2023 წლის 13 ივნისს ახალშენის კათოლიკურ ტაძარში კურთხევიდან 25 წლის იუბილე აღნიშნეს. ლიტურგია ტაძრის პირველმა მოძღვარმა, ახლა უკვე ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
1998 წლის 4 აპრილს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველი კათოლიკური ტაძარი იკურთხა. ტაძრის პირველი მოძღვარი იყო საქართველოს კათოლიკეთა ამჟამინდელი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. იგი საქართველოში 1994 წელს ჩამოვიდა, მაშინ ახალშენში ეკლესია არ იყო და წირვას სხვა ადგილზე აღავლენდა:
„მახსოვს, როცა ამ სოფელში მოვედი, მამა გაბრიელესთან ერთად, ერთი მაღაზია იყო სადაც წირვას ვატარებდით და ჩვენს უკან გამოკრული იყო სტალინის სურათი. მერე სხვა ადგილზე აღვავლენდით წირვებს. ბოლოს კი გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა ტაძარი“, – იხსენებს ეპისკოპოსი.
მისივე თქმით, ტაძრის მშენებლობაში სოფლის მაცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რაც კიდევ უფრო აიოლებდა მშენებლობას:
„ხალხისთვის ეს იყო თავიანთი ეკლესია, სოფელი იმ პერიოდში შედარებით ძლიერი იყო, ახლა უკვე ბევრი წავიდა აქედან... ყველამ მიიღო მშენებლობაში მონაწილეობა და დღეს, კურთხევიდან 25 წლის შემდეგ, აღვავლინე წმ. წირვა და მოვიხსენიეთ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში, თუმცა უკვე გარდაცვლილია“.
1998 წლის 4 აპრილს, როცა ახალშენში ახლადაშენებული ეკლესია აკურთხეს, ქვეყნის ყველა კათოლიკური საკრებულოდან ჩამოვიდნენ მორწმუნეები. ასევე ახალშენს სტუმრები ჰყავდა ვატიკანიდანაც.
„ეკლესია ეს არის პასუხისმგებლობა სოფლისთვის, თუმცა შენობა მხოლოდ ერთი ნიშანია და ასევე მნიშვმელოვანია საკრებლო, რომელიც აქ არის. სამწუხაროდ, ახლა უკვე დაცოტავებულია მრევლი, ადრე აქ კატეხიზაციაზე 50 ბავშვი დადიოდა, ახლა ცოტანი არიან, მაგრამ დღეს ვნახე როგორი სიხარული, როგორი ზეიმი იყო ამ ადამიანების გულებში, მათი ეკლესიის გამო. იმედი მაქვს, რომ ეს დღე დარჩება, როგორც ერთი ეტაპი მომავალისთვის“.
კითხვაზე, 90–იან წლებში, საბჭოტა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში კათოლიკური ტაძრის მშენებლობას ახლდა თუ არა სირთულეები, ეპისკოპოსი პასუხობს: „ეს პირველი კათოლიკური ეკლესია იყო და რა თქმა უნდა, საჭირო იყო საბუთები, მაგრამ ნამდვილად უფრო იოლი იყო ყველაფერი, ამ საბუთებსაც ვიღებდით მარტივად, ხალხიც მონაწილეობდა ყველაფერში, მათ შორის მთავრობასთან მოლაპარაკებებში. ეს მიწა საჩუქარი იყო სოფლისგან და არ შექმნილა პრობლემა. ღმერთმა ქნას, რომ მომავალში თუკი ვინმეს გაუჩნდება სურვილი რომ ააშენოს სხვა ეკლესია, რომელიც საჭირო იქნება, ისეთივე იოლი იყოს მისი აშენება, როგორც პირველი გაგვიიოლდა“, – ამბობს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
მან 2023 წლის 13 ივნისს, ახალშენის „ქრისტე სამყაროს მეფის“ სახელობის ტაძარში, კურთხევიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით ლიტურგია აღავლინა და მრევლს ის დღე გაახსენა, როცა სოფელმა თავისი ერთადერთი ტაძრის კურთხევა საზეიმოდ აღნიშნა.
Catholic.ge გთავაზობთ ეპისკოპოსის ქადაგებას სრულად:
„დღეს, როცა შემოვედი ეკლესიაში, ერთმა ქალმა მითხრა: „ეს არის ჩვენი ეკლესია“. ღმერთმა ქნას, რომ ყოველ საკრებულოში, ყოველმა მორწმუნემ, როცა თავის ეკლესიას შეხედავს თქვას: „აი, ეს არის ჩემი ეკლესია!“
თუ მე ვამბობ: „ეს არის ჩვენი ეკლესია“, ამ სიტყვებში ჩანს სიყვარული. არ შემიძლია ვთქვა „ჩემი“ თუ ამ სიტყვაში არ არის სიყვარული, თუ არ არის პასუხისმგებლობა. არ მომწონს, როცა მესმის „შენი ეკლესია“. არა! ეს არის ჩვენი ეკლესია!
არ ვიცი ვინ იყო თქვენს შორის აქ, 25 წლის წინ, მაგრამ მაშინ ეს ეკლესია ხალხით იყო სავსე, ეზო იყო სავსე... როცა ავტობუსიდან ხალხი ჩამოდიოდა, ახალშენელები ამბობდნენ: “აი, ჩვენი ეკლსია!“.
„ჩვენი ეკლსია“ ეს სიტყვები სიამაყით იყო ნათქვამი. შეიძლება ვთქვა, რომ იმ წლის განმავლობაში, როცა ეს ეკლესია შენედებოდა, მთელი სოფელი ჩართული იყო. ახლა ზოგი მათგანი უკვე გარდაცვლილია და ცათა სასუფეველშია. ის დღე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწუალი იყო, რადგან ეკლესია იკურთხა.
ბავშვებო, თქვენ არ იცით რა მოხდა იმ დღეს, ალბათ არც წარმოდგენა შეგიძლიათ, მაგრამ ეს იყო ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი წირვა ამ სოფლისათვის. მაშინ ეს ეკლესია აშენებული იყო, მაგრამ არა ნაკურთხი, ამიტომ არ შეგვეძლო აქ წირვის აღვლენა. ამიტომ ასე გავაკეთეთ: ხიდზე იყო მიღება, როგორც წირვის დასაწყისი, მერე ყველანი წავედით სასაფლაოზე და იყო მონანიების ნაწილი – „უფალო შეგვიწყალენ“, შემდეგ ყველანი ერთად ვიყავით სკოლაში, სადაც მოვისმინეთ ღვთის სიტყვა და ქადაგება, შემდეგ კი ჩამოვედით აქ, სადაც ეზო და ეკლესია ხალხით იყო სავსე. ეს საკურთხევლის ქვა არ იყო აქ, არამედ იყო გარეთ. ჯერ ვაკურთხეთ ეს ქვა, შემდეგ იყო ეკლესიის კურთხევა, მერე ჩავატარეთ წირვა გარეთ, რადგან იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ შიგნით არ ეტეოდა ყველა. ბოლოს, ეს ნაკურთხი ქვა, როგორც საკურთხეველი, საზეიმოდ შემოვიტანეთ ეკლესიაში და დავტოვეთ აქ. მერე აღევლინა ევქარისტიის საიდუმლო და მე ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ახალშენში ხალხმა გაიგო, რას ნიშნავს ქრისტიანობა. ბოლოს და ბოლოს, აქ აშენდა ეკლესია.
ეკლესიის მიმართ სიყვარული არის მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შენობის სიყვარული. წმ. პეტრე ამბობს, რომ ჩვენ ვართ „ცოცხალი ქვები“. ე.ი თუ მე ვარ ამ ეკლესიის ქვა და არ ვიქნები ამ ეკლესიაში – ეკლესია არ იქნება სრულყოფილი. ჩვენ, ყველანი ვართ ეკლესიის ქვები, ეკლესიის წევრები და ამიტომ სიყვარულის ნიშანია, როცა ვამბობ: ეს ეკლესია მჭირდება, მჭირდება ვიყო ჩემს საკრებულოსთან... ჩემი ცხოვრებისთვის მჭირდება, რომ აქ ვიყო. ვინაიდან, იესო ამბობს, რომ ჩვენ, როგორც ეკლესია, ვართ იესოს სხეული. ჩვენ ყველანი, როცა ერთად ვიკრიბებით, ჩვენთან არისნ ღმერთი და ჩვენ ვართ იესოს სხეული.
მინდა ვთქვა მადლობა სტიგმელთა საკრებულოსთვის, რადგანაც ამ დრომდე ამ ეკლესიის პასუხისმგებელი მსახურები იყვნენ.. მათი კონგრეგაცია 200 ან უფრო მეტი წლის წინ დააარსა გასპარე ბეტონმა, რომელიც ეპარქიის მღვედელი იყო და მისთვის მნიშვნელოვანი იყო სიყვარული. ამბობდა, ჩვენი ეკლესია ჩვენი დედაა, არ შეგვიძლია გავიზარდით დედის გარეშეო. ამიტომ ჩემი ნიჭი, ყველაფერი რაც შემიძლია, უნდა გავაკეთო, რომ დედა იყოს ლამაზი.
25 წელი, ეს არის ერთი ეტაპი, მაგრამ მერე რა მოხდება, რა იქნება 25 წლის შემდეგ? ვინ იქნება ეკლესიაზე პასუხისმგებელი, ვინ ჩაატარებს წირვას, ვინ შემოვა და ილოცებს აქ? ცოცხალი იქნება ეს ეკლესია? ახალშენის საკრებულო იქნება თუ არა ძლიერი?
დღეს გვინდა ვთქვათ: მადლობა ღმერთო, ვინაიდან გვაქვს ნიშანი, გვყავდნენ წინაპრები, რომლებმაც თავიანთი რწმენის მეშვეობით გააკეთეს ეს ეკლესია, ჩვენ კი დღეს უნდა ვთქვათ: ღმერთო, დაგვეხმარე, რადგან არ გვინდა დავკარგოთ ჩვენი ეკლესია; დაგვეხმარე, ვინაიდან გვინდა ვიყოთ ცოცხალი, ჩვენი სოფელი უნდა იყოს ცოცხალი, ჩვენი რწმენა უნდა იყოს ცოცხალი.
დღეს, როცა წირვისას ეკლესიის სამრეკლოზე ჩამოჰკრეს ზარებს, ქუჩაში, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, რომელსაც მე აქედან ვუყურებდი. ის არ შემოვიდა ეკლესიაში, მაგრამ ზარის ხმაზე გაჩერდა და პირჯვარი გადაიწერა: „აი, აი, ეკლესია“. ამიტომ ვთხოვოთ უფალს ეს მადლი, ჩვენთვის, თქვენთვის, მთელი ეკელსიითვის. და ყოველთვის ჩვენს გულში იყოს სიტყვები: „მადლობა ღმერთო“...
ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ კათოლიკე სასულიერო პირები თბილისის, მესხეთისა და დასავლეთის დეკანატებიდან.
საზეიმო წირვის შემდეგ, ტაძრის ეზოში ღონისძიება გაიმართა.
ამჟამად ახალშენის ტაძრის წინამძღვარია სტიგმელი ბერი მამა დანიელე ჯაკომელი.
Catholic.ge
Comments