top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიო ახალგაზრდული დღეების ისტორიას


2023 წლის აგვისტოში, პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, კათოლიკე ეკლესია ახალგაზრდებისათვის ლოცულობს. ვინაიდან, ამ თვეში პაპი ტრადიციულად მსოფლიო ახალგაზრდებს შეხვდება. Catholic.ge გაგაცნობთ როდის და სად გაჩნდა პირველად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ერთად თავმოყრისა და ეკლესიის მეთაურთან შეხვედრის იდეა.


2023 წელი, პორტო. ავტორი – კოტე აკოფაშვილი

მსოფლიო ახალგაზრდული დღეების იდეა წმინდა იოანე პავლე II -ს ეკუთვნის. ჯერ კიდევ პონტიფიკატობამდე, იგი დაინტერესებული იყო ახალგაზრდების საქმეებით და მათთან მარტივად შეეძლო საერთო ენის გამონახვა, როგორც უბრალოდ მღვდელს, როგორც დამხმარე ეპისკოპოსს, შემდგომში, როგორც კრაკოვის მიტროპოლიტს, ბოლოს კი, როგორც რომის ეპისკოპოსს (პაპს).


ახალგაზრდებთან ასეთი კარგი ურთიერთობა კაროლ ვოიტილამ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: “გელოდებოდით და თქვენ ჩემთან მოხვედით”. ამ ფრაზაში იგი იმ ახალგაზრდებს გულისხმობდა, რომლებიც გვერდში ედგნენ წმინდა პეტრეს მოედანზე სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.


მსოფლიო ახალგაზრდული დღეების ინიციატივის უმთავრესი მიზანი პაპისთვის ის იყო, რომ გაეგო რა სარგებელი მოუტანა მან ახალგაზრდებს, გააღრმავა თუ არა მათი რწმენა, რა გავლენა იქონია ადგილობრივი და მსოფლიო ეკლესიის ცხოვრებაზე.


მად – მსოფლიო ახალგაზრდული დღე


სანამ ეკლესიაში ოფიციალურად დადგინდებოდა მსოფლიო ახალგაზრდული დღეები, მანამდე რომში, 1984 – 1985 წლებში ახალგაზრდების ორი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. პირველი შეხვედრა იყო გამოსყიდვის წლის დასასრულს, რომელიც გეგმის მიხედვით, 1984 წლის ბზობის კვირა დღეს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა გაგრძელდა და ჩატარდა 11-15 აპრილს. მასში ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდნენ. მათმა რიცხვმა დაახლოებით 600 000 შეადგინა და ახალგაზრდების ენთუზიაზმისა და რწმენის ნამდვილ მოწმობად იქცა. 15 აპრილს პაპმა ახალგაზრდებისთვის აღავლინა წმინდა წირვა, სპეციალური კურთხევით აკურთხა და უბოძა მათ წმინდა წლის ჯვარი. მას შემდეგ, ეს ჯვარი ყოველ მსოფლიო ახალგაზრდულ დღეებს მოილოცავს.

ამ მოვლენის გამო, გაერომ მომდევნო წელი (1985) ახალგაზრდების წლად გამოაცხადა. ასევე წმინდა მამამ გადაწყვიტა, ყოველ წელს, მუდმივი სახე მიეცა ახალგაზრდების მასშტაბური შეხვედრისათვის და საეკლესიო კალენდარში მისი თარიღი განსაზღვრულიყო ყოველ ბზობის კვირას.


აღნიშნული ოფიციალურად გამოცხადდა 1984 წლის 20 დეკემბერს, კარდინალებისა და რომის კურიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. პაპმა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მომდინარეობდა 1979 წლის ბზობის კვირას, რომში, ახალგაზრდების მიერ მოწყობილი საზეიმო მსვლელობიდან. მაშინ ათასობით ახალგაზრდა, ხელში დიდი პალმის რტოებით გადაადგილდებოდა და ამით ამოწმებდა რწმენას.


რომში, 1985 წელს გამართული მსოფლიო ახალგაზრდების შეხვედრა გაეროს მიერ მიღებულ ახალგაზრდების საერთაშორისო წელს დაამთხვიეს, რაც ეკლესიის მხრიდან დიდი მონაპოვარი იყო. შეხვედრა 1985 წლის 31-31 მარტს ჩატარდა, ლატერანის წმინდა იოანეს ბაზილიკის წინ. ახალგაზრდები შეიკრიბნენ და 1984 წელს გადაცემული ჯვარი მოიტანეს. აღნიშნულ შეკრებაზე თავი მოიყარა 9 ეროვნების ახალგაზრდამ. რამდენიმე საათიან შეხვედრაზე პაპს და იქ შეკრებილებს გააცნეს ახალგაზრდა თაობაში არსებული პრობლემები.


იმავე მიზეზით, (ახალგაზრდების წელი) წმინდა მამამ გამოაქვეყნა სამოციქულო ეპისტოლე მსოფლიო ახალგაზრდების მიმართ (დათარიღებული 1985 წლის 31 მარტით). სამოციქულო გზავნილში ეწერა, რომ კათოლიკე ეკლესია ყოველ წელს, ბზობის კვირას, იზეიმებს მსოფლიო ახალგაზრდულ დღეს. ცენტრალიზებული შეხვედრა უნდა ყოფილიყო რომში, ხოლო შემდგომი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.


მსოფლიო ახალგაზრდული დღეების მიმდევრობა:


პირველი შეხვედრა ჩატარდა რომში 1985 წლის 29-31 მარტს, რომლის დევიზიც იყო: “რათა თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას”(1 პეტრ 3.15)


მეორე შეხვედრა ჩატარდა არგენტინაში, ბუენოს აირესში 1898 წლის 11 -12 აპრილს, მისი დევიზი კი იყო: “ჩვენ შევიცანით და ვირწმუნეთ ღმერთის სიყვარული, რომელიც ჩვენშია” (1 იოან. 4,16). მასში მონაწილეობა მიიღო 1,8 მილიონმა ახალგაზრდამ, მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.


მესამე მსოფლიო ახალგაზრდული დღეები ჩატარდა 1989 წლის 15-20 აგვისტოს, ესპანეთში, სანტიაგო დე კამპოსტელაში. დევიზით: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. (იოან. 14,6).


მეოთხე შეხვედრა ჩატარდა პოლონეთში, ჩენსტოხოვაში, 1991 წლის 10-15 აგვისტოს და დევიზად არჩეულ იქნა სიტყვები: “მივიღეთ ძეობის სული” (რომ. 8,15).


მეხუთე შეხვედრამ გადაინაცვლა ამერიკაში და ჩატარდა დენვერში, 1993 წლის 10-15 აგვისტოს და დევიზი იყო: “მე მოვედი, რათა (ცხვრებს) ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ” (იოან. 10,10).


მეექვსე შეხვედრა შედგა 1995 წელს, მანილაში: “როგორც მამამ წარმომგზავნა, ისევე გაგზავნით თქვენ” (იოან. 21,21).


მეშვიდე შეხვედრა 1997 წელს გაიმართა საფრანგეთში, პარიზში და დევიზი იყო: “გვასწავლე სად ცხოვრობ? მოდით და ნახეთ” (იოან.1,38-39).


მერვე შეხვედრა იყო რომში 2000 წელს, ეს წელი კი საიუბილეო წლად იყო გამოცხადებული: “სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის”.


მეცხრე ახალგაზრდული დღეები 2002 წელს კანადაში, კერძოდ კი ტორონტოში გაიმართა და დევიზი იყო: “თქვენ ხართ მიწის მარილი და წუთისოფლის ნათელი” (მათე. 5, 13-14).


მეათე შეხვედრამ კვლავ ევროპაში გადმოინაცვლა და უკვე პაპ ბენედიქტე XVI - ის ხელმძღვანელობით, 2005 წელს გაიმართა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში: “მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას” (მათე.2,2).

მეთერთმეტე 2008 წელი, შეხვედრა ჩატარდა სიდნეიში: “როდესაც სულიწმინდა გადმოვა თქვენზე, მიიღებთ მის ძალას და ჩემი მოწმენი იქნებით” (საქმ. 1,8).


მეთორმეტე ესპანეთში, ქალაქ მადრიდში კი 2011 წელს ჩატარდა შეხვედრა დევიზით: “ფესვგადგმულნი და დაშენებული ქრისტეში, ძლიერნი რწმენაში” (კოლ. 2,7).


მეცამეტე 2013 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, რიო დე ჟანეიროში ჩატარდა შეხვედრა და გაჟღერდა შემდეგი დევიზი: “წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს” (მათ.28,19).


მეთოთხმეტე 2016 წელს კვლავ პოლონეთში, ამჯერად უძველეს ქალაქ კრაკოვში გაიმართა: “ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან”. (მათ.5,7).


მეთხუთმეტე ბოლოს წინა შეხვდრა 2019 წელს, პანამაში შედგა და ახალგაზრდებისთვის შემდეგი დევიზი იქნა შეთავაზებული: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისამებრ”.


მეთექვსმეტე მსოფლიო ახალგაზრდული დღეები უნდა ჩატარებულიყო 2022 წელს, მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო, გადაიტანეს 2023 წლისთვის პორტუგალიაში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და როგორც სხვა ბევრ შეხვედრაზე, ამჯერადაც მონაწილეობს ახალგაზრდების ჯგუფი საქართველოდან სასულიერო პირებთან ერთად. დევიზია: “ადგა მარიამი და სწრაფად გაეშურა” (ლუკა. 1,39).


Catholic.ge

Comments


bottom of page