1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია-ანექსიისა და 1922 წელს საბჭოთა კავშირში საქართველოს იძულებითი გაერთიანების შემდგომ, ეკლესიები (რელიგიური გაერთიანებები), სასულიერო პირები და მრევლის აქტიური ნაწილი ბოლშევიკური სახელმწიფოს მხრიდან განიცდიდნენ გეგმაზომიერ, დროში განგრძობად რეპრესიებს, რამაც 1936-38 წლების "დიდი ტერორის" დროს პიკს მიაღწია.
ანტირელიგიური მასობრივი კამპანიისას აბსოლუტურად ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ იწვნია სახელმწიფოს მხრიდან უმძიმესი ფიზიკური, მატერიალური, მორალური ზეწოლა. დაიხურა ეკლესიები, მონასტრები, სამლოცველო სახლები, სასულიერო პირთა უდიდესი ნაწილი ჩამოაშორეს ღვთისმსახურებას: ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც გადაასახლეს, შედარებით სუსტი ნებისყოფის სასულიერო პირები აიძულეს თავი დაენებებინათ მსახურებისათვის და სამოქალაქო საქმიანობით დაკავებულიყვნენ. რეპრესიებს განიცდიდნენ მათი ოჯახის წევრებიც. ცხადია, რაოდენობრივი თვალსაზრისით, ყველაზე მეტი სატაძრო ნაგებობა საქართველოს მართლმადიდებელ, ასევე სომხურ ეკლესიებს ჩამოერთვა, მაგრამ პროცენტული რაოდენობით ყველაზე მეტად კათოლიკე და მუსლიმური თემი დაზარალდა. 1959-60 წლებში, ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის დროს კი, მთავარი დარტყმა პროტესტანტებმა, ე.წ. სექტანტებმა, განიცადეს.
საბჭოთა კავშირის მიერ აგორებული ანტიკათოლიკური რეპრესიების შედეგად დაიხურა მოქმედ ტაძართა დიდი უმეტესობა, მთელ სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკები), სადაც ასზე მეტი კათოლიკური სამრევლო და ტაძარი ფუნქციონირებდა, მოქმედი დარჩა მხოლოდ წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძარი თბილისში. ამასთანავე, საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა კათოლიკური წესის სომხური და ასურულ-ქალდეური ეკლესიები და ოფიციალური რეგისტაცია მხოლოდ რომის კათოლიკე ეკლესიას დაუტოვა. ტერმინი ,,ლათინური წესი“ აღარ გამოიყენებოდა. მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, წმიდა საყდრის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის თავისუფლად ამოქმედება.
ჩვენი სახელმწიფო ზრუნავს სხვადასხვა კონფესიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, თუმცა სანამ რელიგიების შესახებ კანონი არ იქნება მიღებული, რელიგიური უმცირესობები სრულყოფილი არსებობისათვის სხვადასხვა სახის წინააღმდეგობას მაინც აწყდებიან. ამ პრობლემათა ნაწილობრივი გადაწყვეტისათვის საქართველოს სახელმწიფომ დაიწყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი, რაც გულისხმობს ეროვნული გამოცდილებისა და თანამედროვეობის მოთხოვნების საფუძველზე მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რამაც ქვეყანას უნდა დაუბრუნოს თავისი კუთვნილი ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. ამ მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა, სახელმწიფოს ინიციატივით და კვალიფიციურ ექსპერტთა და მეცნიერთა თანამონაწილეობით, დაეფუძნებინათ სპეციალური ინსტიტუტი (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო), რომელიც, ისტორიული გამოცდილებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით, პროფესიული კვლევისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს რელიგიის სფეროში თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისად.
რელიგიების სახელმწიფო სააგენტოს თაოსნობით წლებია სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა კი გახლავთ საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის შედეგად რეპრესირებულ სასულიერო პირთა მემორიალური წიგნ-ალბომის გამოცემა. ამ ნაშრომში თავმოყრილი იქნება საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი სასულიერო პირის შესახებ სხვადასხვა არქივებში, მათ შორის, საიდუმლო ფონდებში, დაცული დოკუმენტური მასალების დამუშავება, თავმოყრა და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომად გამოცემა. წლის მანძილზე რელიგიების სახელმწიფო სააგენტოს სპეციალისტების მიერ შინსახკომის, სახელმწიფო უშიშროებისა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებში მოიძებნა და დამუშავდა უამრავი დოკუმენტი, რომელიც რელიგიური მოტივით რეპრესირებულ პირებს შეეხებოდა. ჯერჯერობით 1000 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტია დამუშავებული და ახლა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს სამუშაო კონსულტაციები.
მოგაწვდით მცირე ინფორმაციას კათოლიკე მღვდელმსახურების შესახებ დოკუმენტური მასალების საფუძველზე. არქივებში მოძიებულია ცნობები რამდენიმე ათეული სასულიერო პირის, ლათინური წესის ეთნიკურად ქართველი მღვდლების, ასევე სომხური და ასურული წესის მღვდელმსახურთა შესახებ. აქვე აღვნიშნავ (რათა შემდგომ არ გახდეს გაუგებრობის მიზეზი), რომ მრავალი ქართველი კათოლიკე მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაცია არ მოინახა. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრის შედეგად გამოვლინდა, ვინაიდან პროექტი ითვალისწინებდა რელიგიური ნიშნით რეპრესირებულ პირთა შესახებ ნაშრომის შექმნას, ქართველი კათოლიკე მღვდელმსახურები, მათ შორის, საქვეყნოდ ცნობილი მამები: ემანუელ ვარდიძე, კონსტანტინე საფარიშვილი, შიო ბათმანიშვილი და სხვები, რომელთა ღვაწლსა და დევნა-რეპრესიებზე პრესაში, მათ შორის, ჟურნალ ,,საბაში“ არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნებულა, სააგენტოს მიერ მომზადებულ ნაშრომში ვერ მოხვდებიან, იმ სავალალო მიზეზის გამო, რომ საბჭოთა ხელისუფლება და მისი რეპრესიული მანქანა ცდილობდა შედარებით ცნობილი კათოლიკე სამღვდელოება არა რელიგიური ნიშნით, არამედ უფრო მძიმე, სახელმწიფო ღალატის, უცხოეთის ჯაშუშობის მუხლით გაესამართლებინა. ამიტომ სახელმწიფო არქივებში, სადაც რელიგიური მუხლით გასამართლებულ პირთა შესახებ მოიპოვება დოკუმენტები, ჩვენთვის ცნობილი და სასიქადული კათოლიკე მამების თაობაზე ინფორმაცია არ აღმოჩნდა და პროექტიც, თავისი პროფილიდან გამომდინარე, ზღუდავს არარელიგიური მუხლით გასამართლებულ სასულიერო პირთა შესახებ კრებულში მასალების გამოქვეყნებას.
რელიგიების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან, ბატონ ზაზა ვაშაყმაძესთან, შეხვედრის შემდგომ, როდესაც მას არსებული სიტუაცია გავაცანი და შევთავაზე კათოლიკე სასულიერო პირთა სრული სიის გამოქვეყნება, შევთანხმდით, რომ სააგენტოს ახალ პროექტში გათვალისწინებული იქნება ეს სურვილი, რათა მომავალი თაობებისათვის უკვდავყოფილი იყოს სხვადასხვა მძიმე მუხლით რეპრესირებულ კათოლიკე მღვდელმსახურთა ხსოვნა, მით უფრო, რომ ისინი ქვეყნის, კათოლიკე ეკლესიისა და ადგილობრივი მრევლის კეთილდღეობისათვის იღვწოდნენ.
ნუგზარ ბარდაველიძე
ჟურნალი "საბა"/ 2024, ოქტომბერი
Комментарии