top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნა

დაახლოებით 20 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნას. პარიზის არქიეპისკოპოსისადმი გაგზავნილ წერილში, პაპმა მადლიერება გამოხატა ხელისუფლებისა და მუშების მიმართ, რომლებმაც  ულამაზესი ტაძარი განადგურებას გადაარჩინეს.  



ტაძრის ზარების რეკვამ პარიზს, საფრანგეთსა და მთელს მსოფლიოს აცნობა, რომ კათოლიკური საფრანგეთის სიმბოლო, ულამაზესი ტაძარი, რომელიც 2019 წლის 15 აპრილს ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა, კვლავ ღიაა.

 

“ტაძარო ღვთისმშობლისაო, გახსენ შენი კარი ღვთის შვილების საერთო სიხარულისაკენ!” –  შესძახა პარიზის არქიეპისკოპოსმა, ლაურენტ ურლიხმა, სამჯერ მიაკაკუნა კვერთხი ტაძრის კარს, რის შემდეგაც კვლავ შესძახა: “ტაძარო ღვთისმშობლისაო, გახსენ შენი კარი ჩვენთვის, რომ დავინახოთ სიყვარული, სიმართლე, სამართლიანობა და მშვიდობა”.  კიდევ ერთხელ მიაკაკუნა კვერთხი ტაძრის კარს და ხმამაღლა შესძახა: “ტაძარო ღვთისმშობლისაო, იმედის მოწმევ, გახსენ შენი კარი, რათა მადლის შუქი გადმოგვცეს და ჩვენმა თვალებმა იხილონ აღდგომის გამარჯვება”.

 

კარი გაიღო და არქიეპისკოპოსი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და მის მეუღლესთან ბრიჯიდ მაკრონთან ერთად, ღვთისმშობლის ქების ჰიმნის თანხლებით, შევიდნენ თეთრად განათებულ საკათედრო ტაძარში, სადაც მათ ელოდებოდნენ საზეიმო ცერემონიაზე მიწვეული სტუმრები.

 


ცერემონიაზე, მადლობის ნიშნად ტაში დაუკრეს იმ მეხანძრეებს, რომლებმაც 5 წლის წინ, ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს. ასევე ტაშით დააჯილდოვეს ის არქიტექტორები, მეკედლეები და ხელოსნები, რომლებმაც მის აღდგენაზე იმუშავეს. ასევე გაიხსენეს მხატვრები და სხვა პროფესიის უამრავი ადამიანი, რომელსაც რაიმე წვლილი ჰქონდათ ტაძრის აღდგენა–გადარჩენაში. ყველა მათგანი ტაძარში მიიწვიეს, შენობის გარე ფასადზე კი გამოჩნდა დიდი წარწერა “Merci” (მადლობა).

 

ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ზეიმს, მთელი მსოფლიოდან 50-მდე სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, მათ შორის: პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უელსის პრინცი უილიამი, ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ცნობილი სახეები. ზეიმს  საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და პირველ ლედისთან ერთად ესწრებოდნენ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, ნიკოლას სარკოზი და ფრაცუა ოლანდი.

 

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას თქვა:

 


„სანამ ლიტურგიას დავიწყებდეთ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გადაარჩინა და აღადგინა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა ამ მნიშვნელოვან მომენტში პარიზის, საფრანგეთისა და მთელი მსოფლიოს კათოლიკეებისთვის. ტაძრის ზარები რეკავენ. ეს იმედის შესანიშნავი მელოდიაა, არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.

 

პარიზის მთავარეპისკოპოსმა ლაურენტ ულრიხმა მადლობა გადაუხადა მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებმაც გადაარჩინეს ტაძარი და ასევე მათ, ვინც იგი აღადგინა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას ტაძრის აღდგენისთვის ამ ხუთი წლის განმავლობაში, ასევე ფრანგ ხალხსა და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც შემოწირულობები გაიღეს ტაძრის რეკონსტრუქციისთვის: “კეთილშობილება გვიჩვენებს, რომ ერთად შრომა ქმნის მშვიდობისა და ურთიერთდახმარების ქსელს”.

 


გახსნის ცერემონიაზე ასევე წაკითხული იყო პაპ ფრანცისკეს ეპისტოლე პარიზის არქიეპისკოპოსის, ლაურენ ურლიხისადმი.

 

“დიდი სიხარულით გიერთდებით ფიქრებითა და ლოცვებით შენ და მთელს დამსწრე საზოგადოებას ამ ლამაზ დღეს, როცა თქვენი საკათედრო ტაძარი კვლავ გაიხსნა ღვთისმსახურებისათვის. 5 წლის წინანდელი ხანძრის ჭრილობა დღემდე მტკივნეულია ჩვენთვის, ვგრძნობდით თუ როგორ გვეკუმშებოდა გულები, როცა ვხედავდით ქრისტიანული რწმენის, არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშის სრული განადგურების რისკს, რომელიც არის ფრანგი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დამოწმება. დღეს, მწუხარებასა და ტკივილს ანაცვლებს სიხარული, ზეიმი და ხოტბის შესხმა. ვავედრებ ღვთისმშობლის მფარველობას პარიზისა და სრულიად საფრანგეთის ეკლესიას, მთელი გულით გაკურთხებთ ყველას”, - წერს წმინდა მამა.

 

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page