top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პატრიარქი ილია II ვატიკანის ელჩს მადლობას უხდის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II, ვატიკანის ელჩს, წმინდა საყდრის დესპანს, მთავარეპისკოპოსს ჟოზე აველინო ბეტანკურს მადლობას უხდის საქართველოში ‘ნაყოფიერი მსახურებისთვის’.



მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, რომელიც პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, საქართველოდან გადაყვანილი იქნება კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში წმინდა საყდრის დესპანად, საქართველოს 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვებს. მანამდე მას კათოლიკე ეკლესიასთან ერთად, საქართველოში მოქმედი სხვა კონფესიების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსიც ემშვიდობება.

დესპანმა დასამშვიდობებელი წერილი მიიღო საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორესგანაც.

„მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ, რათა გამოვხატო მადლიერება საქართველოში თქვენი ნაყოფიერი მსახურებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენის მხრივ გასწიეთ ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო სარბიელზე, რომში, სიქსტის კაპელასა და წმინდა მოციქულთა თავის, პეტრეს დიდებულ ბაზილიკაში წარმოჩენისათვის.

ამ ღონისძიების განხორციელებისთვის, რა თქმა უნდა მადლიერება უპირველესად ჩვენს მეგობარსა და ფრიად პატივსაცემ პიროვნებას, პაპ ფრანცისკეს ეკუთვნის, მაგრამ თქვენი წვლილიც ფრიად დიდია.


ვწუხვართ, რომ ტოვებთ საქართველოს, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება.


ღმერთმა დაგლოცოთ და თავისი მფარველობა არ მოგაკლოთ“, – წერია წერილში, რომელსაც ხელს პატრიარქი, ილია II აწერს.


ცნობისთვის, 2023 წლის 30 აგვისტოს, წმინდა საყდრის დესპანი, პაპის ნუნციუსი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, პაპმა ფრანცისკემ კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში წმინდა საყდრის დესპანად დანიშნა. შესაბამისად, არქიეპისკოპოსი საქართველოსა და სომხეთს დატოვებს.


თაკო ფეიქრიშვილი

Komentáře


bottom of page