24 ივლისს, გამთენიას, მსოფლიო ახალგაზრდულ დღეებში მონაწილეობისათვის საქართველოდან პორტუგალიაში 17 ახალგაზრდა გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდები კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ დალოცა და კურთხევისა და მშვიდობის ნიშნად, სიმბოლურად, ზეთისხილის რტოს ფოთლები გააყოლა.
უკვე პორტუგალიაში საქართველოდან ჩასულ მონაწილეებს იტალიაში მყოფი ქართველი კათოლიკე დიაკვანი, კონსტანტინე აკოფაშვილი შეუერთდება.
საქართველოდან ჩასული მონაწილეები პორტუგალიაში 16 დღის განმავლობაში იქნებიან და 10 აგვისტოს დაბრუნდებიან. ვიზიტს ორგანიზება კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრმა გაუწია.
მსოფლიო ახალგაზრდული დღეები 1–6 ივლისს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. მანამდე კი ქართველი მონაწილეები პორტოს ეპარქიაში სხვადასხვა ოჯახებში იცხოვრებენ და იქაურ კულტურას გაეცნობიან.
"მსოფლიო ახალგაზრდული დღე", იგივე WYD, GMG, JMJ, ŚDM, მად და ა.შ (აბრევიატურები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე) ერთგვარი მიმლოცველობაა, სადაც ათასობით და ხშირად მილიონობით ახალგაზრდა იყრის ერთად თავს.
მისი პრინციპი ასეთია: დაახლოებით 3–4 წელიწადში ერთხელ, ახალგაზრდები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან პაპის მიერ წინასწარ დასახელებულ რომელიმე ქვეყანაში. სტანდარტულად ე.წ. მოგზაურობა 12–13 დღეს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში, მიმლოცველები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, გარკვეული, კარგად ორგანიზებული პროგრამით ეცნობიან ქვეყანას, მის კულტურას, ტრადიციებს და ა.შ. გარდა ამისა, მათ თავადაც აქვთ საშუალება პატარა ღონისძიებით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი კულტურა აჩვენონ.
,,მად“–ზე საქართველოდან პირველად 1991 წელს წავიდნენ, შემდეგ კი ეკლესიიდან ოფიციალური გასვლა იყო 1997 წელს, როცა ქართველი ახალგაზრდები პაპს საფრანგეთში შეხვდნენ, მანამდე კი ერთი თვის განმავლობაში ოთხ ქვეყანაში: თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში იმოგზაურეს…
მად–ი 1985 წლიდან, მაშინდელი პაპის, იოანე პავლე II–ეს ინიციატივით დაარსდა.
პირველი მსოფლიო ახალგაზრდული დღე 1986 წელს ჩატარდა, რომში და მას შემდეგ ტარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში: 1987 – ბუენოს აირესი, 1989 – სანტიაგო–დე–კომპოსტელა, 1991 – ჩენსტოხოვა, 1993 – დენვერი, 1995 – მილანი, 1997 – პარიზი, 2000 – რომი, 2002 – ტორონტო, 2005 – კიოლნი, 2008 – სიდნეი, 2011 – მადრიდი, 2013 – რიო–დე–ჟანეირო, 2016 – კრაკოვი, 2019 – პანამა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments