top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პეტრე მერაბიშვილი - 'დოქტორ მერაბი'


პირველად მის შესახებ იოსებ ნონეშვილის პოეზიიდან შევიტყვე, გული სიამაყით ამევსო, როცა ლექსის პროლოგი ამოვიკითხე ,,დოქტორი მერაბი“... ბატონი პეტრე მერაბიშვილი, თავისი მოკლე ისტორიით. იმ დღის შემდეგ, მასზე ინფორმაციას ყველგან ვაგროვებდი; ინტერნეტში, წიგნებში, ვეკითხებოდი გვარის უხუცესებს ...და ასე გავიცანი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით მასწავლა თუ როგორი უნდა ვყოფილიყავი, როგორც ქრისტიანი, კათოლიკე ქართველი: ჩემი მრწამსის, მთელი კაცობრიობისა და ამასთანავე სამშობლოს უანგარო ტრფიალი.


1876 წლის 22 სექტემბერს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა, კათოლიკე პავლე მერაბიშვილის შეძლებულ და მრავალშვილიან ოჯახში. პავლე ნაკითხი და განათლებული კაცი იყო და არაფერს იშურებდა შვილების განათლებისათვისაც.

პეტრეს უფროსი ძმა იოსები, კონსტანტინოპოლის ქართული კონგრეგაციის სკოლის დირექტორი იყო, და-ტერეზა, მონაზვნად აღიკვეცა და ისიც კონსტანტინოპოლში, დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. უმცროსმა ძმამ ივანემ, პარიზში იურიდიული განათლება მიიღო და შემდგომში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ემსახურებოდა.


12 წლის პეტრე, ძმასთან, იოსებთან გააგზავნეს კონსტანტინოპოლში განათლების მისაღებად. კონსტანტინოპოლიდან იგი 1899 წელს პარიზში მიემგზავრება და ასრულებს პარიზის მონპელიეს სამედიცინო უნივერსიტეტს დოქტორის ხარისხით.


კონსტანტინოპოლში დაბრუნებული მუშაობას იწყებს ეთიოპურ მისიაში მკურნალ ექიმად. 1908 წლიდან იგი აბისინიის (ეთიოპიის) დედაქალაქ ადის -აბებაში ჩადის და იქ მოღვაწეობს, ხდება ეთიოპიის მეფის მენელიქ მეორის პირადი ექიმი. 1910 წელს ადის-აბებაში, საკუთარ სახლში ხსნის პატარა საავადმყოფოსა და აფთიაქს ,,La Georgia”. 1929 წელს, საბოლოოდ ბრუნდება პარიზში, 1930 წლის 13 ნოემბერს კი, მას საკუთარ სამუშაო მაგიდასთან მკვდარს ნახავენ.


დაიმარხა პარიზში, პერ-ლა-შეზის სასაფლაოზე. ეს ორი პწკალი მოკლე ბიოგრაფიაა პეტრე მერაბიშვილისა, ერთი კაცის, რომელმაც იცხოვრა და დასრულდა... მაგრამ... გაქრა წლები და ფიზიკური სხეული, დარჩა პიროვნება თავისი საქმეებით... ჩემთვის თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითი, ერთი ჩვეულებრივი, უდელი ბიჭი ქართველთაგან პირველი ამთავრებს პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტს, უფრო მეტიც, თავისი ცნობილი სამედიცინო ნაშრომებით მთელი იმდროინდელი ევროპული ელიტის პატივისცემას იმსახურებს. მისი ნაშრომები იბეჭდება და მისსავე სიცოცხლეში პოპულარული ხდება. ისინი ინახება ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავისა და ადის–აბებას ბიბლიოთეკებში და გგონიათ ქედმაღლობს? გგონიათ დაავიწყდა ან საქართველო და ან ქართველები? სულაც არა! მერე რა, რომ ყველა ნაშრომი ფრანგულად აქვს დაწერილი, სამაგიეროდ სიტყვა ,,საქართველო“ ყველაზე ტკბილია მისთვის. აკი, თავის გულის საუნჯესაც სამშობლოს სახელი უწოდა. ისე არ იფიქროთ, თითქოს მარტო სიტყვებს ეტრფოდა მშობლიურს, ან ეგოისტურად, სამშობლოს მონატრებული კლინიკის სახელით იკლავდა მონატრების სურვილს... არა, ასე არ იყო და კიდევაც ამით დაიმსახურა ერთი მხრივ, ჩემი უდიდესი პატივისცემა. იმ ხანად, საქართველოში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იდგამდა ფეხს, სადაც პეტრეს ძმა, ივანეც აქტიურობდა, პეტრე მერაბიშვილი აქტიურად ჩაება ამ საერო საქმეში თავისი ქველმოქმედებით.


რას ნიშნავდა ეს ჩემთვის?_ საყოველთაოდ ცნობილია: თუ შენსას არ აფასებ და არ გიყვარს, სხვისას ვერ შეიყვარებ. შენს ქვეყანას, შენს ერსა და ხალხს თუ არ ეხმარები და არ ადგები, ზოგადად კაცობრიობაზე ლაპარაკიც ზედმეტია...


არ შეიძლება არ ვახსენო ,,დოქტორი მერაბის“ განსაკუთრებული ურთიერთობა სტამბოლის ქართულ სავანესთან, სადაც აღიზარდა და რომლის კედლებშიც ეზიარა ჭეშმარიტებას. ვთვლი, რომ ესაა სწორედ ის კავშირი, რომელიც სამაგალითოა. ეს არის დაკავშირება ,,ფესვებთან“, ეს ერთგულების საუკეთესო მაგალითია, ერთგული და იმედი, შემწე საკუთარი აღმზრდელებისა, მათი, ვინც სამყარო შეაცნობინა, ვინც აზიარა ახალი სამყაროს სიტკბოებას... ეს თვისება ბევრ თანამედროვე ადამიანს აკლია, როგორც კი რამეს მიაღწევენ, ერთი ნაბიჯით წინ წაიწევენ, მოუტრიალდებიან საკუთარ მასწავლებლებს, ,,ბუდეს, სადაც დაფრთიანდნენ“ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ახვევენ. ამიტომ მივიჩნევ პეტრე მერაბიშვილის აღმზრდელებისადმი გვერდში დგომას, მადლიერების უდიდეს გამოხატულებად. ასეთი უნდა იყოს აღმზრდელისა და აღზრდილის ურთიერთობა. სწორედ ამ გზით შეიძლება გახდე მშობლებისა და აღმზრდელების ,,ნაყოფი ტკბილი“, რომელზეც იმედს დაამყარებენ. ამაზე კარგი შეგრძნება კი არაფერია, როცა ხვდები, რომ შენ ხარ საყრდენი, რომელსაც ეჭვის გარეშე დაეყრდნობიან.


ჩემთვის მაგალითია, ჭეშმარიტი ქველმოქმედების, ისეთის, როგორსაც გვასწავლის ქრისტეს მოძღვრება. ქველმოქმედებდა არა მხოლოდ ქართველთათვის ან მხოლოდ ქრისტიანთათვის, არა მხოლოდ სასულიერო პირთათვის, არამედ ყველასთვის.... საყოველთაოდ, როგორც ,,კათოლიკე“.


ეთიოპიას, პარიზსა და სტამბოლში გახსნილ მის კლინიკებში განურჩევლად მრწამსის, სქესის, კანის ფერისა და ეროვნებისა, ადამიანები იღებდნენ დახმარებას. ის იყო კაცთმოყვარე, უბრალოდ -კაცთმოყვარე! ეს არის თვისება, რომელსაც შეიძლება კაცობრიობის ღერძი დავარქვათ, ის ღერძი უფალმა რომ დაუდო ადამიანებს სიყვარულის მცნებად, უფლის სიყვარულის მცნებას დაქვემდებარებული... ვერ იტყვი კაცთმოყვარეობა ამ ეპოქისთვისაა დამახასიათებელი ან იმ ეპოქისთვისო, ის მარადიულია, ვიდრე დედამიწაზე დაიარება ადამიანი. ადვილია ქველმოქმედება მათთვის ვისაც იცნობ, ახლობელია, ნათესავია, ბოლოს და ბოლოს რწმენა, ეროვნება ან რამე გაკავშირებს მასთან, მაგრამ დაეხმარო სულ უცხოს, ისე რომ არაფერს ელოდე მისგან - ეს უკვე ნიჭია, ნიჭი- რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტ სარწმუნოებას შეუძლია განგივითაროს.


დღეს ინტერნეტიდან, ტელევიზორიდან თუ ჟურნალებიდან არაერთხელ გვსმენია ქველმოქმედებასა და ქველმოქმედებზე, ესენი არიან სპორტსმენები, ბიზნესმენები, მომღერლები თუ კინოვარსკვლავები. უნდათ თუ არა არ ვიცი, მაგრამ მათ სიკეთეზე საუბრობს ყველა საინფორმაციო საშუალება, ტაშს უკრავს უამრავი ადამიანი, თითით საჩვენებელნი ხდებიან და დიდების ზენიტში ადიან... ჩემი აზრით, სწორედ ეს ქმედებები უკარგავს ქველმოქმედებას აზრს. სიკეთე მაშინ არის სიკეთე, თუ თავმდაბლური და უანგაროა, მქუხარე ტაში აუფასურებს მას.


პეტრე მერაბიშვილის დახმარების შესახებ იცოდა მან, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ამას იქიდან ვასკვნი, რომ ძნელად მოსაპოვებელია ინფორმაცია მის ქველმოქმედებაზე, რადგან მაშინდელი ჟურნალ-გაზეთების ფურცლები არ იყო მისი ,,საქმეებითა“ და ფოტოებით აჭრელებული. რომ არა პროფესორ შუშანა ფუტკარაძის ნაშრომები, ვერც მე ვერაფერს გავიგებდი. ფუტკარაძის ცნობით, პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა უამრავი ადამიანი დარჩა თავშესაფრისა და საკვების გარეშე, ქართულ მონასტერში ჩამოყალიბებულ ზიტელი ჯვრის ორგანიზაციას, დამშეულთა და უპატრონოთა თავშესაფარს ეთიოპიიდან პეტრე მერაბიშვილი აფინანსებდა. აქედან ჩანს, რომ მისთვის „სხვისი ჭირი – ღობის ჩხირი“ არ ყოფილა. ის სამყაროს ნაწილი იყო და საერთო სატკივარი სტკიოდა. დღეს თუ ჩვენ უზრუნველყოფილნი ვართ, სხვებზე ზრუნვას ისევ ,,სხვებს“ ,,მივანდობთ“ ხოლმე. - რა ვქნათ, ამ ქვეყანას ჩვენ ხომ ვერ გავასწორებთო?-ასე ვიმშვიდებთ აფორიაქებულ სინდისს. ათას მიზეზს მოვიგონებთ საკუთარი გულქვაობის გასამართლებლად. ის კი, ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი თავად იღებს პასუხისმგებლობას შორეული ეთიოპიიდან. ვინ ავალებდაო?-იკითხავს მავანი... ვინ და უფალი, უფლის ხმა, სინდისი რომ ჰქვია! ესაა მაგალითი უფლის ხმის სმენისა და მისგან არ გაქცევისა! მის წინაშე წარმდგარებმა მერე რომ არ ვიკითხოთ ,,სად გნახე უფალო?“

ამბობენ, რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარო, მე კი ვიტყვი, რამდენმხრივი განვითარებაც გაქვს, იმდენივეა შენი ,,მე“. კაცი, რომელიც ერთ სფეროში სახელს გაითქვამს, იტყვის ,,ეს ყოფილა ჩემი საქმე, ეს გამომდის კარგადო“ და აღარ დაუწყებს საკუთარ თავში სხვა შესაძლებლობების აღმოჩენას, თავს აღარ იწუხებს ზედმეტად, ვთვლი, რომ ბოლომდე ვერ ამოიცნობს უფლის ჩანაფიქრს მასში, მარტო ერთი ,,მე“ აქვს და ალბათ ცოტაა. სულ სხვა საქმეა მრავალმხრივობა, რომელიც პეტრე მერაბიშვილს ახასიათებდა: იყო ექიმი, აღიარებული მედიკოსი, იყო ქველმოქმედი, მაგრამ მაინც არ ეყო. ეძებდა საკუთარ თავში უფლისგან ბოძებულს და მიაგნო. გახდა მკვლევარი, ამჯერად არა მედიცინის, არამედ ხალხთა კულტურის. ეთიოპიელი და ქართველი ხალხის ცხოვრების და ისტორიის მკვლევარი, რომელიც ამ ორ ერს ერთმანეთს ადარებდა, აღტაცებული საუბრობდა მათ მსგავსებაზე. „1921 წლიდან 1929 წლამდე გამოიცა მისი ნაშრომის ,,შთაბეჭდილებები ეთიოპიაზე“ 3 ტომი“, -გვამცნობს მკვლევარი ნათელა ჟვანია.


ჩემთვის, როგორც ქართველი კათოლიკესთვის მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია სირთულეთა მიუხედავად (მშობლების სიშორე, უცხო მიწა, ომი.. )ჭეშმარიტების გზაზე სიარულისა და მოყვასის ერთგულებისა. დღეს ტოლერანტობაზე ბევრს საუბრობენ, მე არ ვიცი მეცხრამეტე საუკუნეში იცნობდნენ თუ არა ამ ტერმინს, მაგრამ პეტრე მერაბიშვილი ჩემთვის ტოლერანტულობის გზამკვლევია, კაცი რომელიც ერთნაირი გულმხურვალებით ემსახურებოდა ყველა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანს, რომელსაც ღვთის ნებამ შეახვედრა.


ის მტკიცედ მიიწევდა წინ იმ სიმართლით, რომლითაც აღზარდეს, საკუთარი ფესვებიდან მოუწყვეტლად, სხვათა პატივისცემითა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით.


ნინი მერაბიშვილი
თემა კონკურსიდან "ჩვენი კათოლიკე წინაპრები" 
2021

Comments


bottom of page