top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘რეაბილიტაცია გვინდოდა, მაგრამ მხოლოდ გადავხურავთ’ – მინისტრი ივლიტის ტაძარზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა ივლიტის სადავო ტაძრის რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა. მინისტრი ამბობს, რომ ტაძრის სრული რეაბილიტაცია იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სახურავს გადახურავენ.

22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისმინისტრმა თეა წულუკიანმა, ივლიტის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ, ახალციხე–ასპინძა–ადიგენი–ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის შეკითხვას გასცა პასუხი.


მინისტრი ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ წარმოადგინა სათანადო პროექტი, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა. შედეგად კი უკვე წელიწად–ნახევარია ტაძარი სახურავის გარეშეა დარჩენილი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ნადგურდება.


„ჩვენ გვყავდა პროექტანტი, რომელმაც ვერ შეასრულა სამუშაო და სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მთელი ჯაჭვი, ჩვენ არ გვყავს დღეს ბაზარზე კერძო კომპანია, რომელსაც აქვს კომპეტენცია ძეგლთა დაცვის სფეროში, არ არსებობს ასეთი. ერთმა თუ იცის ხე, იმავდროულად არ იცის ქვა, მეორემ იცის ქვა, მაგრამ იმავდროულად არ იცის სახურავი და ა.შ. და ეს საფუძველს იღებს იმ ვითომ რეფორმაში, როდესაც პროფესიები გააქრეს. პროექტანტმა ვერ მოიტანა პროექტი რეაბილიტაციის. სრული რეაბილიტაცია გვინდოდა, სახსრებიც გვქონდა ამისათვის გამოყოფილი, ამიტომ ხელშეკრულება შეწყდა. ახლა მიმდინარეობს და დღე–დღეზე ჩაეშვება ტენდერი, მხოლოდ გადახურვაზე, რომ ზამთარში ეს ძეგლი იყოს დაცული. ბიუჯეტი, მხოლოდ გადახურვის, არის 57 000 ლარი და სრულ რეაბილიტაციას დავუბრუნდებით მომავალში“, – განმარტა პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა თეა წულუკიანმა.


ცნობისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია 2021 წლის თებერვალში დაზიანდა. მისი ისედაც ავარიული სახურავი დიდთოვლობის გამო სრულიად ჩაინგრა. ამჟამად ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი ტაძრის ნაწილი.


ივლიტის ტაძრის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2021 წლის თებერვალში წერილით მიმართა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, თუმცა მას პასუხი არ მიუღია. იგი წერილში სააგენტოს სთხოვდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გათვალისწინებული ყოფილიყო კათოლიკე ეკლესიის ინტერესები, როგორც ამ ტაძრის ისტორიული მეპატრონისა.

„შემატყობინეს, რომ ა.წ. 17 თებერვალს ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტის კათოლიკური ეკლესიის სახურავმა ვერ გაუძლო თოვლს. ეს ფაქტი შედეგია არა მხოლოდ უამინდობისა, არამედ უმთავრესად უყურადღებობისა და უზრუნველობისა, რომელშიც იყო მიტოვებული ტაძარი, სწორედ ამგვარი დღის მოლოდინში. ადგილობრივი კათოლიკენი დიდი ხანია აღნიშნავდნენ დაზიანების აშკარა ნიშნებს და ამგვარი შედეგი მოსალოდნელი იყო. ვშიშობ, რომ ამჯერადაც შეგნებულად იქნა მიყვანილი მდგომარეობა იქამდე, რომ შენობა დაინგრეს და შემდეგ მავანმა აღადგინოს ის თავის გემოზე.


ვითხოვ, როგორც ამ შენობით დაინტერესებული მხარე, რაკი საქმე გვაქვს კათოლიკურ, თუმცა ამჟამად მართლმადიდებელთა მფლობელობაში მყოფ ნაგებობასთან, რომლის დაბრუნებასაც წლებია მოითხოვენ ქართველი კათოლიკენი, რომ ყოველივე აღდგენილი იქნას პირვანდელი სახით, დაცულ იქნას ამ ტაძრის სტრუქტურა, ისტორია და იერსახე და ჩამაყენონ საქმის კურსში გადაწყვეტილებების მიღებისას“, – წერია ეპისკოპოსის წერილში.


დაზიანებული ტაძარი ეპისკოპოსმა 2021 წლის აპრილშიც მოინახულა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია. ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. იგი იმ ექვს სადავო ტაძარს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკლესიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს.


მიუხედავად სახურავის დაზიანებისა, კათოლიკე მრევლს ხატები ტაძრიდან არ გამოჰქონდა, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი ხატებს უკან არ შეატანინებდა და საკუთარ ეკლესიაში იმ ერთ კედელსაც დაკარგავენ, რომელიც ახლა ეკუთვნით.

1991 წლიდან ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს კი, აქ მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი.

ამ დრომდე, ეკლესიაში წირვა–ლოცვას მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page