როგორ ირჩევენ ახალ პაპს – კონკლავის წესები
- catholic.ge
- 22 hours ago
- 2 min read
პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შესახებ, კათოლიკე ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იწყება, რომელსაც კონკლავი ჰქვია. ამ დროს კარდინალები იკრიბებიან, რათა წმიდა პეტრეს ახალი მემკვიდრე აირჩიონ. როგორ გამოიყურება ეს იდუმალი პროცესი? რამდენი დრო სჭირდება და რა წესები არეგულირებს მას?

კონკლავი (ლათ. Cum Clave, "გასაღებით დაკეტილი") არის ამომრჩეველ კარდინალთა შეკრება. ასეთები არიან კარდინალები, რომლებსაც 80 წელი ჯერ არ შესრულებიათ. პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ, ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი „სიქსტის კაპელაში“ ტარდება.
კონკლავის ამჟამინდელი წესები განსაზღვრულია სამოციქულო კონსტიტუციით Universi Dominici Gregis, რომელიც წმიდა იოანე პავლე II-მ, 1996 წელს გამოსცა და პაპებმა ბენედიქტე XVI-მ და ფრანცისკემ იგი ნაწილობრივ შეცვალეს.
როდის იმართება კონკლავი?
კონკლავი იკრიბება პაპის გარდაცვალებიდან ან გადადგომიდან 15–20 დღის ვადაში. ეს პერიოდი საშუალებას აძლევს კარდინალებს მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ რომში და მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ შეხვედრებში, ე.წ. საერთო კრებებში, სადაც ეკლესიის მომავალთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
კონკლავის დაწყების ზუსტ თარიღს კარდინალთა კოლეგიუმი ადგენს, რომელიც “Sede Vacante”-ს (როცა პაპის ადგილი თავისუფალია) პერიოდში ეკლესიას დროებით მართავს.
როგორ გამოიყურება კონკლავი?
პროცესი იწყება საიდუმლოების ფიცის დადებითა და სიქსტის კაპელას დახურვით - კონკლავი ხდება სრული საიდუმლოების დაცვით. ამომრჩეველი კარდინალები ფიცს დებენ, რომ არ გაამჟღავნონ ინფორმაცია ხმის მიცემის პროცესის შესახებ. შემდეგ ყველა მონაწილე მიდის „სიქსტეს კაპელასკენ“ და ცერემონიალი ამბობს ცნობილ სიტყვებს: "Extra Omnes!" („ყველა გარეთ!“), რის შემდეგაც კარი იხურება და ხმის მიცემა იწყება.
ხმის მიცემის პროცესი:
თითოეული კარდინალი ერთ-ერთი კანდიდატის სახელს წერს. შემდეგ მიდის საკურთხეველთან და ბარათს სპეციალურ ურნაში ათავსებს. პაპი რომ გახდეს, კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების მინიმუმ ორი მესამედი. თუ კენჭისყრიდან სამი დღის შემდეგ საჭირო უმრავლესობა ვერ იქნა მიღწეული, დგება ერთდღიანი შესვენება ლოცვისა და ფიქრისთვის, რის შემდეგაც ხმის მიცემა გაგრძელდება.
კვამლი სიქსტეს კაპელაზე
შავი თუ თეთრი? ყოველი კენჭისყრის შემდეგ, ბიულეტენებს სიქსტის კაპელას სპეციალურ ღუმელში წვავენ. თუ არცერთი კანდიდატი არ მიიღებს საჭირო უმრავლესობას, მათ ქიმიური დანამატები ემატება, რომლებიც შავ კვამლს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ პაპი ჯერ არ არის არჩეული. თუ არჩევანი გაკეთდა, კაპელადან თეთრი კვამლი ამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს. გარდა ამისა, ირეკება წმიდა პეტრეს ბაზილიკის ზარები, რაც მსოფლიოს ამ ისტორიულ მოვლენას ამცნობს.
ახალი პაპის გამოცხადება
არჩევის შემდეგ, ახალ პაპს ეკითხებიან, მიიღებს თუ არა თანამდებობას. თუ ის უპასუხებს "Accepto" ("ვეთანხმები"), ის ოფიციალურად აღიარებულია კათოლიკე ეკლესიის მეთაურად. ახალი პაპი ირჩევს სახელს, რის შემდეგაც კარდინალი–პროტოდიაკონი გამოდის წმიდა პეტრეს აივანზე და მორწმუნეებს უცხადებს ცნობილ ფორმულას:
– HABEMUS PAPAM! (გვყავს პაპი)
ცოტა ხნის შემდეგ, ახალი პაპი აივანზე გამოდის და პირველ კურთხევას აძლევს. "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს").
რამდენ ხანს გრძელდება კონკლავი?
კონკლავის ხანგრძლივობა არაპროგნოზირებადია. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში, თუმცა იყო შემთხვევები, როცა კონკლავი რამდენიმე კვირაც გაგრძელებულა.
შედარებისთვის:
• პაპი ფრანცისკე, 2013 წელს, მეხუთე კენჭისყრით, ორ დღეში აირჩიეს;
• პაპი ბენედიქტე XVI, 2005 წელს, მეოთხე კენჭისყრაზე, 24 საათზე ნაკლებ დროში აირჩიეს;
• იოანე პავლე II-ს არჩევას, 1978 წელს, ორი დღის განმავლობაში, რვა კენჭისყრა დასჭირდა;
• ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კონკლავი 1268 წელს შედგა და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
ვის შეუძლია გახდეს პაპი?
ტექნიკურად, ნებისმიერი მონათლული მამაკაცი შეიძლება გახდეს პაპი. თუმცა, პრაქტიკაში საუკუნეების მანძილზე, მხოლოდ კარდინალებს ირჩევდნენ. პაპობისთვის ეროვნების მოთხოვნები არ არსებობს, პაპი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველი არაიტალიელი პაპი იყო იოანე პავლე II. იგი პოლონეთიდან იყო, ბენედიქტე XVI – გერმანიიდან, ხოლო ფრანცისკე – არგენტინიდან.
კონკლავი კათოლიკურ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საზეიმო რიტუალია. მიუხედავად იმისა, რომ პაპის არჩევის პროცედურა მკაცრად რეგულირდება ტრადიციებითა და კანონიკური სამართლით, თითოეულ კონკლავს მოაქვს ახალი გამოწვევები და გადაწყვეტილებები, რომლებიც აყალიბებენ ეკლესიის მომავალს.
შოთა გიქოშვილი
Comments