იცოდით, რომ ესპანეთში, მადრიდთან ახლოს დგას გადაყრილი სამშენებლო ნარჩენებისგან აშენებული ტაძარი?
მას შემდეგ, რაც 30 წლის ასაკში, ხუსტო გალეგო მარტინეზს ტუბერკულოზის შეტევამ აიძულა რომ დაეტოვებინა ტრაპიზონის ბერების ორდენი, მან ოჯახისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს იყო 1961 წელს, დღეს კი, მისი ცხოვრების პროექტი - ხუსტოს საკათედრო ტაძარი მოიცავს საძვალეს, ორ მონასტერსა და 12 კოშკს – 4700 კვადრატულ მეტრ ფართობზე, თუმცა შენობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. სხვათა შორის, დაკარგულია ტაძრის ცენტრალური გუმბათი.
ტაძრის ასაგებად ყოფილმა ბერმა გამოიყენა აგური, ხე და სამშენებლოდ უვარგისი, მოედნებზე გადაყრილი მასალა. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მან მიიღო შემოწირულობებიც.
ტაძრის შენობის სვეტები ნავთობის კასრებისგანაა დამზადებული, ფანჯრები კი მოკირწყლული და შეკრულია ფერადი მინის ნატეხებისგან.
ამ საუკუნეში ნარჩენების მეორადი გამოყენება აღარვის უკვირს, თუმცა გალეგო მას ჯერ კიდევ 60 წლის წინ იყენებდა.
საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც პროექტს პატრონობდა, მშენებლის გარდაცვალების შემდეგ კომპანიას დაავალა შენობის სტრუქტურის მდგომარეობის შეფასება, რომელსაც ნებართვა არ აქვს.
გეგმისა და სათანადო განათლების არარსებობა
„შენობის სტრუქტურა უკვე გამოიცადა მნიშვნელოვნად, სხვადასხვა ამინდის პირობებში“, – ამბობს კომპანია Calter-ის ინჟინერი და არქიტექტორი ხუან კარლოს აროიო.მისივე თქმით,შენობა მხოლოდ მცირე “ქირურგიულ” ჩარევებს საჭიროებს.
2009 წელს, ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერი ამ ადგილს ეწვია, როდესაც ის ესპანეთში ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად ჩავიდა. მისი აზრით, ჯილდო სამშენებლო ნარჩენებისგან აგებული ტაძრის შემქმნელს უნდა მიეღო.
იმის გათვალისწინებით, რომ გალეგოს არ ჰქონდა მშენებლობისათვის საჭირო ცოდნა და არც გეგმა, პროექტის სოლიდურობა აღფრთოვანებას იწვევს. ინტერვიუებში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ საკათედრო ტაძრის შესახებ დეტალები "მის თავში იყო" და "ყველაფერი ზემოდან მოდის".
კომპლექსი მდებარეობს Avenida Antoni Gaudi-ზე, ბარსელონას ცნობილი Sagrada Familia-ს არქიტექტორის სახელობის პროსპექტზე. თუმცა, „საგრადა ფამილიასგან“ განსხვავებით, Justo Gallego-ს ტაძარი რომის კათოლიკე ეკლესიის მიერ საკულტო ადგილად აღიარებული არ არის.
ეს არ იქნება ტაძარი
ბერ ანჯელ გარსია როდრიგესს, რომელიც მშვიდობის მისიონერთა ორგანიზაციაზეა პასუხისმგებელი და გალეგოს გარდაცვალების შემდეგ, თავზე აიღო ტაძრის მშენებლობის დასრულებაზე ზრუნვა, სურს შეცვალოს გალეგოს მიერ აგებული ტაძრის დანიშნულება. მისი სურვილია ტაძარიიქცეს ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის მქონე მოწყვლადი ადამიანების დახმარებისა და ინტეგრაციის ცენტრად:„აქ იქნება ცენტრი, სადაც ადამიანები მოვლენ, ილოცებენ და ერთად გაუმკლავდებიან სირთულეებს. ისედაც ბევრი ტაძარია მრევლის გარეშე დარჩენილი“, - განაცხადა როდრიგესმა.
ბერი როდრიგესი ესპანეთში ცნობილია, როგორც ქველმოქმედი, რომელიც საკუთარი რესტორნიდან უსახლკაროებს უსასყიდლო საკვებით უმასპინძლდება.
Catholic.ge
Comments