top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'სამყაროს მიუტანეთ ღვთის სიყვარულის ნათელი' - პაპი ფრანცისკე

„უფლის გაცხადების დღესასწაული განსაკუთრებული ჟამია იმედის საიუბილეო წელს, როცა ვიხსენებთ მოგვებს სახარებიდან: “გაჰყვნენ ბეთლემის ვარსკვლავს და მოვიდნენ, რათა თაყვანი ეცათ ყრმა უფლისათვის”(მათ.2,2)“, –  წარმოთქვა ქადაგებაში პაპმა ფრანცისკემ, 6 იანვრის, სადღესასწაულო წმიდა წირვაზე, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში.

წმიდა მამამ ყურადღება გაამახვილა ზეციერი სინათლის სიმბოლურ არსზე და ხაზი გაუსვა მის სამ ძირითად მახასიათებელს: ნათელს, ხელმისაწვდომობასა და გზის ჩვენების შესაძლებლობას.

 

„იესოს პერიოდში, ბევრი ძლევამოსილი მმართველი საკუთარ თავს “ვარსკვლავს” უწოდებდა, თუმცა არცერთ მათგანს არ უჩვენებია მოგვებისთვის შობის სასწაული“, – აღნიშნა პაპმა.  სწორ გზას უნათებდათ ზეციერი ნათელი, უფლის სიყვარულის სიმბოლო, რომელიც მოევლინა სამყაროს იესო ქრისტეში. “ვარსკვლავი გვევლინება ერთადერთ ნათლად, რომელსაც შეუძლია ყოველ ჩვენგანს უჩვენოს სწორი გზა ხსნისა და ბედნიერებისაკენ“. ეს არის უფლის სიყვარულის ნათელი, რომელიც განკაცდა ჩვენთვის და თავი შესწირა. ეს არის ერთადერთი ნათელი, რომელიც გვაბედნიერებს, „როგორც ვარსკვლავის ბრწყინვალება მიუძღოდა მოგვებს ბეთლემისაკენ, ასევე ჩვენც უნდა მივიყვანოთ ყველა, ვინც ირგვლივ გვყავს იესომდე სიყვარულით, სიახლოვით, თანაგრძნობითა და მსახურებით“.

 

მოგვებზე დაკვირვებით, რომლებიც მიაპყრობენ მზერას ზეცისკენ და რომლებიც ეძიებენ ვარსკვლავს, ვთხოვოთ უფალს, რათა მოგვმადლოს ძალა, ვიყოთ ნათელი ერთმანეთისათვის, რომელსაც მივყავართ იესოსთან შესახვედრად“.

რომის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვარსკვლავს, რომლის დანახვაც ყველას შეეძლო, მხოლოდ ის ხედავდა, ვინც შესცქეროდა ზეცას იმედის ნიშნის საძიებლად. „გამოსყიდვა ყველა ადამიანს ეკუთვნის გამონაკლისის გარეშე. საშობაო ბაგას მოადგნენ მოგვები, ადამიანები სხვადასხვა რასისა და ასაკისა. ღმერთი არ ეცხადება მხოლოდ საახლობლო წრეებს, პრივილეგირებულ პირებს, არამედ სთავაზობს თავის თანაზიარებას ყველას, ვინც მას ეძიებს სუფთა გულით. უფალი გვაკისრებს მოგვების მსგავს  მისიას. მარგინალიზაციასთან დაპირისპირებისას აუცილებელია ავაღორძინოთ შეხვედრის კულტურა, სტუმართმოყვარეობა და ინტეგრაცია, რათა იმედის ნათელმა მოიცვას ყველა.


"ვარსკვლავი” წარმოადგენს ღვთის ოცნებას: რომ მთელი კაცობრიობა, მისი განსხვავებების მთელი სიმდიდრით, ქმნიდეს ერთ ოჯახს და ერთად იცხოვროს კეთილდღეობასა და მშვიდობაში.

 

ბეთლემის ვარსკვლავი გზამკვლევია, მან მიიყვანა მოგვები ყრმა იესოსთან. ამ საიუბილეო წლის ერთ–ერთი მთავარი დევიზი არის მომლოცველობა.

 

გზის ჩვენებისას ვარსკვლავი გვეუბნება იმას, რომ ღმერთი მოდის ჩვენთან იქ, სადაც ჩვენ ვართ. ღმერთს სურს მოგვიწოდოს გზისკენ და გავიზარდოთ მის სიყვარულში, რათა სიყვარული გახდეს არსი ჩვენი არსებობისა.

 

ბეთლემის მანათობელი ვარსკვლავი სიმბოლოა არა მხოლოდ გარეგანი გზისა, არამედ სულიერი გზისაც. მისი ნათელი მოგვიხმობს მომლოცველობისაკენ საკუთარ თავში გულების გაწმენდით და ქრისტესთან შეხვედრით. რწმენის აღიარებით ვიღებთ უხვ მადლს. ეს გზა მოითხოვს უწყვეტ სულიერ ზრდასა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ღვთისა და სხვების წინაშე.

ქადაგების დასასრულს პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს უსურვა:

 

“დაე, გვაქციოს უფალმა მოკაშკაშე ვარსკვლავად უფლის საჩვენებლად. ვიყოთ მარიამის მსგავსად გულუხვები და თავგანწირულები, ღია მასპინძლობისათვის თავმდაბლად, რათა შევძლოთ შევხვდეთ ღმერთს, შევიცნოთ და თაყვანი ვცეთ მას, რათა მივაღწიოთ განახლებას და სამყაროს მივუტანოთ ნათელი სიყვარულისა”.

 

წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

Comentarios


bottom of page