top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონელი ოჯახი, რომელიც ებრაელების შეფარებისთვის დახვრიტეს, ეკლესიამ ნეტარად შერაცხა

მეორე მსოფლიო ომის დროს, რვა ებრაელის შეფარების გამო, ნაცისტების მიერ დახვრეტილი პოლონელთა ოჯახი კათოლიკე ეკლესიამ ნეტარად შერაცხა.

10 სექტემბერს კანონიზაციის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა, კარდინალმა მარსელო სემერერომ, პოლონეთის ეკლესიის სხვა უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად პოლონეთში, ქალაქ მარკოვაში ნეტარად შერაცხა ულმების ოჯახი.

იოსები და ვიქტორია ულმები, შვიდ შვილთან ერთად, გერმანელმა ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრიტეს, რადგანაც მათ სახლში რვა ებრაელი შეიფარეს. ულმების ოჯახმა სასიკვდილო განაჩენი იმ რვა ებრაელთან ერთად მიიღო.


ბეატიფიკაციის, იგივე ნეტარად შერაცხვის პროცესს პოლონეთში დაახლოებით 30 000 მორწმუნე, 1 000 მღვდელი და 80 ეპისკოპოსი ესწრებოდა. ასევე პროცესზე იმყოფებოდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა და მთავრობის წარმომადგენლები.


კარდინალმა სემერერომ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ ჩვილზე, რომელიც ვიქტორიამ დახვრეტის დროს გააჩინა.


„ეს ბეატიფიკაციის პროცესი გაცილებით აქტუალური გზავნილია, ვიდრე ოდესმე ყოფილა: ამ უდანაშაულო ჩვილს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თუმცა ახლა ანგელოზებთან შეერთებული ადიდებს ღმერთს და თანამედროვე მსოფლიოს მოუწოდებს, ბავშვის მიღების, სიყვარულისა და დაცვისკენ, ჩასახვიდან მის ბუნებრივ სიკვდილამდე. მის უდანაშაულო ხმას სურს შეანჯღრიოს საზოგადოების სინდისი, რომელშიც გამეფებულია აბორტი, ევთანაზია და სიცოცხლის სიძულვილი. სწორედ რომ დღეს, ულმების ოჯახი მოგვიწოდებს ვუპასუხოთ უარყოფის კულტურას, რომლის შესახებაც პაპმა ფრანცისკემ იმსჯელა".


„დღევანდელი დღესასწაულოიმ უამრავი თანამემამულის ხსოვნაა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ებრაელებს თავშესაფარი მისცეს. ამ არჩევანის გამო, ბევრმა სიცოცხლე დაკარგა. დაე, ულმების ოჯახის მიერ რწმენის მოწამეობრივი დამოწმება, ყოველი ჩვენგანისათვისიყოს შთაგონება – მამაცურად ვატაროთ რწმენა“, - თქვა იერარქმა.


„კეთილი სამარიელის“ იგავზე საუბრისას, კარდინალმა თქვა, რომ იოსები და ვიქტორია სახარების ამ მონაკვეთს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათ თავიანთ საოჯახო ბიბლიაში ეს მონაკვეთი წითლად ჰქონდათ მონიშნული, რითიც ამბობდნენ "დიახს".


„სხვა ადამიანს მიუძღვნა საკუთარი მე – ეს არის სიყვარული, ჩვენი დღევანდელი დღესასწაულის გული. დიდი შეცდომა იქნებოდა თუკი დღევანდელი ბეატიფიკაციის პროცესზე, გავიხსენებდით ულმების ოჯახის მიმართ ჯალათების მხრიდან ჩადენილ არაადამიანურ საქციელს, რომელიც ისტორიამ უკვე ისედაც გაასამართლა. ამის მაგივრად, ჩვენ გვსურს დღევანდელი დღე იყოს სასიხარულო, ვინაიდან, ფურცლებზე დატანილი სახარება ჩვენთვის რეალობად იქცა, რომელიც ბრწყინავს ულმების ოჯახის ქრისტიანობის დამოწმებაში და ამ ახალი ნეტარების მოწამეობრიობაში“, – განაცხადა კარდინალმა და იმ ებრაელთა სახელები ჩამოთვალა, რომლებიც იოსებმა და ვიქტორია ულმებმა შეიფარეს:


საულ გოლდმანი შვილებთან ბარუქთან, მექელთან, იოაკიმთან და მოსესთან ერთად, გოლდა გრუნფელდი და ლეა დინერი ქალიშვილთან, რეშლასთან ერთად.


„მათ თავიანთი რწმენა გადასცეს საკუთარ შვილებს: 8 წლის სტანისლავს, 7 წლისბარბარას, 6 წლის ვლადისლავს, 4 წლის ფრანჩიშეკს, 3 წლის ანტონს, 2 წლის მარიას და სულ ბოლოს – ახალშობილს, რომელიც წამების პროცესში დაიბადა.

ულმები ასწავლიდნენ შვილებს ღვთის სიტყვის მიღებასა და უპირველეს ყოვლისა, მათ აღსრულებას. ულმების მოწამეობრივ ოჯახში ჩვენ კვლავ ვხვდებით ოჯახის სიდიადეს, სიცოცხლის ადგილსა და შთამომავლობის სიყვარულს. კვლავ აღმოვაჩენთ იმ დიად მისიას, რომელიც შემოქმედმა მათ ოჯახს დააკისრა. მინდა წმინდა იოანე პავლე II-ის სიტყვები გავიმეორო, რომლითაც მან 1994 წელს ოჯახებს მიმართა: "ეკლესიასა და საზოგადოებაში დადგა ოჯახების ერა, რომელიც მოწოდებულია დიდი როლი ითამაშოს ახალი ევანგელიზაციის საქმეში".


იერარქი ასევე მიესალმა ებრაელთა საზოგადოებას, რომლებიც მარკვაში ბეატიფიკაციის საზეიმო წმ. წირვას ესწრებოდნენ: "ამ წირვაში მათი მონაწილეობა არა მხოლოდ კეთილშობილური გამოვლინება და მადლიერებაა ულმების ოჯახის მიმართ, რომლებმაც ებრაელები შეიფარეს მაშინ, როცა მთელს ევროპასა და პოლონეთშიც ნაცისტი გერმანელების მხრიდან ებრაელი ხალხისადმი რისხვა სუფევდა, არამედ ეს არის ებრაული და კათოლიკური ჯახის შეერთება მოწამეობრიობის ამ საგმირო საქმით, რომელიც ატარებს ღრმა აზრს და ნათელს ჰფენს ებრაულ და ქრისტიანულ მეგობრობას, როგორც ადამიანურს, ასევე რელიგიურ დონეებზე. მდევნელების მხრიდან ებრაელების მიმართ სიძულვილი იყო ძველი და ახალი აღთქმის სიძულვილი ქრისტეში".


საუბრის ბოლოს, წმინდანთა საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, უკრაინას შეეხო, სადაც რუსეთის შეჭრის გამო, უკვე 18 თვეა ომი მიმდინარეობს: „უამრავი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო, ხოლო თქვენ, პოლონელებმა კარი გაუღეთ და შეიფარეთ ისინი. სწორედ უბრალო ოჯახებმა შეიფარეთ ის ადამიანები“, - დასძინა კარდინალმა.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page