top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რელიგიათაშორისი ლოცვა ლიმპიადაზე მშვიდობისა და ძმური ერთობისათვის

პირველი რელიგიათაშორისი ლოცვიდან 100 წლის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში გაიმართა ცერემონია, რომელმაც ხაზი გაუსვა  ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრე სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის მშვიდობისა და ძმობის საკითხს.


შეხვედრა გაიმართა წმინდა იოანე პავლე II - ს მოედანზე, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის წინ, რომელიც ამჟამად რესტავრაციის პროცესშია. საუბრის მთავარი თემა იყო: „როგორ უკავშირდება სპორტი ჩვენი კაცობრიობის საუკეთესო თვისებებს?“

 

შეხვედრაში ხუთი ძირითადი რელიგიის: ქრისტიანების, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმისა და ინდუიზმი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოლიმპიური სოფლის რელიგიათაშორისი ცენტრის ასამდე მოძღვარ-კაპელანმა მოსაზრებები გამოთქვა – თუ როგორ შეუძლია სპორტს წარმოაჩინოს საუკეთესო, როგორც სპორტსმენებში, ასევე სრულიად საზოგადოებაში.

 

დამსწრეებს შორის იყო პროვანსის, დინის ეპარქიის ეპისკოპოსი ემანუელ გობილარდი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე პაპ ფრანცისკეს სპეციალური წარმომადგენელია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღდგენილი საკათედრო ტაძრის წინ ლოცვა შემთხვევითი არ არის და ტაძარს ყველასთვის აღიარებული ღირებულება გააჩნია. პაპის წარმომადგენელმა ისაუბრა დუმილის ძალაზეც, რომელშიც მისი თქმით, ლოცვის ძალა ჩანს და სამყაროს საშუალებას აძლევს თქვას რაღაც დიდი და ლამაზი.

 

ეს ღონისძიება იყო ერთგვარი გახსენება 1924 წლის 5 აგვისტოს, ოლიმპიური თამაშების დროს გამართული შეხვედრისა, რომელიც ასევე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მოეწყო და მაშინაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ მას. იმ პერიოდში მსგავსი ტიპის შეხვედრები სიახლე იყო.


სწორედ ამ შეხვედრისთვის ბარონ პიერ დე კუბერტენმა გამოაცხადა, რომ ცერემონია ჩატარდებოდა წირვის, კურთხევის, საკურთხეველზე მღვდლების ასვლის გარეშე, რათა მას არ მიეღო კათოლიკური ღონისძიების სახე.  მაშინ თითქმის ყველა სპორტსმენი დაესწრო ცერემონიას.  ერთ- ერთი  პარიზული გაზეთი წერდა: "ამ დილით, ღმერთმა მოახდინა სასწაული. მან შეკრიბა ქრისტიანები, ბუდისტები და ებრაელები თავის საკურთხეველში".


ეპისკოპოსმა გობილარმა აღნიშნა, რომ „ის, რაც ერთი საუკუნის წინ მოხდა, დღესაც აქტუალურია, იგი გამოხატავს მშვიდობისა და ძმობის სურვილს”.

 

წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page