ნაკლებად ცნობილი ფაქტები წმინდა მაქსიმილიან მარია კოლბეს შესახებ
- catholic.ge
- Aug 13, 2024
- 3 min read

მღვდელმა, მაქსიმილიან მარია კოლბემ დააფუძნა ჟურნალი “უმანკო ღვთისმშობლის რაინდი” (Rycerz Niepokalanej), რადიო და მონასტერი.
იგი იყო ჯარისკაცი, მედიაექსპერტი, მისიონერი და წამებული. აინტერესებდა ყველაფერი, რაც კოსმოსს უკავშირდებოდა.
ფრანცისკელმა მღვდელმა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ნებით მიიღო მოწამეობრივი სიკვდილი, რითაც სიკვდილს გადაარჩინა თავისი თანამესაკნე, ფრანჩიშეკ გოიავინჩიკი.
რაიმონდ კოლბე დაიბადა 1894 წლის 8 იანვარს დრუჟსკეი ვოლაში (პოლონეთი). შევიდა ფრანცისკელთა ორდენში ლვოვში, სადაც დაირქვა სახელი მაქსიმილიანი. ისწავლა რომში და დაიცვა ორი სადოქტორო ნამუშევარი (ფილოსოფია და თეოლოგია). იქვე დააარსა გაერთიანება “უმანკო ღვთისმშობლის სარაინდო”. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ, სოფელ პაპროტნიაში, კოლბემ უმანკო ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ააგო, რომელიც “მარიამის ციხე-სიმაგრედ” იყო წოდებული და იქვე დაიწყო ჟურნალ “უმანკო მარიამის რაინდის” გამოცემა.
მაქსიმილიანე კოლბეს ნათლობის სახელია რაიმონდი
კათოლიკე ეკლესიის მომავალმა წმინდანმა ნათლობის სახელად რაიმონდი აირჩია. როცა სამონასტრო ცხოვრება (ნოვიციატი) დაიწყო, მაშინ სახელად მაქსიმილიანი დაირქვა, ხოლო სამუდამო აღთქმების შემდეგ, ღვთისმშობლის პატივსაცემად – მარია.
ოჯახი
მისი მამა, იულიუშ კოლბე წარმოშობით გერმანელი იყო და მქსოველად მუშაობდა. ხოლო დედა – მარიანა მედდად მუშაობდა. ოჯახი იყო წმინდა ფრანცისკეს მესამე ორდენის წევრი.
კოსმოსისადმი სიყვარული, სამხედრო სამსახური და მილიტარიზმი
კოლბემ განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა ფიზიკა-მათემატიკაში. რომში სწავლების შემდეგ, დაასრულა ორი სადოქტორო ნამუშევარი ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. იგი არის ასევე ავტორი ნაშრომისა “ეთეროპლანი”, რომელიც ეხებოდა საპლანეტათშორისო ტრანსპორტს, რომელიც თავად დააპროექტა. ახალგაზრდა რაიმონდი ოცნებობდა ჯარისკაცობაზე და გატაცებული იყო სამხედრო საქმეებით.
ღვთისმშობლის გამოცხადება
12 წლის კოლბეს პაბიენიცას ეკლესიაში გამოეცხადა ღვთისმშობელი,
რომელსაც ხელთ ეპყრა ორი გვირგვინი – თეთრი და წითელი. დედა ღვთისა კოლბეს შეეკითხა სურდა თუ არა რომელიმე მათგანი მიეღო და თან განუმარტა, რომ თეთრი ნიშნავდა სიწმინდეს, ხოლო წითელი მოწამეობას. კოლბემ უპასუხა, რომ ორივეს მიღება სურდა. გამოცხადებამ ღრმად შეაღწია მის გულში და განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრების გზა.
ფრანცისკელთა ორდენი
1907 წელს რაიმონდმა თავის უფროს ძმასთან ერთად გადაწყვიტა, რომ ფრანცისკელთა ორდენში შესულიყო. სამი წლის შემდეგ, მათ შეუერთდა ასევე მესამე ძმა, იოსები. ლვოვში, მოწყალე ღვთისმშობლის ხატის წინ, კოლბემ თავისი ცხოვრება მიანდო ღვთისმშობლის მფარველობასა და შუამდგომლობას.
უმანკო ღვთისმშობლის რაინდები
იმდროინდელი ანტიკათოლიკური მოძრაობების გავლენები სულ უფრო იდგამდა ფესვებს. მაქსიმილიან მარია კოლბე ამას რომში, თავისი თვალით ხედავდა და თავისი თანაძმების რჩევით, ასევე წინამძღვრის ნებართვით, ჩამოაყალიბა უმანკო ღვთისმშობლის რაინდების საძმო (Militia Immaculatae). საძმოს მისია იყო განხეთქილებაში მყოფი ძმების ერეტიკოსებისა და მასონების მოქცევა. ამ მისიის განსახორციელებლად საძმოს წევრებს აღთქმები უნდა დაედოთ მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლისადმი.
ჟურნალი „უმანკო ღვთისმშობლის რაინდი“ და მონასტერი “Niepokalanowej”
1922 წლის იანვარში მღვდელმა მაქსიმილიან მარია კოლბემ დაიწყო უკვე მეორე, ამჯერად, საბავშვო ჟურნალის გამოცემა. იგი იყო ორივე ჟურნალის რედაქტორი. იაპონიაში გამგზავრების შემდეგ, მაქსიმილიან კოლბე მისმა ძმამ, მღვდელმა ალფონს კოლბემ ჩაანაცვლა.
1927 წელს, მაქსიმილიანე კოლბე ვარშავიდან ტერესინაში გადავიდა და დააარსა მონასტერი, რომელსაც საკუთარი სახანძრო ჰქონდა. მან მსგავსი სამონასტრო კომპლექსი იაპონიაშიც დააარსა და მას “უმანკო ღვთისმშობლის ბაღი” უწოდა. კომპლექსში შედიოდა მონასტერი, ტაძარი და გამომცემლობა.
ვესტმინსტერის სააბატოს ფასადზე გამოსახული წამებული
ფრანცისკანელი წამებული ერთ-ერთია იმ წმინდანთაგან, რომელიც გამოსახულია ლონდონის, ვესტმინსტერის სააბატოს ფასადზე.
აუშვიტს-ბირკენაუს გამანადგურებელი საკონცენტრაციო ბანაკი
1941 წელს მღვდელი მაქიმილიან მარია კოლბე მოხვდა აუშვიტს-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში (ოსვენციმი) და მისი საპატიმრო ნომერი იყო 16670. “მიენდეთ უმანკო ღვთისმშობელს, თქვენ, ახალგაზრდებო უნდა იცოცხლოთ. მე ვიცი, რომ ამ ბანაკს თავს ვერ დავაღწევ, მაგრამ თქვენ გადარჩებით”. გამუდმებით უმეორებდა თანამესაკნეებს მღვდელი, რომელიც დაამახსოვრდათ, როგორც თავმდაბლობით, სიმშვიდითა და ღვთისადმი სასოებით აღსავსე ადამიანი.
მოწამებრივი სიკვდილი
1941 წლის ივლისში ერთ-ერთი თანამესაკნის გაქცევის შემდეგ, ბანაკის კომენდანტმა 10 მამაკაცი სიკვდილით დასაჯა. ფრანცისკელი არ იყო მათ სიაში, თუმცა კოლბემ გადაწყვიტა, რომ ნებით ჩანაცვლებოდა ერთ სიკვდილმისჯილ პატიმარს. ამ გზით, მან სიკვდილს გადაარჩინა ფრაჩიშეკ გოიპოვნიჩკი.
მღვდელი აღესრულა ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების დღესასწაულზე. 1941 წლის 14 აგვისტოს მას ფენოლით სავსე ნემსი გაუკეთეს. გაიოვნიჩეკმა თავი დააღწია საკონცენტრაციო ბანაკს და 1995 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიეპოკალანეს მონასტრის სასაფლაოზე.
ბეატიფიკაცია და კანონიზაცია (ნეტარად და წმინდანად შერაცხვა)
1971 წლის 17 ოქტომბერს, პაპმა პავლე VI - მ ნეტარად შერაცხა მღვდელი მაქსიმილიან მარია კოლბე, ხოლო 1982 წლის 10 ოქტომბერს, წმინდა პაპ იოანე პავლე II - ის მიერ იგი წმინდანად იქნა შერაცხილი.
შოთა გიქოშვილი
Comments