12–14 სექტემბერს ბოლონიაში კონფესიათაშორისი ფორუმი G20 გაიმართება. მის მონაწილეებს პაპმა ფრანცისკემ მისასალმებელი წერილი გაუგზავნა.
რომის ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა შეხვედრის მიზანს, რომელიც ემსახურება აღმსარებლობის თავისუფლების წინ წამოწევას, ერთობასა და შერიგებას იქ, სადაც ომები და სიძულვილი ტყუილსა და სიკვდილს თესავენ: “თუ გვინდა, რომ დედამიწაზე ძმობა შევინარჩუნოთ, თვალსაწიერიდან არ უნდა გამოგვეპაროს ზეცა”, – აღნიშნა პაპმა და დაამატა, რომ „ჭეშმარიტი რელიგიურობა ღმერთის თაყვანისცემასა და მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს, ჩვენ შორის არსებულმა ჰარმონიამ უნდა წარმოაჩინოს ჩვენი მოყვარული ზეციერი მამა“. წმინდა მამის თქმით, ეს ყველაფერი შორეულ ოცნებად გვეჩვენება: “ბოლო 40 წლის მანძილზე, თაყვანისცემის სხვადასხვა ადგილში დაახლოებით 3000 თავდასხმა და 5000 მკვლელობა მოხდა. ისინი, რომლებიც ძმებზე და დებზე თავდასხმებით გმობენ ღვთის სახელს, სამწუხაროდ, იოლად პოულობენ დაფინანსებას და ცრუ ღმერთის სახელით გაცხარებული ქადაგება ხშირად ვრცელდება კონტროლის გარეშე”.
პაპის თქმით, ამ პრობლემების წინაშე რელიგიური ლიდერები უნდა ემსახურებოდნენ ჭეშმარიტებას, ანუ შიშის გარეშე უნდა დაარქვან ბოროტებას ბოროტება, თუნდაც ამ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩვენი სულიერი ძმები: “ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რელიგიურ გაუნათლებლობას, რომელიც გაჟღენთილია ყველა კულტურაში, რათა დაუპირისპირდეს ფართოდ გავრცელებულ უგულებელყოფას, რომელიც ამცირებს რწმენის გამოცდილებას, ადამიანური ბუნების ელემენტარულ განზომილებამდე და აცდუნებს დაუცველ სულებს ფუნდამენტალისტური ლოზუნგებით”.
პაპი ფრანცისკე მაღალი ინტერესით ეხმაურება ინიციატივას, დადგინდეს, ყველა ლოცვის ადგილზე დაღუპულთა საერთო მოხსენიება. “ძმათმკვლელობის ჭეშმარიტი რელიგიური პასუხი არის ძმის ძიება. არ შეიძლება იარაღს უპასუხო იარაღით, რომელიც შობს შურისძიების დაუსრულებელ სპირალში უფრო მეტ ძალადობას, საჭიროა ურთიერთდახმარება და ურთიერთმიტევება, ეს კი მოითხოვს გამბედაობასა და უანგარობას. გზა მშვიდობისაკენ გადის არა იარაღზე, არამედ სამართლიანობაზე, რელიგიურმა ლიდერებმა კი პირველებმა უნდა დაამოწმონ, რომ ბოროტთან ბრძოლის ერთადერთი გზაა, ლოცვა და თანხმობა სოლიდარობის კონსტრუქციულ ძალასა და მოთმინებაში. უზენაესი არ არის ომის ღმერთი, იგი არის მშვიდობის ღმერთი”.
გზავნილის ბოლოს, წმინდა მამა ფორუმის მონაწილეებს მოუწოდებს მშვიდობის აქტიური შენებისა და პრობლემების ერთობლივი მოგვარების ძიებისაკენ და იხსენიებს მათ თავის ლოცვებში.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
コメント