სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ორი სქელტანიანი წიგნი გამოსცა: „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“ და “ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში“.
ცენტრი წიგნების პრეზენტაციას პერიოდულად სხვადასხვა დაწესებულება–ორგანიზაციაში აწყობს და დამსწრეებს გამოცემებს საჩუქრად გადასცემს.
ერთ–ერთი ასეთი პრეზენტაცია გაიმართა ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირში". აუდიტორიაში იმყოფებოდნენ კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებიც. ადგილობრივებს წიგნები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა და თავად წიგნის მთავარმა რედაქტორმა, ბექა მინდიაშვილმა წარუდგინა.
„წიგნებში აღწერილია ამა თუ იმ რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფების საქართველოში შემოსვლისა და დამკვიდრების ისტორია, ასევე ტრადიციები, წეს–ჩვეულებები, ეთნოლოგიური მონაცემები და ასე შემდეგ. ბევრი ისეთი რამ არის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში აღწერილი, რომელიც ანათესავებს და აკავშირებს სხვადასხვა ჯგუფებს ერთმანეთთან“, – განმარტა მან პრეზენტაციისას.
როგორც წიგნის „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“ წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „გამოცემა უმთავრესად ორ მიზანს ისახავს: ერთის მხრივ წიგნი მკითხველს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას აწვდის საქართველოში არსებული რელიგიებისა და რელიგიური გაერთიანებების თაობაზე. განზოგადებული სახითაა მოწოდებული მონაცემები ამა თუ იმ რელიგიური გაერთინების ისტორიის, მოძღვრების, რელიგიური პრაქტიკის, სოციალური მსახურებისა და საქართველოში მათი წარსულისა და დღევანდელობის შესახებ.
მეორე მხრივ, მიზანია, რომ წიგნმა რელიგიური მრავალფეროვნების უკეთ გაცნობის გზით, ხელი შეუწყოს განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანებსა და ჯგუფებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს დამკვიდრებას, უფრო ფართო აზრით კი, გააღრმაოს და განავითაროს რელიგიური ტოლერანტობის ისტორიული კულტურა, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ქვეყანა“.
წიგნში დაახლოებით 26 გვერდი ეთმობა კათოლიკე ეკლესიას (მათ შორის, სომეხთა კათოლიკე ეკლესიას და ასირიულ–ქალდეური წესის კათოლიკურ მისიას საქართველოში). მიმოხილულია კათოლიკე ეკლესია, მისი მოძღვრება, საეკლესიო წყობა, ღმრთისმსახურება, სოციალური მოძღვრება, კათოლიკე ეკლესიის ისტორია საქართველოში.
„ისტორიულ წყაროთა მიხედვით, ქართველების სარწმუნოებრივი კავშირი რომთან ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებისთანავე მყარდება: ქათველთა განმანათლებელი წმინდა ნინო, მეფე მირიანი და მთელი ქართლის ერი იღებს კურთხევის წერილს რომის პაპისგან, წმ. სილვესტრე I–სგან (314–335), რომელსაც მცხეთაში ვინმე „ბრანჯი“ მთავარდიაკონი ჩამოიტანს“, – წერს ნაშრომის ავტორი, პროფესორი მერაბ ღაღანიძე.
ამავე წიგნში საუბარია საქართველოში არსებულ რელიგიებს და რელიგიურ გაერთიანებებზე: იუდაიზმი, ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა, კათოლიკე ეკლესია, პროტესტანტიზმი, ბაპტისტები, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია, ხსნის არმია, წმინდა სამების ეკლესია, ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, ახალსამოციქულო ეკლესია, კვაკერები – მეგობართა რელიგიური საზოგადოება, ეპისკოპალური ანგლიკანური ეკლესია, ქრისტიანთა თემი – მოძრაობა რელიგიური განახლებისთვის, აღდგენილი სამოციქულო მისიონერული ეკლესია, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესოს ქრისტეს ეკლესია, იეჰოვას მოწმეები, ერთობის მოძრაობა, დუხობორები, მალაკნები), ისლამი, ეზიდიზმი, ჰინდუიზმი/კრიშნას ცნობიერება, ბუდიზმი, სიქჰიზმი, ბაჰაის სარწმუნოება.
წიგნი პირველად 2008 წელს გამოიცა, დაახლოებით 10 წლიანი პერიოდის შემდეგ კი დადგა საჭიროება მისი გადახალისებისა და ხელახლა გამოცემის: „მოძველდა ინფორმაცია, ზოგიერთი რელიგიური თემი კი საერთოდ აღარა არსებობს საქართველოში, ზოგიერთი ახალშემოსულია ამ 10 წლის განმავლობაში, ეს ლანდშაფტი ძალიან გამრავალფეროვნდა, იმიტომ, რომ ჩვენთან ძალიან კარგი, ლიბერალური კანონი მოქმედებს რელიგიური გაერთინებების რეგისტრაციის და ძალიან ბევრი რელიგიური თემი დარეგისტრირდა ამ წლების განმავლობაში... და ასე გავაკეთეთ იგივე სტრუქტურით, განახლებული ვერსია ჩვენი ეთნოსებისა და რელიგიებისა. რელიგიებს დავამატეთ 200 გვერდი, ეთნოსებს – 100 გვერდი“, – აღნიშნავს წიგნის მთავარი რედაქტორი ბექა მინდიაშვილი.
წიგნები მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის PITA ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წიგნები უფასოდ, ტოლერანტობის ცენტრთან შეთანხმებით ვრცელდება.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments