top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები პაპის გარდაცვალებაზე

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები კათოლიკე ეკლესიას სამძიმრის წერილებს უგზავნიან.


22 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის წერილი გამოაქვეყნა საქართელოს საპატრიარქომ.



"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი რომის პაპის გარდაცვალების გამო.

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,
კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს,
კარდინალთა კოლეგიის დუაიენს
დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი და ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა.
გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება; საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი, ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, - მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა.
ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით...

გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მის მიმართ და ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის".

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
თბილისი 22.04.2025

მანამდე კი, პაპის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მწუხარება გამოთქვა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა:

"ალბათ იცით, რომ უდიდესი წვლილი მიუძღვის რომის საყდარს , ქალაქ - სახელმწიფო ვატიკანს ლათინური ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარების საქმეში. 

წმიდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქალბატონი თამარ გრძელიძის თაოსნობითა და ორგანიზებით და რომის პაპის ფრანცისკეს პატრონაჟით, 2018 წლის ნოემბერში, ქალაქ რომში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. 

რომის პაპმა ფრანცისკემ, კონფერენციის მონაწილეებს წმიდა პეტრეს მოედანზე მოგვიწყო საგანგებო გულთბილი მიღება და საჯაროდ მიულოცა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი.

ვუსამძიმრებთ რომის წმიდა საყდარს და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიას, მთავარეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და სამღვდელოებას, რომის ეპისკოპოსისა და პაპის უწმიდესი ფრანცისკეს გარდაცვალებას", – დაწერა მთავარეპისკოპოსმა.

საქართველოში პათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს, ჯუზეპე პაზოტოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა:


"მეუფე ჯუზეპე,
სამძიმარს გიცხადებთ მისი უწმიდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და გულწრფელად თანაგიგრძნობთ.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ ბრწყინვალე აღდგომის სიხარულში ვიმყოფებით, რაც კვლავ შეგვახსენებს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას, და დიდი იმედი და ნუგეშია ჩვენთვის დასტურად იმისა, რომ არც ერთი სიცოცხლე აქ არ მთავრდება, არამედ გრძელდება მარადიულობაში.
მისი უწმიდესობა, პაპი ფრანცისკე იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი, სულიერი ლიდერი. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა რომის წმინდა საყდარს და მთელ თქვენს სამწყსოს.
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!"

პატივისცემით,
 † გრიგოლი
მიტროპოლიტი ფოთისა და ხობისა.

–––––––––––––––––


პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში გარდაიცვალა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 88 წლის იყო.


ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.


გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 20 აპრილს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს ტაძრის აივნიდან აღდგომა მიულოცა. პაპი აივანზე ეტლით გაიყვანეს. ტრადიციული სააღდგომო მიმართვა მის ნაცვლად არქიეპისკოპოსმა დიეგო ჯოვანი რაველიმ წაიკითხა.


არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ტახტიდან გადადგა პაპი ბენედიქტე XVI.


Comments


bottom of page