top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ორგანის ხმა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა – ორგანისტი ვანო სარაჯიშვილი 

მისი ურთიერთობა ნამდვილ ორგანთან თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარში დაიწყო. ძველი ფირფიტიდან მოსმენილმა ორგანის ხმამ აიძულა ტაძარში მისულიყო. ცარიელ შენობაში მხოლოდ ერთი მღვდელი დახვდა... ეს იყო და ეს, მას შემდეგ ექვსი წელი ტაძრის ორგანისტად მუშაობდა.

 


ორგანისტი ვანო სარაჯიშვილი ახლა ნორვეგიაში, სტავანგერის კათედრალური ტაძრის მთავარი ორგანისტია. როცა საქართველოში ჩამოდის, კათოლიკურ ტაძრებში ორგანზე დასაკრავად ყოველთვის სასურველი სტუმარია. 2024 წელს, მას შემდეგ რაც თბილისის საკათედრო ტაძარში ახალი ორგანი დაიდგა, ვანო სარაჯიშვილი ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ინიციატივას დათანხმდა და ორი შაბათი მსურველებისათვის ორგანზე დაუკრა. თუმცა ამჟამად საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს და ქართულ ტაძრებში ხშირად დაკვრას ვერ ახერხებს. სამაგიეროდ, სასიამოვნოს იხსენებს წლებს, როცა პროფესიით იურისტმა გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრება საორგანო მუსიკას უნდა დაუკავშირდეს.


„ადრეული ბავშვობიდან დავინტერესდი ორგანით. მახსოვს დედაჩემს მეგობარმა დაბადების დღეზე აჩუქა საორგანო ფირფიტების კრებული, სამი ფირფიტა იყო, ჩაწერილი რიგის კათედრალური ტაძრის ორგანზე, რომელიც საბჭოთა კავშირში საუკეთესო ინსტრუმენტად ითვლებოდა. პირველივე მოსმენაზე მომაჯადოვა ამ ინსტრუმენტმა, მერე სულ ვეძებდი ტელევიზორში, თუმცა ძალიან იშვიათად იყო საორგანო მუსიკის კონცერტები. 1989 წელს,  იურიდიულზე რომ ჩავაბარე, მამაჩემმა, საჩუქარი გამიკეთა და წამიყვანა რიგაში. აი, სწორედ ის ორგანი, რომლის ხმაც ჩანაწერებიდან ვიცოდი, სინამდვილეში ვნახე და მისი ხმაც რეალურად მოვისმინე. ეს იყო ბოლო წვეთი. ამის  მერე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მესწავლა საორგანო მუსიკა და ორგანზე დაკვრა და აქედან დაიწყო ყველაფერი“, – იხსენებს ვანო სარაჯიშვილი catholic.ge –სთან.


რიგიდან დაბრუნების შემდეგ, ორგანის ხმის მოსასმენად ახლა უკვე საქართველოში, წმ. პეტრესადა წმ. პავლე მოციქულთა ტაძარში მივიდა, სადაც მისი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშირდა ორგანს.


„1989 წელს, როცა პეტრე–პავლეს ეკლესიაში მივედი, სადაც დამხვდა მამა იანი [სნეჟინსკი],ცარიელ ეკლესიაში შევედი და სრულიად შემთხვევით  ერთი კაცი იყო იქ და ეს კაცი აღმოჩნდა მამა იანი. არაჩვეულებრივად მიმიღო, ძალიან გულკეთილად. გავიარე კატეხეზა და ორგანისტიც ვიყავი ამ ეკლესიაში“.


ამ პერიოდში, იგი უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა. მამა იანის განცხადების საფუძველზე კი განათლების სამინისტრომ უფლება მისცა, პარალელურად გაევლო სტაჟირება კონსერვატორიაში. სტაჟირება წელიწად–ნახევარი გაგრძელდა. ამას გარდა გავლილი ჰქონდა თბილისის მე–16 მუსიკალური შვიდწლედი და კონსერვატორიის ათწლედი.


„დასაწყისში საკმაოდ შორს ვიყავი ორგანისგან, პიანისტის განათლება მქონდა მიღებული და როგორც შემეძლო ისე ვცდილობდი ორგანზე დაკვრას. ეს ის პერიოდი იყო, როცა ქვეყანაში არეულობა იწყებოდა და ჩემთვის, ჩვენი კათოლიკური ტაძარი გახდა  სიმშვიდის ნავსაყუდელი, საშინელი ყოველდღიურობიდან გასვლის მიზეზი, სხვა განზომილებაში გადავდიოდი. არ გვქონდა ფული რომ ტრანსპორტში ავსულიყავი და ყოველ დილით, 8 საათზე რომ წირვა დამეკრა, ფეხით დავდიოდი, თუმცა ერთხელაც არ მიფიქრია, რომ მეზარება, მიჭირს ან რამე“, – ამბობს ორგანისტი.


ორღანი წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქლთა ტაძრიდან

წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარში, ვანო იმ ორგანზე უკრავდა, რომელზეც ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ამბობს, რომ ეს ორგანი ერთადერთია, რომელიც მეფის რუსეთის დროიდან შემორჩენილია, მთელს კავკასიაში. იგი 13 რეგისტრიანი ინსტრუმენტია, „არაჩვეულებრივი ჟღერადობით“. აშენებულია ლვოვში, მაშინ, როცა ლვოვი პოლონეთის ნაწილი იყო. ორგანი პოლონელ ოსტატს, იან სლივინსკის აუშენებია, რომელიც პარიზში, ცნობილ  ფრანგ ორგანმშენებელთან მუშაობდა. შესაბამისად, სლივინსკიმ საქართველოში კათოლიკური ეკლესიისთვის ფრანგული ორგანის აღმოსავლეთ ევროპული ვარიანტი შექმნა.


„საქართველოში იყო რამდენიმე ძალიან კარგი ორგანი და ყველა განადგურდა. ბოლო, 1989 წელს ქუთაისში გაანადგურეს. ეს [პეტრე–პავლეს ეკლესიის ორგანი]  ერთადერთი ისტორიული ორგანია, არაჩვეულებრივი კლასის. ის არ მხოლოდ ამ ეკლესიისა და კათოლიკე მრევლის სიამაყეა, არამედ მთელი საქართველოსთვის ისტორიული ძეგლია და რამენაირად უნდა მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია, რადგან ძალიან ცუდ სიტუაციაშია. ყველაფერი შემონახულია ორიგინალურ მდგომარეობაში და ყველაფრის აღდგენა შეიძლება. ახლა ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ ფონდი, რომელიც ამ ორგანის სრული რესტავრაციის ამბავს მიხედვას, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ისტორიული ინსტრუმენტი მთელს კავკასიაში“.


ვანო ამბობს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკურად რთული პერიოდისა, ტაძარში, ორგანისტად მუშაობის წლები განსაკუთრებული იყო. იხსენებს, რომ იმ „ბნელ“ პერიოდში გუნდის წევრებმა დაბადების დღე მარწყვის ტორტით მიულოცეს, რომლის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტები სახლებიდან შეაგროვეს.

„არაჩვეულებრივ ადამიანებს შევხვდი ამ ტაძარში. მყავდა მგალობელი ბავშვების გუნდი. ჩვენი ორგანი მექანიკური იყო და ხელით დასაბერი. ამიტომ ბავშვებს დავაყენებდი და ისეთი სიხარულით უბერავდნენ ორგანს, რომ ერთმანეთს ექიშპებოდნენ ვის უნდა დაებერა“.



კათოლიკურ ეკლესიაში ორგანისტად მუშაობად გადააწყვეტინა რომ თავადაც კათოლიკე გამხდარიყო, ამის შესახებ კი მაშინდელ მოძღვარს, მამა იანს სნეჟინსკს უთხრა:


„სამი წელი ისე ვუკრავდი ორგანს, რომ არავის უთქვამს გინდა თუ არა კათოლიკობა მიიღეო. ეს იყო ჩემი აბსოლუტურად პირადი გადაწყვეტილება იყო. პირველად რომ ვახსენე მოძღვართან, კათოლიკობის მიღებას ვფიქრობ–მეთქი, მითხრა კარგად დაფიქრდი, არ მინდა ისე იგრძნო თავი რომ ვალდებული ხარო. ამან კიდევ უფრო განმამტკიცა გადაწყვეტილებაში“, – ამბობს ვანო.


საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილებაც ამ ტაძარში მიიღო. ნორვეგიიდან კათოლიკურ ეკლესიაში ჩამოსულ პროტესტანტთა ჯგუფს შეხვდა, გაიცნო და მათი დახმარებით ნორვეგიაში მოხვდა. იქ ოსლოს აკადემიაში ჩააბარა და მუშაობაც ერთ–ერთ ტაძარში ორგანისტად დაიწყო.


„პროფესიულ ორგანისტად სკანდინავიაში ჩამოვყალიბდი. ორგანს აბსოლუტურად სხვა დაკვრის ტექნიკა აქვს, სხვანაირად აზროვნებ, ფიქრობ, მუსიკას სხვანაირად უდგები... განათლების მიღების გარეშე რთულია ამის გაკეთება“...


ვანო სარაჯიშვილი ახლა ნორვეგიის კათედრალურ ტაძარში მუშაობს, თუმცა ამბობს რომ  ცოტა ხანში ახალ სამსახურს სამხრეთ ესპანეთში დაიწყებს, იქაც ნორვეგიული მრევლის ორგანისტად იმუშავებს და ესპანეთიდან კიდევ უფრო ხშირად შეძლებს საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლას.

 

თაკო ფეიქრიშვილი

 


 

Comentarios


bottom of page