როგორი იყო პაპის უკანასკნელი საათები [ვიდეო]
- catholic.ge
- 4 hours ago
- 2 min read
პაპ ფრანცისკეს უკანასკნელ სიტყვებს შორის იყო "მადლობა“, რომელიც თავის პირად დამხმარეს, მასიმილიანო სტრაპეტის უთხრა. სწორედ მან წაახალისა წმიდა მამა, აღდგომას, Urbi et Orbi - ის ტრადიციული დალოცვის მერე, პაპომობილით მოულოდნელად ჩაევლო მოედანზე: "მადლობა, რომ გამიყვანეთ მოედანზე!", – უთხრა პაპმა მედძმას... ამის შედეგ, ნაშუადღევს, პაპმა დაისვენა, წყნარად ივახშმა, გამთენიისას მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა...

"მადლობა, რომ კვლავ მომიყვანეთ მოედანზე"– ეს მადლიერება ეკუთვნოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ავადმყოფობისას და არა მხოლოდ ამ დროს, პაპზე ზრუნავდა.
მან მადლობა გადაუხადა მედძმას, მასიმილიანო სტრაპეტის, რომელმაც ერთხელ უკვე გადაარჩინა სიკვდილს და ურჩია პაპს მსხვილ ნაწლავზე ქირურგიული ოპერაციის გაკეთება. ამის შემდეგ, 2022 წელს, პაპმა მასიმილიანო ჯანდაცვის საკითხში თავის პირად დამხმარედ დანიშნა. მთელი 38 დღის განმავლობაში, იგი პაპს ახლდა „ჯემელის კლინიკაში“ და დღედაღამ გვერდში ედგა წმ. მართას სახლში ყოფნისას. ასევე სტრაპეტი იყო პაპთან აღდგომის კვირა დღეს, Urbi et Orbi- ის დროს. ერთი დღით ადრე, ისინი ერთად წავიდნენ წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, რათა გადაეხედათ იმ „მარშრუტისთვის“, რომელსაც პაპი მეორე დღეს გაივლიდა, წმიდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალურ აივანზე გამოსვლისას.
მორწმუნეებთან შეხვედრა
გარდაცვლილ პაპს სურდა, კვირას, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან კურთხევის შემდეგ, 50 000 მორწმუნესთვის ბოლო, მნიშვნელოვანი სიურპრიზი გაეკეთებინა.
თუმცა იგი მაინც ყოყმანობდა და აზრი სტრაპეტის ჰკითხა: "როგორ ფიქრობთ, ამას შევძლებ?" მედძმამ იგი დაამშვიდა. სწორედ ამის შემდეგ, მოედანზე პაპომობილით გასული პაპი მოეფერა მორწმუნეებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ეს იყო მისი პირველი გასეირნება პაპამობილით წმ. პეტრეს მოედანზე და გახდა უკანასკნელიც თავის სიცოცხლეში...
დაღლილმა, მაგრამ კმაყოფილმა პაპმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის პერსონალურ თანაშემწეს: „გმადლობთ, რომ მოედანზე დამაბრუნეთ“.
ეს გულწრფელი სიტყვები ცხადყოფს არგენტინელი პაპის ღრმა სურვილს, ყოფილიყო ღვთის ხალხში და დამტკბარიყო ადამიანური კავშირით, რომელიც მან თავისი პაპობის დამახასიათებელ ნიშნად აქცია.
იგი შეუმჩნევლად, თითქმის უხმაუროდ გარდაიცვალა, დიდხნიანი მოლოდინისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე... იგი აღდგომის მეორე დღეს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც დალოცა „ქალაქი და მსოფლიო“. მას შემდეგ, რაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვლავ შეეხო მორწმუნეებს, იმ მორწმუნეებს, რომლებსაც 2013 წლის 13 მარტს, თავისი არჩევის დღიდან დაჰპირდა ერთ, საერთო გზას.
შოთა გიქოშვილი
Komentar