28 აპრილს, პაპი ფრანცისკე ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ვენეციაში. პირველ რიგში, მან პატიმარი ქალები, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები და კუნძულ ჯუდეკაზე მყოფი მოხალისეები მოინახულა. ასევე პაპი შეხვდა ვენეციის პატრიარქს, მის აღმატებულება ფრანჩესკო მორალის და რეგიონული პენიტენციარული დაწესებულების ხელმძღვანელობას.
საუბრის დასაწყისში, რომის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმარი ქალების მონახულება დაგეგმა მაშინ, როცა ვენეციაში ვიზიტი დაიგეგმა. “გვსურდა, რომ ეს შეხვედრა არ ყოფილიყო ოფიციალური, არამედ, ღვთის წყალობით, ერთმანეთს ვაჩუქეთ დრო, ლოცვა, სიახლოვე და ძმური კავშირი”.
“ციხე სასტიკი რეალობაა, ტანჯვის ადგილი, რომელიც გამოწვეულია ისეთი პრობლემებით, როგორიცაა გადატვირთულობა, საშუალებებისა და რესურსების ნაკლებობა და ძალადობის შემთხვევები. მაგრამ ის შეიძლება გახდეს მორალური და ფიზიკური აღორძინების ადგილი, სადაც ადამიანის ღირსების პატივისცემით, პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები, მიმართონ ისინი საერთო სიკეთისკენ.
არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ჭრილობებს ვატარებთ; ყველას სჭირდება განკურნება და პატიება. ასევე, თავის მხრივ, ჩვენ ყველას, შეგვიძლია განვკურნოთ სხვები და ვაპატიოთ, თქვა რომის ეპისკოპოსმა, პატიმრებს კი მოუწოდა არ დაკარგონ იმედი და ყოველი დღე დაიწყონ სიტყვებით: „აჰა, ესაა შეწყალების ჟამი... აჰა, ესაა ხსნის დღე“ (2 კორ 6:2).
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments