top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რატომ ამბობს პაპი უარს ახალ ნივთებზე

იცოდით, რომ უკვე თერთმეტი წელია, პაპი ფრანცისკე ყველა მოგზაურობაში ატარებს საკმაოდ გაცვეთილ, შავ ჩანთას? ეს ჩანთა მას თავად დააქვს ყველგან, საკუთარი ხელით.



ბოლო მოგზაურობისას, პაპის ჩანთას სახელური გაუფუჭდა. როგორც წესი, პაპი ახალ ნივთებს არ ყიდულობს და ცდილობს ძველი ნივთები ადგილობრივ ხელოსნებთან შეაკეთოს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, პაპმა  დაზიანებული ჩანთა გასაკეთებლად სან–პედროში, ერთ–ერთ გამორჩეულ ხელოსანთან, დანიელ არეანოსთან გაგზავნა.

 

“პაპ ფრანცისკეს ჩანთის შეკეთება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, სიამაყის განცდაც მაქვს. ვეცადე, ისე შემეკეთებინა, რომ კვლავ გამოეყენებინა მნიშვნელოვანი მოგზაურობებისას”, – ამბობს ხელოსანი.

 




პაპის შავმა ჩანთამ საზოგადოების ყურადღება 2013 წლის ივლისში მიიპყრო, როცა პაპი რიოში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის დღეზე გაემგზავრა და თვითმფრინავის ბორტზე შავი ჩანთა თავად აიტანა. ამ პერიოდში, პაპის შავი ჩანთის ფოტო სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა, სადაც საუბრობდნენ, რომ ჩანთის აღების უფლებას პაპი არავის აძლევდა. ამიტომ ბრაზილიიდან რომში დაბრუნებულმა პაპმა ჩანთასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

 

"მასში ატომური ბომბის გასაღები არ მაქვს", - იხუმრა პაპმა და განმარტა, რომ ჩანთაში ყოველდღიური ნივთები ეწყო:

 

„როდესაც ვმოგზაურობ, ყოველთვის თან დამაქვს ის, რადგანაც აქ მიწყვია:  ბრევიარი (ლოცვის წიგნი), წიგნაკი, საკითხავი წიგნი წმ. ტერეზას შესახებ, საპარსი...“.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პაპი ფრანცისკე ახალი ნივთების შეძენაზე უარს ამბობს და დაზიანებული ნივთების აღსადგენად ადგილობრივ ხელოსნებთან მიდის.

 

რამდენიმე თვის წინ, პაპმა ოფთალმოლოგიის დაწესებულებაში საკუთარი სათვალეები თავადვე მიიტანა.

 

„როცა თვითონ მოდის აქ, მის თვალებში ბედნიერება ჩანს. კვლევების დროს, ვურჩევთ ლინზების მოხმარებასაც... მისი მოსვლის დროს, არც იუმორი გვაკლია“, – ამბობს დაწესებულების მფლობელი და ამატებს, რომ ვიზიტზე ჩასაწერად პაპი ყოველთვის წინასწარ რეკავს.

 

“ვუტარებთ სტანდარტულ კონტროლს, შემდეგ პაპი ამოიღებს თავის სათვალეს, რომელსაც ყოველთვის ატარებს და გვეუბნება, რომ ბუდის გამოცვლას არ საჭიროებს, რადგან კარგად უვლის. ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს, ვეთანხმებით წმინდა მამის გადაწყვეტილებას. მას არ სურს ახლის ყიდვა”...

 

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page