როცა პაპი გარდაიცვლება - როგორია დაკრძალვის პროტოკოლი
- catholic.ge
- 3 hours ago
- 3 min read
2025 წლის 21 აპრილს, იტალიის დროით 07:35 საათზე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.

2005 წელს, როცა პაპი იოანე პავლე II გარდაიცვალა, ტელევიზიების, რადიოსა და გაზეთების მეშვეობით მთელს მსოფლიოს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი დაკრძალვის ცერემონიისთვის. გარდა სამძიმრის ტექსტებისა, ადამიანებმა ნახეს გარდაცვლილი პაპის ფოტოებიც.
შესაბამისად, დღევანდელი საზოგადოება მიჩვეულია სიახლის გასავრცელებლად ყველა სერვისი და შესაძლებლობა გამოიყენოს, რომელიც ამ ეპოქისთვის დამახასიათებელია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო.
1958 წლამდე, ანუ პაპ პიუს XII-მდე, უმაღლესი პონტიფიკის სიკვდილი იყო წმიდა დრო, რომელიც პატივისცემისა და ტრადიციის გამო, რჩებოდა დახურულ კარს მიღმა. ეს იყო ერთგვარი დაცვა „მედია აგრესიისგან“...
1958 წელს, პაპ პიუს XII-ის სიკვდილის ამსახველი ფოტომასალა, პირველად, ფაქტობრივად, პონტიფიკს ექიმმა გაავრცელა, რომელიც ამ ქმედებისთვის, მოგვიანებით, ორდენიდან გააძევეს. იმ უხილავი სურათებისთვის, რომლებიც მან მსოფლიოს აჩვენა, ბევრი ადამიანი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასეთი ფოტოების გავრცელებას „ხალხის მიმართ გაუმართლებელ ძალადობას“ უწოდებდა. ცხადია, დრო იცვლება და ის, რაც გუშინ სიახლეს წარმოადგენდა, დღეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
თუმცა მიუხედავად მედიაში არსებული რევოლუციისა, ჯერ კიდევ არსებობს ვატიკანის რეგულაციებით გათვალისწინებული ბევრი პროტოკოლი.
ინფორმაციისთვის, გთავაზობთ პროტოკოლით გათვალისწინებულ საკითხებს:
I ნაწილი - პაპის გარდაცვალება
პაპის გარდაცვალების შესახებ ცნობების მიღებისას, პაპის კარდინალი - კამერლენგო (კარდინალი, რომელიც განკარგავს წმიდა საყდრის ქონებასა და შემოსავლებს) უნდა შეუდგეს გარდაცვალების ფაქტის ოფიციალურ დადგენას ლიტურგიკული დღესასწაულების მაგისტრისა და სამოციქულო პალატის კანცლერის (ისევე, როგორც მდივნის) თანდასწრებით. შემდეგ, კანცლერი ავსებს გარდაცვალების მოწმობას.
ამ დროს, კარდინალი დალუქავს წმიდა მამის პალატასა და ოფისს; გარდაცვალებას უდასტურებს რომის ვიკარიუსს, რომელიც შემდგომ, ინფორმაციას სპეციალური უწყების მეშვეობით ავრცელებს. ამ დროს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ზარები რეკავენ, ხოლო ბრინჯაოს კარის ნახევარი დაკეტილია.
ამის შემდეგ კი, პაპის გვამს ვატიკანის ექიმები მოამზადებენ და პონტიფიკოსის სამოსლით შემოსავენ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქსესუარსა და შესამოსელს:
- თავზე თეთრი მიტრა;
- კაზულა;
- პალიუმი.
ამის შემდეგ, ცხედარს წმიდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც მისვლა და გამომშვიდობება ყველა მორწმუნეს შეეძლება. პანაშვიდი სამ დღეს გრძელდება.
არავის აქვს უფლება ცხედარს ფოტო გადაუღოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კარდინალი - კამერლენგო საჭიროდ ჩათვლის, რომ ფოტომასალა საჭიროა დოკუმენტაციისათვის. უფრო დეტალურად: სანამ პაპის ცხედარს არ შემოსავენ პონტიფიკოსის სამოსლით, ფოტოს გადაღება არ შეიძლება.
თუ პაპი ვატიკანის გარეთ გარდაიცვლება, კარდინალთა კოლეგიუმი ბრძანებას გასცემს, რომ მისი გვამი ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში დაუყოვნებლივ გადაასვენონ.
II ნაწილი - დაკრძალვა
გარდაცვლილი პაპის დაკრძალვის ცერემონიას ეწოდება "Novendiali" (novem dies), რადგანაც იგი ცხრა დღე გრძელდება და აღასრულებენ კარდინალები, რომლებიც მკაცრად იცავენ Ordo exsequiarum Romani Pontificis და Ordo rituum Conclavis ნორმებს.
თუმცა, ოფიციალურად, ჩვეულებრივ დაკრძალვა გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ მოხდება. რომის უნივერსიტეტის მედიცინის ინსტიტუტის ტექნიკოსები ცხედრის კონსერვაციის მდგომარეობას შეამოწმებენ.
დღეს, გვამების კონსერვაციისა და მისი დაცვის ტექნოლოგიები უწინდლისგან განსხვავდება. ადრე მიღებული იყო გვამიდან შინაგანი ორგანოების ამოეღება, რათა იგი უხრწნელად, დიდხანს შენახულიყო. შემდეგ მათ ინახავდნენ სპეციალურ ქოთნებში, რომლებიც რომში, წმიდა ვინსენტისა და ანასტასიას ტაძარში დღემდე შემორჩენილია.
შინაგანი ორგანოების ამოღების წესი პაპ პიუს X-ის (1903-1914) დროს შეწყდა, რომელმაც იგი თავისი პონტიფიკატობის დროს გააუქმა.
პაპის პანაშვიდს ეწოდება"Missa Poenitentialis" და წმიდა პეტრეს ბაზილიკაში იმართება, მთელი მსოფლიოს სახელმწიფო დელეგაციების თანდასწრებით.
დაკრძალვისას, პაპის ცხედარს კვიპაროსის, ტყვიისა და კაკლისგან დამზადებულ სამ კუბოში ათავსებდნენ და კრძალავენ ვატიკანის საძვალეში. თუმცა ახალი ცვლილებების ფარგლებში, გაუქმდა სამმაგი კუბოს გამოყენების ტრადიცია, რომელიც კვიპაროსის, ტყვიისა და კაკლისგან მზადდებოდა. პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, მას ხის უბრალო კუბოში ჩაასვენებენ, რომელიც შიგნიდან თუთიის ფენით იქნება დაფარული.
თუ დაკრძალვა ვატიკანში მოხდება, ბაზილიკაში, დაკრძალვის ოქმს კაპიტულეს ნოტარიუსი ან ამავე ბაზილიკის კანონიკური მნე შეადგენს. ამის შემდეგ, კარდინალი - კამერლენგო და პაპის სახლის პრეფექტი დელეგატი ცალ-ცალკე ადგენენ დოკუმენტებს იმის შესახებ, რომ პაპი ნამდვილად დაიკრძალა.
ჩვეულებრივ, წესი ასეთია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პაპი იტოვებს უფლებას, მისი დაკრძალვა სხვაგვარად მოხდეს.
მაგალითისათვის, საკმაოდ ბევრი პაპია, რომლებსაც არ სურდათ ვატიკანის საძვალეში დაკრძალვა:
- მარტინ I, რომელიც გარდაიცვალა ყირიმში და დაკრძალეს რომში;
- ადრიანე II, რომელიც გარდაიცვალა მოდენაში და დაკრძალეს ნონანტოლაში;
- სილვესტერ II – დაკრძალულია რომის ლატერანის ბაზილიკაში;
- დამასუს II – დაკრძალულია რომის კედლების გარეთ, წმიდა ლავრენტის ტაძარში;
- ვიქტორ II – რომელიც გარდაიცვალა არეცოში და დაკრძალეს რავენაში სანტა მარია როტონდაში;
- სტეფანე IX – რომელიც დაკრძალეს ფლორენციაში წმიდა ლავრენტის ტაძარში.
თუ პაპს სხვა ადგილზე დაკრძალავენ, მაშინ ნოტარიუსის მიერ უნდა შედგეს სპეციალური ოქმი, სადაც მითითებული იქნება დაკრძალვის ადგილი. ამის შემდეგ, პაპის სახლის პრეფექტი და კარდინალი-კამერლენგო შეადგენენ დოკუმენტებს, რომ კონკრეტულ ადგილზე ნამდვილად მოხდა პაპის დაკრძალვა.
არ აქვს მნიშვნელობა, დაკრძალვა ვატიკანში ხდება თუ სხვაგან, პროტოკოლის მიხედვით, პაპის დაკრძალვის შემდეგ და ახალი პაპის არჩევამდე, პაპის რეზიდენციაში არავინ უნდა ცხოვრობდეს.
III ნაწილი მესამე: ანდერძი
თუ გარდაცვლილმა პაპმა შეადგინა ანდერძი და დანიშნა აღმასრულებელი, ამ უკანასკნელმა მანდატი უნდა შეასრულოს გარდაცვლილი პაპის კერძო საკუთრებასა და წერილობით მასალებთან დაკავშირებით. იგი ანგარიშვალდებული იქნება ახალ პაპთან.
პაპის დაკრძალვისას, მიზანშეწონილია შემოწმდეს, შეიცავს თუ არა პაპის ანდერძი რაიმე მითითებას იმ ადგილის შესახებ, სადაც მან გამოთქვა დაკრძალვის სურვილი.
თუ პაპმა გამოთქვა სურვილი დაიკრძალოს არა ვატიკანის საძვალეში, არამედ სხვა ადგილზე, ამის შესახებ კარდინალთა კოლეგიუმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, რათა კოლეგიუმმა შესაბამის ადგილზე დაკრძალვის პროცესი უზრუნველყოს.
ბოლო ასი წლის განმავლობაში, ფრანცისკე იქნება პირველი პაპი, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.
პაპის სურვილით მისი საბოლოო განსასვენებელი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა იქნება.
Commentaires