top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს საშობაო გზავნილი - Urbi et Orbi (ქალაქსა და მსოფლიოს)

25 დეკემბერს, პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებსა და ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს მიმართა ტრადიციული გზავნილით Urbi et Orbi - „ქალაქსა და სამყაროს”, ხოლო “Angelus”- ის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, გადასცა მორწმუნეებს საზეიმო სამოციქულო კურთხევა.

 


წმიდა პეტრეს მოედანზე, შობის დღესასწაულისთვის შეკრებილ მომლოცველებს  რომის ეპისკოპოსმა ამიმართა:

 

“ძვირფასო დებო და ძმებო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

ამ ღამეს აღსრულდა საიდუმლო, რომელიც არ წყვეტს ჩვენს გაოცებასა და აღფრთოვანებას. ქალწულმა მარიამმა შვა ღვთის ძე, იესო, შეახვია იგი და ჩააწვინა ბაგაში. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იპოვეს იგი ბეთლემელმა მწყემსებმა, როდესაც ანგელოზები გალობდნენ: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ხოლო ქვეყანასა ზედა მშვიდობა. კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.6-14).

 

დიახ, ეს მოვლენა მოხდა ორიათასი წლის წინ და ახლა სულიწმინდის საშუალებით განახლდა, იმავე სიყვარულისა და სიცოცხლის სულით, რომლითაც მიემადლა მარიამის წიაღს, რათა მისი ხორციელი სხეულიდან შობილიყო იესო.

დღეს, თანამედროვე მწუხარე ჟამს, კვლავ განკაცდება ხსნის მარადიული სიტყვა,ს რომელიც მიმართავს თითოეულ ადამიანს და მთელს სამყაროს: „მიყვარხარ და გპატიებ! დაბრუნდი ჩემთან, რადგან ღიაა ჩემი გულის კარი შენთვის!“. ეს არის მისი გზავნილი.

 

დებო და ძმებო, ღვთის გულის კარი მუდამ ღიაა, დავუბრუნდეთ მას! დავუბრუნდეთ გულს, რომელსაც ვუყვარვართ და გვპატიებს! შევურიგდეთ მას, რადგან ღმერთი ყოველთვის პატიობს, ღმერთი პატიობს ყველაფერს და მივიღოთ მისი პატიება!

 

სწორედ ამაში მდგომარეობს წმიდა საიუბილეო კარის არსი, რომელიც 24 დეკემბერს საღამოს გავხსენი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში. კარი არის იესოს სიმბოლო, სიმბოლო ყველასთვის ღია ცხონებისა. იესო არის კარი, რომელიც გულმოწყალე მამამ გააღო სამყაროს შუაგულში, ისტორიის შუაგულში, რათა ყველამ შეძლოს მასთან დაბრუნება. ჩვენ ყველანი დაკარგული ცხვრებივით ვართ და გვჭირდება მწყემსი, კარი მამის სახლში დასაბრუნებლად. იესო არის მწყემსი, იესო არის კარი.

ძმებო და დებო, ნუ გეშინიათ, კარი ღიაა! ის ფართოდ არის გაღებული და აღარ საჭიროებს დაკაკუნებას. ვინაიდან, ის ღიაა, მოდით! ღმერთთან შერიგებით ვურიგდებით საკუთარ თავს და შევძლებთ შევურიგდეთ ერთმანეთს, ჩვენს მტრებსაც კი. გულმოწყალე ღვთის, ჭეშმარიტად ღვთის წყალობა ყოვლისშემძლეა,  ის ხსნის ყოველგვარ კვანძს, ანგრევს ყოველგვარი განშორების კედელს; ღვთის წყალობა აქარწყლებს სიძულვილსა და შურისძიების სულისკვეთებას. მოდით! იესო არის მშვიდობის კარიბჭე.

 

ხშირად ჩვენ მხოლოდ ზღურბლზე ვჩერდებით და არ გვყოფნის გამბედაობა მას გადავაბიჯოთ, იესო კი გვეპატიჟება რომ შევიდეთ. ზღურბლზე გადაბიჯება თავგანწირვას მოითხოვს. ნაბიჯის გადადგმა დიადი საქმეებისათვის ნიშნავს უკან მოვიტოვოთ კამათი და უთანხმოება, რათა გავემართოთ სამყაროს ბატონის, ყრმა იესოს ჩასახუტებლად.

 

ამ შობას, საიუბილეო წლის დასაწყისში, ყოველ ადამიანს, ყოველ ერსა და სახელმწიფოს მოვუწოდებ გაბედულად შევიდნენ კარში, გახდნენ იმედის მომლოცველნი, დაადუმონ იარაღი და გადალახონ უთანხმოება.

 

დაე, დადუმდეს იარაღი უკრაინაში! დაე, გაჩნდეს გამბედაობა გააღონ მოლაპარაკების, დიალოგისა და შეხვედრის კარი, რათა მიაღწიონ სამართლიანობასა და ხანგრძლივ ურყევ მშვიდობას.

 

დაე, დადუმდეს იარაღი ახლო აღმოსავლეთში. ვუცქერ ბეთლემის ბაგას და ჩემი აზრები მიემართება პალესტინისა და ისრაელის ქრისტიანული საკრებულოებისაკენ, განსაკუთრებით ღაზას სექტორში არსებული საყვარელი საკრებულოსაკენ, სადაც წარმოიშვა განსაკუთრებულად მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. დაე, შეწყდეს ცეცხლი და განთავისუფლდნენ ტყვეები... დაე, აღმოუჩინონ დახმარება შიმშილითა და ომით განადგურებულ მოსახლეობას. ამ, არც თუ ისე მარტივ ჟამს, გამოვხატავ ასევე ჩემს სიახლოვეს ლიბანის ქრისტიანული საკრებულოსადმი, განსაკუთრებით კი ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და სირიაში. დაე, გაიღოს დიალოგისა და მშვიდობის კარი კონფლიქტებში ჩართულ რეგიონებში. მე ასევე ვფიქრობ ლიბიელ ხალხზე, მოვუწოდებ მათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეროვნულ შერიგებამდე მიყვანს.

 

დაე, მაცხოვრის შობა იყოს ჟამი იმედისა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „წითელი ჭირის“ ეპიდემიით დაღუპული ათასობით ბავშვის ოჯახისათვის, ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის და ასევე ჟამი იმედისა ბურკინ ფასოსათვის, მალის, ნიგერიისა და მოზამბიკისათვის, რომლებშიც შეიარაღებული კონფლიქტებისა და ტერორიზმის მიზეზით მძვინვარებს ჰუმანიტარული კრიზი. რასაც ამძაფრებს კლიმატის ცვლილებების დამანგრეველი ეფექტი და რასაც მიჰყავს ქვეყნები დაღუპვისა და მილიონობით ადამიანის გადასახლებისაკენ.

 

ვფიქრობ ასევე აფრიკის უკიდურეს ქვეყნებზე, ლოცვაში შევთხოვ მათთვის მშვიდობის, ძმობისა და თანხმობის მადლს. დაე, შთააგონოს უზენაესი ღმერთის ძემ, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელმისაწვდომი გახადონ ჰუმანიტარული დახმარება სუდანში მცხოვრებთათვის, დაე, ეს დღესასწაული იყოს დასაწყისი ახალი მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტისა.

 

დაე, შობის კეთილმა უწყებამ  მოუტანოს ნუგეში მაიმარის მცხოვრებთ, რომლებიც განუწყვეტელი შეიარაღებული შეტაკებების გამო დიდ დანაკარგს განიცდიან და იძულებულნი არიან საკუთარი სამშობლოდან გაიქცნენ.

 

დაე, ყრმა იესო იქცეს შთაგონებად პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისათვის ამერიკის კონტინენტზე, რათა რაც შეიძლება მალე მოიძებნოს ეფექტური გზები პრობლემების მოგვარებისა, რომელიც იქნება დაფუძნებული ჭეშმარიტებსა და სამართლიანობაზე. კერძოდ: ჰაიტიზე, ვენესუელაში, ნიკარაგუასა და კოლუმბიაში. ამ საიუბილეო წელ, განსაკუთრებით არ დაიშურონ ძალისხმევა საერთო სიკეთეების შესაქმნელად, რათა პოლიტიკური უთანხმოებების დაძლევით აღდგეს ყოველი ადამიანის ღირსება.

 

დაე, საიუბილეო წელს დაინგრეს ყველა უთანხმოების კედელი, მათ შორის, იდეოლოგიური, რომელიც ხშირად პოლიტიკურ ცხოვრებას თან სდევს და ასევე ფიზიკური. შეწყდეს განხეთქილებები კვიპროსის კუნძულზე, რომელიც უკვე ორმოცდაათი წელია ადამიანურ და სოციალურ ქსოვილს ხლეჩს. ვიმედოვნებ, რომ მიაღწევენ პრობლემის საერთო გადაწყვეტას, რომელსაც შეუძლია დაასრულოს დაყოფა, კვიპროსის სხვადასხვა თემებში უფლებებისა და ღირსების სრული პატივისცემით.

 

იესო, მამის განკაცებული მარადიული  სიტყვა – ღია კარია. ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავიაროთ მასში, რათა ვიპოვოთ ჩვენი ყოფიერების არსი და ყოველი ადამიანის სიწმინდე. ვინაიდან, ყოველი სიცოცხლე წმიდაა.

 

განვაახლოთ ადამიანური ოჯახის ფუნდამენტური ფასეულობები. უფალი კარის ზღურბლთან გველოდება. ის ელოდება ყველას, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს. ელოდება ბავშვებს, განსაკუთრებით ომებისა და შიმშილის შედეგად ტანჯულ ბავშვებს; ელოდება ხანდაზმულებს, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ მარტოობასა და მივიწყებაში; ელოდება მათ, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი და დატოვეს სამშობლო, უსაფრთხო თავშესაფრის საპოვნელად. უფალი ელოდება უმუშევრებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური; ელოდება პატიმრებს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად უფლის შვილებად რჩებიან; ელოდება მათ, ვინც რწმენის გამო დევნილია.

 

ამ დღესასწაულზე, მადლი შევწიროთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულმოდგინებითა და თავდაუზოგავი შრომით იღწვიან კეთილდღეობისათვის. მხედველობაში მყავს მშობლები, აღმზრდელები და მასწავლებლები, რომელთა მხრებზეც მომავალი თაობების აღზრდის უზარმაზარი პასუხისმგებლობა წევს; ვფიქრობ, სამედიცინო მუშაკებზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ვფიქრობ ქველმოქმედების საქმეებში ჩართულ ადამიანებზე; განსაკუთრებით ვფიქრობ მისიონერებზე მთელ დედამიწაზე, რომლებსაც მოაქვთ სინათლე და ნუგეში გასაჭირში მყოფი უამრავი ადამიანისათვის. ჩვენ ყველა მათგანს ვეუბნებით: “მადლობა! მადლობა”!

 

ძმებო და დებო, დაე, ეს საიუბილე წელი იყო ვალების პატიებისა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისათვის, რაც უფრო ამძიმებს მათ ყოფას. ყველა ადამიანი მოწოდებულია დაივიწყოს წყენა, ვინაიდან ძე ღვთისა იშვა სიცივეში და სიბნელის წყვდიადში. იგი მოგვიტევებს შეცოდებებს. იგი მოვიდა წუთისოფელში, რათა განგვკურნოს და მოგვიტევოს.

იმედის მომლოცველნო, გავემართოთ მასთან შესახვედრად. მოდით, გავუღოთ ჩვენი გული კარი მას, ისე, როგორც მან თავად გაგვიღო თავისი გული კარი. ყველას გისურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ შობას!"

 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

 

 


 

 

Comments


bottom of page