top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პატრი ალფონს ხითარიშვილი (ხითაროვი)

24 მარტი, ქართველი კათოლიკე მღვდლის, მამა ალფონს ხითარიშვილის გარდაცვალების დღეა. სხვადასხვა დროს იგი იყო სტამბოლის (თურქეთი) ქართველ კათოლიკეთა მონასტრისა და მონთობანის (საფრანგეთი) ქართველ კათოლიკეთა მონასტრის წინამძღვარი.


დაამთავრა ახალციხის სამრევლო სკოლა და კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარია. შემდეგ სწავლობდა რომში; იქვე ეკურთხა მღვდლად. 1870 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა, 1890 წელს კი კონსტანტინეპოლში გადასახლდა და ქართველ კათოლიკეთა მონასტერს ჩაუდგა სათავეში. 1905 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში იყო მონტობანის ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის წინამძღვარი.


ზაქარია ჭიჭინაძის ავტორობით, 1912 წელს გამოცემულ წიგნში მამა ალფონს ხითარიშვილზე ასეთი ჩანაწერია:


„იგი დაიბადა 1940 წ. ქ. ახალციხეს. მამა ამის იყო თომა ივანეს ძე, დედა ელენე. ჯავახელ ქართველ კათოლიკენი. 7 წლის პატარა ალფონსი ავათ გახდა, მამამ აღთქმა დასდვა, რომ ალფონსი თუ კარგად გახდება, მერე მე ამას მღვდლად გავზრდიო. მერე ალფონსი კარგად გახდა, მამამ პირობა შეასრულა. მალე ახალციხის სამრევლო სკოლაში მისცა მოწაფეთ. 10 წლისა–კი კონსტანტინეპოლს გაგზავნეს პეტრე ხარისჭირაშვილთან სასწავლებლად.


პატრი ალფონსმა სტამბოლში სწავლა დაამთავრა, მერე რომში იქნა გაგზავნილი სასწავლებლად, რომში პირველად საშუალო სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, მერე იყო უმაღლეს სასულიერო სასწავლებელში, აქ მიიღო სწავლა კარგის პატივისცემით და „პროპაგანდოს“ მადლობით. მღვდლად ეკურთხა იქვე. შემდგომ ამისა მსახურებდა სხვა და სხვა ადგილებში, ბოლოს, ანუ 1870წ. თფილისში იქმნა შემოსული, რომელიც მიღებულ იქმნა სარატოვის ეპისკოპოსისაგან მღვდლის ხარისხით და რუსეთის მთავრობისაგან შეწყნარებული. თფილისში პატრი ალფონსი დარჩა რამდენსამე ხანს, აქედამ იგი სხვა და სხვა ადგილებშიც მსახურებდა ხოლმე დროებით. ერთ დროს, თფილისიდამ ევროპაც მიმავლო, მერე ისევ მობრუნდა და თფილისში მსახურებდა.

უკანასკნელ დროს კი, ანუ 1890 წ. იგი თფილისიდამ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, იქ დაშთა, საქართველოში აღარ დაბრუნდა, მერე ანუ პეტრე ხარისჭირაშვილის სიკვდილის შემდეგ მას მიანდვეს კონსტანტინეპოლის ქართველ–კათოლიკეთ მონასტრის უფროსობა. რამდენიმე წლის შემდეგ, იგი გადაყვანილ იქმნა მონთობონს (ფრანცია) იქაურ ქართველ–კათოლიკეთა მონასტრის წინამძღვრად, სადაც იგი გარდაიცვალა 24 მარტს, 1909 წელს; შობიდან 69 წლისა.


პატრი ალფონს ხითაროვი იყო უწარჩინებულესი ქართველი, მეტად გულ–მხურვალე მამულისშვილი, ნაყოფი პეტრე ხარისჭირაშვილისა. იყო კარგად განათლებული მღვდელი, მასთანვე იყო კარგი მოქალაქე, კაი მქადაგებელი, მთელს საქართველოში ქადაგების კილოთი, ტონით, მჭერ მეტყველებით და ქადაგების მიმართულებით იყო პირველი. მის ქადაგებას ყოველთვის დიდი ძალი ხალხი ესწრებოდა. კათოლიკებს გარდა მრავლად დადიოდნენ ქართველნი და სომეხნიც. ჰქადაგებდა კარგის ქართულის ენით. მთელ თფილისის კათოლიკობას კარგად ეხსომება მისი შნოიანი ქადაგების კილო, ქადაგებასთან ხმა და გამოთქმაც ისეთი აქვნდა რომ მსმენელს ადვილად იმორჩილებდა მისი სახე და ქადაგების ძლიერი მიმართულება.


ერთხელ ქადაგებაში ასე მიმართა ხალხს: რასაც აქ სულ მოკლედ მოვიყვან: „ თფილისის ქართველ–კათოლიკობა დღეს დიდს უბედურობას განიცდის, აქამდის ჩვენში ქუჩის მაწანწალა კინტოები არ იყვნენ, ეხლა–კი ესენიც ჩნდებიან ჩვენის უთაურობით. ჩვენს შეძლებულ კათალიკობას ამისთვის სულ არ შესტკივა გული. იგინი მთელს სიცოცხლეს სულ ფუქსავატათ ატარებენ, ერთ კაპეიკს არვის შესწირვენ, მთელი დღე და ღამ „სან სუს“ და „მონპლიზერში“ ატარებენ, ფაიტონიც დაკავებული ჰყავსთ მთელი დღე და ღამე, საათობით ფულს აძლევენ მთელს ღამეს ბილიარდის გარშემო ათიებენ და ვინ იცის რამდენ სხვა ასეთებს არ ჩადიან. საწყალთა შვილთა საპატრონოდ–კი ერთ კაპეიკსაც არ გაიმეტებენ.“


„რაც კაცები არიან, ჩვენი ქალებიც ისეთივე ბრძანდებიან, ჩვენი კათოლიკის ქალებიც არ იქცევიან კარგად, წარმოიდგინეთ, თუ როგორ რა მდიდრად იცმენ და ისე მოდიან საყდარში და გამოიჭიმებიან სულ ძვირფას ტანთ–საცმელით მოსილნი, ერთი მათგანი ასეთ ლურჯ ხელცახოც არ აიღებს ხელში, ამათ შემხედავმა და მაყურებელთ ღარიბ–კაცის ცოლმა და ქალებმა ვის უნდა უყუროს საყდარში, მე უნდა მიყურონ და ჩემი ქადაგება უნდა მოისმინოს, თუ ამათ ძვირფას ტანთ საცმელს და თავ–სახვევებს უნდა უმზირონ, რასაკვირველია ესენი მათ უყურებენ, ამათი გული და სული მათის მდიდრის ტანთ–საცმლისაკენ არის მიპყრობილი ყოველთვის და არა ჩემი ქადაგებისაკენ. ამისთვის არც ღარიბი ხალხი არსებობს, არც ღარიბთა გაჭირება. დავსძენ, რომ კათოლიკს ქალებს გარდა სხვა რჯულის ქალებიც ასევე იქცევიან დღეს თფილისში. ღარიბთა ცოლი და შვილები მათ სულ არ აგონდებათ“.


ხალხის ცხოვრების შესახებ ასეთი კილოთი იცოდა მან ქადაგება და იცოდა ისე მძლავრად, ისე ხერხიანად, ისე მაღალის ხმით, რომ მისი კილო კაცის გულს მძლავრად იმორჩილებდა თვისკენ. ქადაგებაში ხშირად საქართველოს შესახებაც იცოდა ლაპარაკი და ქართველობაზე გულ–მტკინვრული საუბარი. ყოველ თავის ამ გვარ სიკეთესთან იყო ქართული მწიგნობარიც და ძნელად რომ მას რამე ქართული წიგნის წაკითხვა გამოჰპარებოდა. 1873 წელს მან თფილისში დაბეჭდა ქართულს ენაზედ: „ვნების კვირა“ ლათინურიდან ნათარგმნი, ამას სხვაც ბევრი რამ აქვნდა ნაწერები, ყოველივე იგინი გაფანტულ იქმნენ მის აქეთ–იქით მგზავრობისაგან.


ალფონს ხითარიშვილს მთელი კათოლიკობა სცემდა პატივს, როცა თფილისში განისმა, რომ ალფონსი გადაჰყავსთო, მაშინ მთელი საზოგადოება დიდათ შეწუხდა და დროებით ეპისკოპოს ამის თფილისში დაშთენა გამოსთხოვეს. ეს შეწყნარებულ იქმნა. სადაც–კი წავიდოდა ალფონსი და იმსახურებდა, იგი იქ უსათუოდ თავის ნავალსაც აღბეჭდავდა. აი ეხლაც ამ უკანასკნელ წლებს კონსტანტინეპოლს და მობთობანის მონასტრის ქართველ მოწაფეებზედ მას დიდი შრომა და ამაგი დაუდვია, დიდი მამულისშვილური ზე გავლენა ჰქონია მათზედ, რის გამოც მის შესახებ „სახალხო გაზეთში“ ორი წერილიც დაიბეჭდა კონსტანტინეპოლიდამ, სადაც დამწერი მწარედ მისტიროდა ალფონსის გარდაცვალებას და მის ქართულ მამულისშვილობას.


რაკი აქ უმთავრეს საგნად ჩვენ ვასახელებთ ალფონის მამულისშვილობას, ამიტომ აქ მოვიყვანთ შემდეგ ცობასაც, რაც მართლადაც მას დაასაბუთებს როგორც დიდს გულ–შემატკივარ მამულისშვილს თავის ქვეყნისას. თფილისში მის მსახურების დროს, 1885 წლებს იტალიიდამ გეახლად ახლანდელი იტალიის კოროლის შვილი. კოროლის შვილი თფილისის ქართველ–კათოლიკეთა ეკკლესიასაც ეწვია, სადაც წირვა გადიხადა ალფონს ხითარიშვილმა. ამ წირვაზედ დაესწრო იმ დროის მთელი თფილისის მთავრობის მოწინავე მოხელენი და დიდ–კაცობა. წირვის გათავების შემდეგ ალფონს ხითარიშვილმა წარმოსთქვა შემდეგი სიტყვა, რომელიც მან პირდაპირ კოროლს მიმართა:


„რადგანაც თქვენმა დიდებულებამ ისურვა და ინახულა ჩვენი პატარა საქართველოს კათოლიკების ეკკლესია და მოისმინა აქ წირვა–ლოცვა, ამიტომ ვალად ვრაცხთ მოგახსენოთ რომ ჩვენ საქართველოს კათოლიკობას გვაქვს ჩვენი ენა, ჩვენი მწიგნობრობა, ეს საქართველოც ჩვენი სამშობლო ქვეყანა გახლავსთ, საქართველოს რუსის სახელმწიფოს დაუკავშირდა 1800 წლის შემდეგ. ჩვენც კათოლიკენი ქართველები გახლავართ, ეს დღინდელი გალობაც, რომლითაც შესრულებულ იქმნა წირვა, გახლავსთ ქართული გალობა, ჩვენი ენის გალობა, აქ საქართველოში შედგენილი. ეს ეკკლესიაც ძველად არის აშენებული, ქართველ მეფეთა დროს, ჩვენც კათოლიკობას უკავშირდებოდით XII საუკ. ხოლო მრავლად დაუკავშირდით XVII საუკუნის დამდეგს“.


ამის გარეშე სხვაც ბევრი რამ ცნობები უამბო კოროლს საქართველოს შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ ალფონს ხითარიშვილმა თფილისის გუბერნატორისგან შენიშვნა მიიღო, რომ კოროლის წინაშე შენ ისეთი სიტყვის წარმოთქმის უფლება არა გქონდა, შენ მისთვის ისეთი სიტყვა არ უნდა გეთქვაო. ალფონს ხითარიშვილმა ასეთი პასუხი მისცა: „მე ვემორჩილები ჩვენი მთავრობის კანონს და ვასრულებ ყოველთვის სინიდისიერად ჩემს ვალს რუსეთის მთავრობის წინაშე. ხოლო იმასაც–კი მოგახსენებთ რომ ჩვენთვის და თვით თქვენთვისაც დიდი სირცხვილი იქნებოდა, რომ მე კოროლისათვის სიტყვა არ მეთქვა, რაკი იგი მობრძანდა ჩვენს ეკკლესიაში და მოისმინა წირვა–ლოცვა, ამიტომ ჩვენც ვალდებულნი ვიყავით, რომ ჩვენი ვინაობა გაგვეცნო, ყოველივე მოკლედ გადაგვეცა, თორემ იგი რას იფიქრებდა ჩვენს შესახებ, ჩვენ საიდამ ვართ აქ გაჩენილები, ციდამ ჩამოვსცვივდით თუ მიწიდგან ამოვარდით. თქვენ თვით ნახეთ, რომ მას ჩვენი გაცნობა დიდათ ესიამოვნა და ამისთვის მადლობაც გვითხრა იქვე“.


ასეთის მარტივი და ლოღიკური ახსნის შემდეგ გუბერნატორმა მას მადლობაც–კი უთხრა და თან ბოდიშიც მოიხადა. დავსძენთ აქ იმასაც, რომ ალფონს ხითარიშვილს დიდათ ემტერებოდა იმ დროის კათოლიკეთა კავკასიის ეკლესიების ვიზიტატორიც, რომელიც ხოლო მის წინააღმდეგ–კი ვერაფერს აწყობდა. ალფონს ხითარიშვილი დიდი მეგობარი იყო მიხეილ თამარაშვილის, მ. თამარაშვილი თფილისში ყოფნის დროს ალფონს ხითარიშვილთან ცხოვრობდა“.


„სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები“ – ზ. ჭიჭინაძე, 1912


CATHOLIC.GE

Commentaires


bottom of page