გახდება. მისი მოლოცვით პილიგრიმები შეიგრძნობენ იესოს ცხოვრებასა და იმ ადგილებს, სადაც ქრისტე გადაადგილდებოდა.
გარდა ამისა, ეს ეკლესია შეირჩა იმ ადგილად, სადაც მორწმუნეებს შეეძლებათ 2025 – საიუბილეო წელს საყოველთაო ინდულგენცია მიიღონ.
ეკლესიის კურთხევა სიღრმისეულად ჩამოჰგავდა ნათლისღებას. კარდინალმა პაროლინიმ ლიტურგიული წესის აღსრულებისას, საკურთხეველზე მირონის აცხო და იორდანის მდინარის წყლით აკურთხა, შემდეგ ეს წყალი ბროლის ჭურჭელში ჩაასხა და მორწმუნეები და ტაძრის კედლები აკურთხა – ამ რიტუალით მან ადამიანები დააბრუნა წარსულში, ქრისტიანობის იმ გარიჟრაჟზე, რომლის შესახებაც ბევრს მოწმობს მდინარე იორდანე.
ტაძრის საკურთხეველში, სხვა რელიკვიებთან ერთად განთავსდა წმიდა იოანე პავლე II - ისა და დამასკელი მოწამეების რელიკვიები.
ტაძარი აგებულია ჰებრონიდან მოტანილი მოყვითალო ტაფუჰის ქვით. სარკმლებში გამოყენებულია ვიტრაჟები, რომლებიც დამზადებულია ლიბანში, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოტიკური ნაგებობის, კარტრის საკათედრო ტაძრის სტილში.
ნათლისღების ტაძარი 1000 მორწმუნეს იტევს და ცნობილია, რომ ყოველ წელს, იანვარში ალ-მაგტასი მომლოცველებს მიიღებს. ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეები განაახლებენ ნათლობის ფიცს, რაც მათ დაეხმარებათ ქრისტიანული რწმენა უფრო ღრმად გაიგონ.
კარდინალმა პაროლინიმ ქადაგებისას მორწმუნეებს შეახსენა, რომ ეს ადგილი უკვე 25 წელია მომლოცველობის ადგილია: „ეს არ არის მხოლოდ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილი, ის ასევე მდებარეობს მთასთან, საიდანაც ელია წინასწარმეტყველი ზეცად იქნა ატაცებული; ეს ის ადგილია, სადაც რჩეულმა ერმა, სავარაუდოდ, მდინარე გადალახა, რათა აღთქმულ მიწაზე შესულიყო; ეს არის გზაჯვარედინი, სადაც ერთმანეთს უამრავი ბიბლიური პერსონაჟი ხვდება“.
„იესოს ნათლობის ადგილი შეგვახსენებს საკუთარ ნათლობას, რომელიც ჩვენში მარადიული სიცოცხლის საწყისია. რჩეული ხალხის მდინარე იორდანეში გავლა, ფაქტობრივად, ჩვენი გავლაა ნათლობის წყლებში, მარადიული ცხოვრების მოლოდინი. ყველა ამ მიზეზის გამო, იესოს ნათლობის ადგილი არ არის მხოლოდ ისტორიული ათვლის წერტილი, არამედ იგი ნამდვილი, სულიერი განახლების ადგილია“, - აღნიშნა პაროლინიმ.
ბოლოსკენ, კარდინალმა პაროლინიმ თქვა: “აქ, გეოგრაფიულად დედამიწაზე ყველაზე დაბალ წერტილში, ამ კურთხეულ მიწაზე, სადაც ვგრძნობთ კონფლიქტებით, სასტიკი შეტაკებებითა და ცოდვებით გამოწვეულ უზარმაზარ ტანჯვას; ადგილზე, სადაც ზეცა გაიხსნა და უფლის ხმა გაისმა – შევთხოვოთ უფალს მშვიდობის, ჭეშმარიტი მშვიდობის მადლი, რომელიც იბადება გულებში და ვრცელდება საკრებულოს მთელს ქსოვილზე”.
ცნობისთვის, იესოს ნათლობის ზუსტი ადგილი ცნობილი არ არის, თუმცა არქეოლოგები მიუთითებენ, რომ ეს იყო ალ-მაგტასი. ცოტა ხნის წინ, წმიდა მიწაზე აღმოაჩინეს მარმარილოს საფეხური, რომელიც მიემართება მდინარე იორდანეს სიღრმეში და სადაც ადრე მღვდელმსახური აღასრულებდა ნათლობას, რომელიც 570 წელს წმიდა მოწამე ანტონმა აღწერა.
სხვა ქრონიკებში, მაგალითად აკრულფის (670 წ.) ქრონიკებში საუბარია სამლოცველოსა და ნათლობის ავზზე. ეს ის სამლოცველოა, სადაც იესოს ნათლობისას გამოყენებული მოსასხამი ინახებოდა, შენობა იდგა ოთხ სვეტზე. მომლოცველებს შეუძლიათ მარმარილოს საფეხურებით ჩავიდნენ მდინარე იორდანეში და ნათლობის საიდუმლო მიიღონ. საფეხურებზე ათასობით ჯვრის ფორმის კვალია შემორჩენილი, რომლებსაც ნათლობის დროს მორწმუნეები სიმბოლურ ნიშნად ტოვებდნენ.
კომპლექსში ასევე შედის ქვედა და ზედა ბაზილიკა (სამების ეკლესია), რომლებიც დაკავშირებულია გამოქვაბულთან და წყაროსთან, სადაც იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა.
2015 წელს ალ-მაგტასი (იგივე იორდანის ბეთანია) იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რაც აღიარებს მის უზარმაზარ ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობას.
2003 წელს იორდანიის მეფე, აბდულა II-მ ალ-მაგტასში კათოლიკე ეკლესიას ტაძრის ასაშენებლად მიწის სამი ტერიტორია შესწირა, რითაც უზრუნველყო გარანტირებული მომლოცველობის ადგილი.
2009 წლის 10 მაისს, პაპმა ბენედიქტე XVI-მ, მეფე აბდულა II-სთან და ჰაშიმიტების ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, ალ-მაგტასში ჩაუყარა საფუძველი კათოლიკურ ეკლესიისა და მონასტრის მშენებლობას, რითაც უზრუნველყო ამ ადგილისადმი სამეფო ოჯახის მუდმივი მხარდაჭერა.
2000 წელს, ალ-მაგტასს წმიდა პაპი იოანე პავლე - II ეწვია, ილოცა და დალოცა მდინარე იორდანესთან შეკრებილები. 2009 წელს კი, ეს ადგილი პაპმა ბენედიქტე XVI–მ მოინახულა, რათა საფუძველი ჩაეყარა ახალი ეკლესიისა და მონასტრის საძირკვლისათვის. რაც შეეხება პაპ ფრანცისკეს, იგი ქალაქს 2014 წელს ნათლისღების დღესასწაულზე ეწვია, წაუძღვა ნათლობის აღთქმების განახლებას და მორწმუნეები მდინარე იორდანეს წმიდა წყლით აკურთხა.
დღეისათვის, ეს ადგილი მოიცავს: ტაძარს, ორ მონასტერს, ბაღებს, ვიზიტორთა ცენტრს, ავტოსადგომს, საფეხმავლო ხიდსა და ჯვრის ბორცვს. ტაძრის ფართობი შეადგენს 2 200 კვადრატულ მეტრს. იგი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია და სამომავლოდ, მომლოცველთა რაოდენობით ისეთი ტაძრების რიცხვს შეუერთდება, როგორებიცაა ხარების, ქრისტეს შობისა და ქრისტეს საფლავის ტაძრები.
წყარო: www.acistampa.com
შოთა გიქოშვილი
Comments