top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მზად ვარ კიევში წასასვლელად, მაგრამ იმ პირობით, რომ მოსკოვშიც წავალ’- პაპი



პონტიფიკატობის ათი წლისთავთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ ვატიკანისა და იტალიის გამომცემლობა La Nation - ის კორესპონდენტს, ელისაბედ პიკეს კითხვებს უპასუხა. ინტერვიუსას, წმინდა მამამ უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოსდა აღმოსავლეთ ევროპისათვის სამშვიდობო გეგმა არსებობდა. “თუმცა არსებობს სამშვიდობო საკითხთა სამსახური, ხოლო წმინდა საყდარი დიდ ძალისხმევას დებს უკრაინაში რუსეთის მიერ სასტიკი შეჭრის დასასრულებლად”.


პაპი ნაკლებ შესაძლებლად მიიჩნევს ვატიკანში ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას და ამბობს, რომ უფრო მეტად შესაძლებელია ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა, რაც შეიძლება გარდამტეხი გახდეს ევროპის შუაგულში მიმდინარე დრამატულ ომში, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება.


ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა აღწერა თავისი ვიზიტი დონბასში: “ჩემი თვალით ვნახე განადგურებული სკოლები, საავადმყოფოები, მიწასთან გასწორებული სახლები, სოფლები, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ… მასობრივი კუბოები. სინამდვილეში, რუსეთის სამიზნეები არიან ქალები, ბავშვები და არის აშკარა მცდელობა რუსების მიერ ერის განადგურებისა” – თქვა ჟურნალისტმა და ამ კონტექსტში პაპს ჰკითხა შეიძლება თუ არა რუსების ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდი ეწოდოს.


პაპმა აღნიშნა, რომ ტერმინი „გენოციდი“ტექნიკური ტერმინია, ომის რეალობის ჩამოყალიბების მცდელობისა - ”მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც სკოლები, საავადმყოფოები, თავშესაფრები იბომბება, როდესაც საქმე არ არის იმდენად ადგილის დაკავებაში, რამდენადაც მის განადგურებაში, ასეთი შთაბეჭდილება რჩება”, - შემდეგ წმინდა მამა გაიხსენა, ბაბუის ავსტრიელებთან ბრძოლის გამოცდილება და თქვა, რომ ომს ოდესღაც „ეთიკური წესები ჰქონდა. როდესაც დღეს ვხედავ, რომ არა მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იღუპებიან, არამედ უდანაშაულო ადამიანებიც, ძალიან მაწუხებს. რა თქმა უნდა, ეს ომის ის ეთიკა არ არის, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ“, - დასძინა პაპმა.


ფრანცისკემ გაიმეორა, რომ კიევში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ მოსკოვში წასვლის საშუალებაც ექნება. „მზად ვარ კიევში წასასვლელად... კიევში მინდა წასვლა, მაგრამ იმ პირობით, რომ მოსკოვშიც წავალ. მე წავალ ორივე ადგილას, ან არც ერთში“, - თქვა პაპმა და აქვე დასძინა, რომ მისთვის რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა შეუძლებელი არ არის – "მე არ დამიხურავს ეს კარი".


წმინდა მამამ აღნიშნა, რომ ყველა პაპი შეესწრო ომის პრობლემას. “თავის დროზე იოანე პავლე II - მ თქვა საკმაოდ გასაგებად ამის შესახებ, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ომი უკვე გლობალურია”.


“ომი მტკივა. მინდა ვთქვა, დიახ, ომი მტკივა”, - თქვა პაპმა.


შოთა გიქოშვილი








Comments


bottom of page